ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 11 იანვარს ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე ორ დაკავებულ პირს, ლაშა და გიორგი გაბაიძეებს 5-5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ლაშა და გიორგი გაბაიძეები ძმები არიან. ისინი 11 იანვარს აქციაზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ისინი მზია ამაღლობლის ახლობლები არიან. აქციაზე მათი მისვლის მომენტში მზია ამაღლობელი უკვე გათავისუფლებული იყო და წასასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც პოლიცია მოულოდნელად ძმების მიმართულებით დაიძრა და ორივე მათგანი დააკავა.
პოლიციის ქცევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ აქციაზე, რომელიც ფაქტობრივად დასაშლელად ემზადებოდა, ჩოჩქოლი, დაპირისპირება და ჭყლეტა გამოიწვია. სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი მეორედ. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა პირველი მუხლით დაიწყო.
ძმების საქმის განხილვა მოსამართლემ ღამის ორის ნახევარზე დაიწყო. მას შეეძლო დაკავებულები დაკავებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ გაეთავისუფლებინა და სასამართლო სხდომა სხვა დროს ჩაენიშნა, თუმცა 11 იანვრის ღამით აქციის მონაწილეების საქმეების განხილვა მოსამართლემ შუაღამისას დაასრულა.
„პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, არ დაემორჩილა პოლიციელის მოთხოვნას, შეეწყვიტა პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება…“- ოქმის ჩანაწერი ამოიკითხა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.
შსს-ს ვერსიით, გიორგი გაბაიძე პოლიციელებს შეურაცხყოფდა, მის დაკავებას კი შეეწინააღმდეგა იქვე მყოფი მისი ძმა – ლაშა გაბაიძე. მასაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
„ისინი აქციაზე დაახლოებით 5 წუთით ადრე იყვნენ მისული… მათ არავისთვის არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა“ – მიმართა მოსამართლეს ირმა აბაშიძემ, საიას იურისტმა, ის სასამართლოში აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავს.
„თუ არსებობს ამის მტკიცებულება, ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მე მქონდა რამე კომუნიკაცია პოლიციელთან, რომელიც პირდაპირ კისერში მომახტა, კი ბატონო, ვაგებ პასუხს. მე არანაირი კომუნიკაცია მანამდე პოლიციელებთან არ მქონია“ – უთხრა მოსამართლეს გიორგი გაბაიძემ.
„თქვენ ხშირად დადიხართ აქციაზე?“- მიუბრუნდა მოსამართლე გიორგი გაბაიძეს.
„დიახ“- თავი დაუკრა მოსამართლეს გიორგი გაბაიძემ. მეორე დაკავებულმა კი მოსამართლეს უთხრა, რომ ის იმ დღეს პირველად მივიდა აქციაზე.
სასამართლოს ჩვენება მისცეს პოლიციელებმა. საინტერესო აღმოჩნდა პოლიციელის, ლადო აფხაზავას ჩვენება, რომელმაც თქვა, რომ ლაშა გაბაიძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს.
„თუ მე გაყენებდით შეურაცხყოფას, მაშინ ჯერ გიორგი რატომ დააკავეთ და არა მე?“- პოლიციელს მიაჩერდა ლაშა გაბაიძე.
პოლიციელი თავიდან დუმილით შეხვდა ამ შეკითხვას, ხოლო პაუზის შემდეგ თქვა: „მაქსიმალურად ვარიდებდით თავს“.
„აქციის მონაწილეები მოვიდნენ პოლიციის შენობასთან… ბატონი გიორგი იყო ძალიან ნასვამი. ჩვენ, პოლიციელები, ვიდექით სამმართველოს შესასვლელთან, ის ჩვენ მიმართ იძახდა რუსეთის პოლიციელები და მონები ხართო, მოვუწოდეთ ამის შეწყვეტა. იქვე მყოფი მანდილოსნები მოუწოდებდნენ, დამშვიდდით, თორემ თქვენც დაგაკავებენო, აგენმა – ვინ უნდა დააკავონ რუსმა პოლიციელებმაო?!“- უთხრა მოსამართლეს კიდევ ერთმა პოლიციელმა.
„მტკიცებულება გაქვთ ამის რამე?“- ამ პოლიციელსაც ჰკითხა გიორგი გაბაიძემ მტკიცებულების წარმოდგენა, რაც ამას დაადასტურებდა.
„მტკიცებულება არის ის, რომ 46 დღე მიდის აქცია და ვინმემ დააკავა ბატონი გიორგი?“- გაცხარდა პოლიციელი.
„არღვევდა რამეს? ის, რომ 46-ე დღეს დააკავეთ, არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩაიდინა სამართალდარღვევა“- პოლიციელს მიმართა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ.
„იმ დღეს მოგვცა საფუძველი და ამიტომ დავაკავეთ“- დაასრულა პოლიციელმა.
„ადგილი არ ჰქონია არანაირ ლანძღვა-გინებას,“- აღნიშნა ადვოკატმა ირმა აბაშიძემ და იმასაც გაუსვა, რომ ნასვამი აქციაზე მისვლა დარღვევა არ არის.
„თქვენ, მოსამართლემ დაარღვიეთ ამ ადამიანების უფლება“- გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლეს უსაყვედურა ადვოკატმა ირმა აბაშიძემ და იმაზე ისაუბრა, რომ დაკავებულებს ადვოკატთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მიეცათ.
11 იანვარს პოლიციამ ბათუმში აქციაზე სულ 12 ადამიანი დააკავა.
ამავე თემაზე:
ბათუმში აქციაზე კითხვის დასმისთვის დაკავებულ ორ პირს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს