მთავარი,სიახლეები

გიორგი ანწუხელიძის ცოლი რუსულ კანონზე: „ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას“

17.04.2024
გიორგი ანწუხელიძის ცოლი რუსულ კანონზე: „ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას“

„ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობას, რადგან სწორედ მათი დახმარებით დადგა ჩვენი ქვეყანა ფეხზე, რამდენიმე ომისა და უამრავი ზეწოლის შემდეგ, 1989 წლიდან მოყოლებული,“ – წერს ფეისბუქგვერდზე საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე.

დღეს, 17 აპრილს, პარლამენტმა პირველი მოსმენით რუსული კანონი მიიღო. საღამოს 7 საათზე საპროტესტო აქცია იმართება თბილისსა და ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ერთ-ერთი შეტაკებისას ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. წამებისა და დაკითხვის შემდეგ იგი ცხინვალის მე-5 სკოლასთან ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო გიორგი ანწუხელიძე.

„საუკუნეებია ქართველები ევროპისკენ ისწრაფვიან. ათწლეულებია თაობები, საჯარო, თუ სამოქალაქო პირები შრომობენ დაუღალავად, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კონკრეტული პროცედურები გაიარონ.

ამ ბრძოლას უსისხლოდ არ ჩაუვლია. სწორედ ამ მიზანს და თავისუფლებისთვის ბრძოლას, შვილების კარგ მომავალს შეეწირნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ამ ყველაფერმა უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ მიზანს. ევროპული გზა სწორედ ეს გზაა.

მოგმართავთ ხელისუფლებას თხოვნით, რომ ყველაფერი, რაც ამ გზაზე დაბრკოლებას ქმნის, საზოგადოების ერთიანობისთვის საზიანოა, გვერდზე გადადოთ, გადადოთ საბოლოოდ.

თავისუფლების გზაზე სწორედ ევროპა და დასავლეთი ამოგვიდგა მხარში. სახელმწიფოებრივი მიზნის გატარება შესაძლებელია მეგობართა წყენისა და ახალგაზრდების გაუცხოვების გარეშეც.
გთხოვთ, გამოიჩინეთ გონიერება და ნუ ჩავყრით წყალში თაობების შრომას, მათ შორის თქვენს შრომას ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე.

უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გვაჩვენებთ ახალგაზრდებისკენ მიმართულ აგრესიას ნურავის მხრიდან, მით უმეტეს ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ისინი ჩვენი შვილები არიან, ნუ უგულვებელყოფთ მათ თხოვნას. ვემსახურებით საქართველოს,“ – წერს მაკა ჩიკვილაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: