დღეს, 17 ნოემბერს ინციდენტი მოხდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცვის წევრებსა და გაფიცულ სტუდენტებს შორის.
სტუდენტებს, რომლებიც 14 ნოემბრის შემდეგ ღამეს უნივერსიტეტში ათევენ და ამ ფორმით აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ყველა კარი ჩაუკეტა.
სტუდენტები პირველ კორპუსში შესასვლელი კარის გაღებას ითხოვდნენ, დაცვა ამაზე არ დათანხმდა. ინციდენტი სწორედ ამ დროს მოხდა.
„დილით უნივერსიტეტის მთავარ ჭიშკარს ედო ბოქლომი, ასევე პირველი კორპუსის შემოსასვლელი კარიც იყო დაკეტილი.
მოვითხოვეთ ამ კარის გახსნა. ბავშვებს უნდოდათ შემოსვლა პროტესტისთვის, ვცდილობდით შემოგვეყვანა, მაგრამ დაცვის პოლიციამ არ შემოგვაყვანინა.
ჩვენ მათ ვუთხარით, რომ თუ კარს არ აღებდნენ მაშინ ფანჯრიდან შემოვიყვანდით. გავაკეთეთ ცოცხალი ჯაჭვი, რა დროსაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაგვესხა დაცვა თავს.
ვიდეოში არ ჩანს გარკვევით და ცუდად ტრიალდება კადრი, გოგო რომ მოდის და დაცვა ხელს უქნევს, ეგ მოქნეული ხელი სახეში მოხვდა სტუდენტს. ასევე დღეს დილით დაცვის ისეთი თანამშრომლები შემოუშვეს, რომლებსაც უნივერსიტეტთან საერთოდ კავშირი არ აქვს. მერიიდან მოიყვანეს დაცვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა მათე ცენტერაძემ.
სტუდენტებმა ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გაავრცელეს. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი სტუდენტების მიერ გაკეთებული ჯაჭვის გაწყვეტას. კადრში ასევე ჩანს დაცვის პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირიც. სტუდენტების მტკიცებით ამ დაცვის წევრის მიერ „აქნეული ხელი სტუდენტ გოგოს მოხვდა“. თუმცა უშუალოდ ეს მომენტი, გავრცელებულ ვიდეო კადრებში არ ჩანს.
სტუდენტებმა და მათთან ერთად მყოფმა მხარდამჭერებმა კონფლიქტის განმუხტვა თავადვე მოახერხეს და ინციდენტში მონაწილე დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსი დატოვეს.
სტუდენტური პროტესტი გრძელდება.
სტუდენტები ითხოვენ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გახსნას პირველი კორპუსის შესასვლელი კარი და ყველა სტუდენტს მიეცეს საშუალება პროტესტს შეუერთდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აპირებენ უნივერსიტეტში შესასვლელად მისადგმელი კიბე და ფანჯრები გამოიყენონ.
“თუ არ გააღებენ კარს, ფანჯრებზე კიბეს მივადგამთ და ისე შემოვლენ ბავშვები უნივერსიტეტში,” – უთხრა “ბათუმელებს” მათე ცენტერაძემ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. დავინტერესდით, ნამდვილად უნივერსიტეტის დაცვის წევრები იყვნენ თუ არა 17 ნოემბრის დილის კონფლიქტში მონაწილე პირები.
„უნივერსიტეტს ხელშეკრულების საფუძველზე იცავს სახელმწიფო დაცვის პოლიცია, შებასამისად პირი აღნიშნული სამსახურის თანამშრომელია, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა ფანჯრიდან არ შემოსულიყვნენ უნივერსიტეტის შიდა სივრცეში,“ – განუმარტეს „ბათუმელებს“ ბსუ-ს ადმინისტრაციაში.
რაც შეეხება ცენტრალური შესასვლელის კარის გაღებას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ის ხვალამდე არ გაიღება და სტუდენტებს შეუძლიათ რუსთაველის ქუჩის მხრიდან არსებული შესასვლელით ისარგებლონ.
„სტუდენტები გაფრთხილებულები იყვნენ კვირა დღეს ნინოშვილის მხრიდან კარის დაკეტვის თაობაზე. შემოსასვლელი ღიაა რუსთაველის მხრიდან. ცენტრალური შემოსასვლელი გაიღება ხვალ 8:00 საათიდან 8:30-საათამდე. 9:00 საათზე იწყება სასწავლო პროცესი,“ – განმარტეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში.