მთავარი,სიახლეები

ხულოს მუფთი რუსულ კანონზე: „შეუძლებელია ამ კანონის მიღება“

12.04.2024 • 5068
ხულოს მუფთი რუსულ კანონზე: „შეუძლებელია ამ კანონის მიღება“

„ერთი ფანჯრიდან ხედვა არ შეიძლება. ეს იყო კომუნისტური სივრცე: დაინგრა, დაიმსხვრა და ღმერთით აღარ აღსდგება“, – რუსული კანონის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს ხულოს მუნიციპალიტეტის მუფთი, ასლან აბაშიძე. ამ თემაზე საუბრის დროს, პირველ რიგში, იგი ყურადღებას კრიტიკული მედიის მნიშვნელობაზე ამახვილებს.

„ყოველთვის უნდა იყოს ჯანსაღი აზრი, კრიტიკული მედია. ჩვენ თუ ვიღაც არ გვეყოლება, ვინც მიგვითითებს, არ გამოვა. ასაკიანი ვარ, მაგრამ მაგალითებს ხშირად სხვისგან ვსწავლობ. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ახლა საჭიროა მუშაობა, რომ ეს მოვიდეს სისრულეში და დაკმაყოფილდეს კრიტერიუმები,“ – უთხრა ხულოს მუფთმა, ასლან აბაშიძემ „ბათუმელებს“.

მუსლიმი სასულიერო პირის დაკვირვებით, საქართველო მზადაა, ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. „ევროპა კი არ სჭირდება საქართველოს, ეს აუცილებელია,“ – კატეგორიულად გვპასუხობს იგი და თავის არგუმენტს გვიზიარებს.

„რუსეთში სხვა მოცემულობაა. არა მგონია, ეს საქართველოში გატარდეს,“ – გვიყვება ასლან აბაშიძე. – „ჩვენ სხვა დამოკიდებულება გვაქვს ევროპულ ოჯახთან. ზოგჯერ ჩვენს საზოგადოებას ეუბნებიან, რომ მოკლედ რომ ვთქვა, თითქოს ევროპაში გარყვნილებაა, მაგრამ ასე არ არის.

ევროპა არის კულტურა, ევროპაში არის ცივილიზაცია, იქ არის მეტი თავისუფლება. მე მყავს ნაცნობები, სხვადასხვა რელიგიური მოღვაწეები გერმანიაში, საფრანგეთში და ვიცი, რომ ევროპაში ყველაფერი არის თავის ადგილზე.

გასულ წელსაც იყო ამ საკითხზე საზოგადოების მუხტი, რის მერეც შეიცვალა ხელისუფლების დამოკიდებულება. ახლაც ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ის, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი.

ეს მოთხოვნა საზოგადოებაში იყო 100 წლის წინაც, მერე იყო სოციალიზმი, მაგრამ 9 აპრილის მოვლენებიდანაც ხედვა საზოგადოების ასეთია.

შეუძლებელია ამ კანონის მიღება. გონიერება ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ წარსულში ვერ დავბრუნდებით… ჩვენ თავისუფლების მომხრე ვართ.

ევროპა არეგულირებს ადამიანის თავისუფლების საკითხს. ჩვენც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ეს მნიშვნელოვანია რელიგიური თვალსაზრისითაც. მე ვიცი ევროპის ბევრი ქვეყანა, იქ იმ საკითხებს, რაც ჩვენ გვაწუხებს ადიგენია ეს თუ სხვა, თავისუფლად და ლამაზად ასრულებენ.

მაგ წნეხში კიდევ ვერ გვამყოფებენ. 20 % ოკუპირებულია, კიდევ მათზე [რუსეთზე] დამოკიდებულებას მე ვერ ვეთანხმები,“ – მიიჩნევს ხულოს მუფთი, ასლან აბაშიძე.

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

______

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა  

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: