მთავარი

ტერაქტი და ანკარაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები

26.03.2016
ტერაქტი და ანკარაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები

ზაზა მეკეიძე

21 წლის ვარ და ანკარაში ვსწავლობ. ისე როგორც ყველა სტუდენტი, აქამდე მეც სასწავლო კონფერენციებში ვმონაწილეობდი, ასევე საერთაშორისო გამოფენებში, რომელსაც, მაგალითად, ასეთი მიზანი ჰქონდა – „უცხოელი სტუდენტებისა და მათი ტრადიციების გაცნობა“. ამ გამოფენაზე 70 ქვეყანას შორის ერთი კუთხე ჩვენთვისაც იყო გამოყოფილი, სადაც ეროვნული სამოსი, კერძები და ნივთები გვქონდა გამოფენილი. ანკარაში დაახლოებით 50 ქართველი სტუდენტი ვართ.

თითქოს მსგავს გარემოში უნდა გაგვეგრძელებინა კიდეც სწავლა, მაგრამ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა – ანკარა ბოლო დროს ტერაქტების ეპიცენტრად იქცა. ბოლო 5 თვეა თურქეთის დედაქალაქი, ანკარის მოსახლეობა და ყველა ის უცხოელი, ვინც სწავლობს ან მუშაობს ამ ქალაქში, საშინლად დათრგუნულია. ბოლო 5 თვის განმავლობაში სამი ტერორისტული აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრში, სადაც დაიღუპა დაახლოებით 160 და დაშავდა 480 უდანაშაულო ადამიანი. გარდაცვლილთა შორის არის ირანელი სტუდენტიც.

ეს ტერაქტი მწარედ შემეხო მეც – 2016 წლის 13 მარტს მომხდარ აფეთქებას ჩემი უნივერსიტეტელი მეგობარი, 19 წლის ელიფ გიზემ აქქაია ემსხვერპლა. ელიფი კომპიუტერული ინჟინერიის პირველი კურსის მოსწავლე და საერთაშორისო ელექტრონული ინჟინერიის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. ეს ნამდვილი ტრაგედიაა და დაღუპულთა ოჯახებს თანავუგრძნობ.

ანკარაში ცხოვრების ტემპი განსაკუთრებით ბოლო ტერაქტის შემდეგ ძალიან შეიცვალა: პოლიციელები მეტალოდეტექტორებით ქალაქის ქუჩებში ამოწმებენ ადამიანებს. აგზავნიან გამაფრთხილებელ ტექსტურ შეტყობინებებს მობილურებზე თავდასხმის მოლოდინის შემთხვევაში. ასევე მეტროს, სახელმწიფო ავტობუსებისა და სამარშუტო ტაქსების გამშვებ პუნქტებში არის ჩამონტაჟებული მეტალოდეტექტორები.

ჩვენი, ქართველი სტუდენტების მშობლები ძალიან განიცდიან იმას, რაც ანკარაში ხდება. გვაფრთხილებენ, რაც შეიძლება ნაკლები დრო გავატაროთ ქუჩებში და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. მინდა ყველა ჩვენგანის მშობელს ვაცნობო, რომ საერთო საცხოვრებლები და უნივერსიტეტები მკაცრი კონტროლის რეჟიმშია და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ. საქართველოს საელჩო უყურადღებოდ არ გვტოვებს – მასთან მუდმივი კავშირი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ფეისბუქის გვერდი და საელჩოს ცხელი ხაზი, რის მეშვეობითაც ანკარაში მყოფი ქართველები ვამყარებთ კომუნიკაციას საქართველოს საელჩოსთან. ამ ყველფრისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს და ელჩს, ბატონ ირაკლი კოპლატაძეს.

ანკარაში მყოფი ქართველი სტუდენტების ცხოვრება მხოლოდ სწავლით არ შემოიფარგლება, ყველა მეტ-ნაკლებად ვცდილობთ წარმოვაჩინოთ საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ ანკარა ტერორისტების სამიზნედ იქცა, ჩვენ მაინც ვიკრიბებით – კიდევ ერთი გამოფენის ჩატარებას ვგემავთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი წარმატებისა და საქართველოს პოპულარიზაციისთვის.

მახსოვს, როცა მსგავს გამოფენაში 2013 წელს პირველად მივიღე მონაწილეობა საქართველოს სახელით, 70 ქვეყნიდან საქართველოს არსებობის შესახებ მხოლოდ თურქებმა, უზბეკებმა, ავღანელმა და რუსმა სტუდენტებმა იცოდნენ. ზოგი საქართველოს დროშას ცნობდა, მაგრამ მისი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. ზოგიერთსაც ამერიკის შტატი GEORGIA ეგონა… ახლა სრულიად სხვა ვითარებაა.

2015 წელში დაახლოებით 20 ქართული ღონისძიება და გამოფენა ჩავატარეთ საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ახალგაზრდა ელჩის – თეონა ვარშალომიძის ხელმძღვანელობით. ასევე გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელი კურსები ქალაქ ინეგოლში, სადაც 30-მდე თურქმა შეძლო ქართული წერა-კითხვის შესწავლა. 2016 წლის დასაწყისში ანკარაშიც გაიხსნა ქართული ენის კურსები, გაკვეთილებს სტუდენტი ლიკა ჩერქეზიშვილი ატარებს. 2016 წლის მარტიდან დაინიშნა საქართველოს ახალი ელჩი სოფიო წკრიალაშვილი. ჩვენ მასთან ერთად ვაპირებთ ახალი პროექტების განხორციელებას.

ასე, რომ ჩემი და ჩემი მეგობრები არ ვაპირებთ ტერორიზმის შიშით გაჩერებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: