სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მიმდინარეობს.
პროტესტი მოჰყვა ტრაგედიას ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, სადაც რკინიგზის სადგურში ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა პირველ ნოემბერს.
ბელგრადში, სლავიის მოედანზე, სტუდენტებმა და ფერმერებმა ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი ორგანიზებული აქცია გამართეს და 15-წუთიანი დუმილის შემდეგ სასტვენებით გაბმული სტვენა დაიწყეს.
პროტესტს შეუერთდნენ სერბეთის თეატრისა და კინოს მსახიობები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. იმის გამო, რომ განათლების სფეროში პროტესტი არ გაფართოებულიყო, სერბეთის მთავრობამ საშობაო არდადეგები დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე გამოაცხადა.
ოპოზიცია გარდამავალი მთავრობის შექმნასა და არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რომელიც ქვეყანას მოამზადებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რადგან ისინი მმართველ პარტიას წარსულში არჩევნების გაყალბებაშიც ადანაშაულებდნენ.
ვუჩიჩის მთავრობამ განაცხადა, რომ საპროტესტო მოძრაობა უცხოური ძალების მიერაა დაფინანსებული. ვუჩიჩის თქმით, არ დაემორჩილება ოპოზიციის მოთხოვნებს გარდამავალი მთავრობის შექმნის შესახებ და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ოპონენტები სტუდენტების გამოყენებაში დაადანაშაულა.
ალექსანდრ ვუჩიჩი ერთ-ერთია იმ პრეზიდენტებს შორის, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.
ნახეთ ევროპის პრესფოტოსააგენტოს ფოტოები აქციიდან.






ამავე თემაზე:
რა კავშირშია სერბეთში დაწყებულ პროტესტთან ანაკლიაში გამარჯვებული ჩინური კომპანია