ჩვეულებრივი კრიმინალი თუ პოლიტიკური შეკვეთა

გუშინწინ, დაახლოებით საღამოს რვა საათზე, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ტელევიზიის გვერდით საზარელი მკვლელობა მოხდა. მოკლეს აჭარის შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ ინაიშვილი. მკვლელმა, სავარაუდოდ, ახლო მანძილიდან ისროლა მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტიდან. ერთჯერადი გასროლა საბედისწერო აღმოჩნდა…

როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, თემურ ინაიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ბათუმში გავრცელებული ინფორმაციით არსებობენ ამ შემზარავი ფაქტის თვითმხილველებიც, თუმცა ძალოვნები დღემდე მხოლოდ ვერსიებს ამუშავებენ.

„რამდენიმე ვერსია არსებობს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება“ – განაცხადა მკვლელობიდან მეორე დღეს ქალაქის პოლიციის შეფმა ჯუმბერ ტაკიძემ. პოლიცია კატეგორიულად გამორიცხავს მკვლელობის პოლიტიკურ მოტივს.

ვერსიები თემურ ინაიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვაა – პოლიტიკური მოტივი, ძველი ბიზნესი, ვალები, გვარებს შორის (ინაიშვილები-ხაჯიშვილები) დაპირისპირება, ე.წ. ვენდეტა, თუმცა აქცენტი მაინც ამ უკანასკნელზე კეთდებოდა.

მკვლელობის დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში თემურ ინაიშვილის ახლობლებმა ჟურნალისტებს კატეგორიულად აუკრძალეს იქ არსებული სიტუაციის დაფიქსირება: „ეს პოლიტიკასთან არანაირად არ არის კავშირში, ეს ჩვენი გვარის გადასაწყვეტია“ – აცხადებდნენ დაღუპულის ახლობლები.

თუმცა, მოგვიანებით იგივე ახლობლები, უკვე მკვლელობის პოლიტიკურ მოტივებზეც საუბრობენ და მომხდარში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

აღსანიშნავია, რომ ხაჯიშვილებსა და ინაიშვილებს შორის დაღვრილია სისხლი, ორივე გვარიდან მოკლულია თითო ადამიანი.  სხვათა შორის, თემურ ინაიშვილის მოკვლა საკუთარ სახლში  რამდენიმე წლის წინათაც სცადეს.  მაშინ მას დედა გადაეფარა, რომელიც დაიღუპა.

მოკლულის ძმა რუსლან ინაიშვილი მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს: „როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს ქალაქის ცენტრში კლავენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ეს შეკვეთილი მკვლელობაა. შეკვეთილია აჭარის ხელისუფლების მიერ. მას არ მოსწონდა, ძალიან განიცდიდა იმ მდგომარეობას, რაც არის ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში. და საერთოდ, ის, მთელი ჩვენი ოჯახი, იყო მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ წევრი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი.

მას პირადი მტრები არ ჰყავდა. არავითარ გვაროვნულ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის. არ მჯერა, რომ საქმეს ნორმალურად გამოიძიებენ, თავად ვიპოვი ქილერსაც და დამკვეთსაც.

თემურ ინაიშვილის მეუღლე მანანა კუხიაშვილიც ანალოგიური შეხედულებისაა:

„არავითარი გვაროვნული და კლანური დაპირისპირება აქ არ არის, რომელსაც ახლა ამუშავებენ. თემური ყველამ იცის – აქაც, თბილისშიც და მოსკოვშიც. ის თემურ ინაიშვილი, რომელზეც საუბრობენ, არის სხვა. როცა ქალაქის ცენტრში კლავენ კაცს და ამას ვერავინ ხედავს, მით უმეტეს ქუჩაში, რომელიც მანამდე გადაკეტილი იყო, რა უნდა იფიქრო. ეს აჭარის ხელისუფლების შეკვეთილი მკვლელობაა“.

19 იანვარს ბათუმის საქალაქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თეიმურაზ ინაიშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წთ-ზე აბაშიძის გამზირის #36-ში დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა აჭარის შსს სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის თავმჯდომარეს პოლიციის პოლკოვნიკს თემურ ინაიშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ჯერჯერობით დამნაშავე პირი დადგენილი არ არის. ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დადგენისა და დაკავებისათვის. შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი პროკურატურაში და მიმდინარეობს გამოძიება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

„სხვადასხვა ვერსია შემუშავებულია, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ, თუმცა პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია“ – აცხადებს ბათუმის პროკურორი როინ აბულაძე.

აჭარის შს მინისტრის ჯემალ გოგიტიძის თქმით, „რადგან ოჯახი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობაა, საქმე ყველა მხრივ იქნება გამოძიებული. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, – მათ შორის პოლიტიკურზეც. გამომძიებლები თბილისიდანაც ჩამოვიდნენ. ვფიქრობ, ერთობლივად ობიექტური გამოძიება ჩატარდება“.

აჭარის პროკურორი რესან კონცელიძე მიესალმება საქართველოს პროკურატურიდან სპეციალისტების ჩამოსვლას და აღნიშნავს, რომ საქმის გამოძიება წარიმართება კოორდინირებულად, განხილული იქნება ყველა ვერსია, რათა ამ მკვლელობის ირგვლივ დაუდგენელი არაფერი დარჩეს.

 

„ერთიანობის დარბაზი“ – საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად

ბათუმში „ერთიანობის დარბაზის“ სახელწოდებით მალე კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდება. მართალია, ანალოგიური სახელწოდების მოძრაობა თბილისში უკვე არსებობს, მაგრამ ეს ორგანიზაცია მის დაქვემდებარებაში ამ ეტაპზე არ არის, მომავალში კი შასაძლოა შევიდეს. „ერთიანობის დარბაზის“ მთავარი მიზანი იქნება აჭარაში დემოკრატიული გარდაქმნებისათვის საზოგადოებრივი აზრის მომზადება, პოლიტიკური პროცესების მშვიდობიანად წარმართვა და ადგილობრივი ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლაში აქტიური მონაწილეობა. საინიციატივო ჯგუფში იოსებ ხიმშიაშვილი, რამაზ სურმანიძე, ბიჭიკო დიასამიძე,  რამაზ ფარტენაძე, მიხეილ მახარაძე, ზურაბ ქათამაძე, ელგუჯა მაკარაძე და სხვები არიან. საინტერესოა, რომ საინიციატივო ჯგუფში სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ წევრებიც ფიქსირდებიან.

„ერთიანობის დარბაზის“ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, იოსებ ხიმშიაშვილის განცხადებით „ჩვენი აჭარას“ ძირითადი ბირთვი თბილისშია. აქ მისი მუშაობა, ფაქტიურად იქიდან იმართება, რაც სირთულეებს ქმნის. მასში არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. „ჩვენ გადავწყვიტეთ ორგანიზაცია მეცნიერების, ხელოვნების, ინტელიგენციისა და საზოგადოების ფართო წარმომადგენლობით დავაკომპლექტოთ“.

ეს ორგანიზაცია არ იქნება „ჩვენი აჭარას“ ალტერნატივა. „არც ერთ მოძრაობას არ ვუპირისპირდებით. ჩვენი მიზანი ყველა ორგანიზაციის გაერთიანებაა“, – აცხადებს იოსებ ხიმშიაშვილი და თავს არიდებს იმ საკითხზე ლაპარაკს, თუ რა არ აკმაყოფილებთ სხვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოძრაობებში. „მათ უნდათ ხელისუფლების შეცვლა და ამ მოთხოვნის საფუძველი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ძალიან ზოგადი მოწოდებებია. ამიტომაც, საჭიროდ ჩავთვალეთ, ისეთი საზოგადოებრივი მოძრაობა შეგვექმნა, რომლითაც ხალხთან უფრო ახლოს მივიდოდით და სიმართლეს ვეტყოდით“.

მართალია, „ერთიანობის დარბაზი“ პოლიტიკური მოძრაობა არ იქნება, მაგრამ გამორიცხული არაა, მისი წარმომადგენლები რომელიმე პარტიაში გაწევრიანდნენ. „თუკი გაგვიჩნდა ამბიცია, შეიძლება ამა თუ იმ პარტიაში შევიდეთ კიდეც“, – აცხადებს ხიმშიაშვილი.

„ერთიანობის დარბაზის“ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აჭარის ხელისუფლების შეცვლას გარდაუვლად მიიჩნევენ. თავად იოსებ ხიმშიაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელია, იგი დღესაც ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის თავმჯდომარეა. მისი თქმით, როდესაც საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყო, აჭარაში კვლავ გრძელდება რეგიონის ერთპიროვნული მართვა, თავისუფალი სიტყვის დევნა და ცენტრის წინააღმდეგ მოსახლეობის განწყობის დამუშავება. აჭარის ხელისუფლება ძველებურად აგრძელებს ულტიმატუმის ენაზე საუბარს და მოვლენებს არ აძლევს რეალურ შეფასებებს. „აქედან გამომდინარე გვრჩება შთაბეჭდილება, რომ აჭარის უმაღლესი ხელისუფალი მის გარემოცვას ინფორმაციულ ვაკუუმში ჰყავს. დასაგმობია საკადრო პოლიტიკა. აჭარის ხელისუფლება დღესაც ვერ აკეთებს დასკვნებს. ასლან აბაშიძემ რეაგირება უნდა მოახდინოს ე.წ. შავფორმიანებზე. ყველასთვის ცხადია, რომ მათ უკან რომელიმე მინისტრი, ან მაღალი თანამდებობის პირი დგას. თეთრი ბილეთის მქონე ადამიანი ხელმძღვანელობს შეიარაღებულ ჯგუფს. ასეთი ხალხი წარმოადგენს დღეს „აღორძინების“ სახეს. ისინი უნდა ჩამოშორდნენ ხელისუფლებას, სწორედ, ამის გამო გამიჩნდა პოლიტიკური ამბიციები“.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანობის დარბაზი“-ს პრეზენტაცია უახლოესი მომავლისთვის იგეგმება.

 

 

ეყოლება თუ არა აჭარას „პრეზიდენტი“

სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარა“-ს  წარმომადგენლები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ სიტუაციას კრიზისულს უწოდებენ და მეთაურის პოსტის გაუქმებას ითხოვენ.

ნუგზარ მგელაძე: – ხელისუფლების გარკვეულ წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან პოლიტიკურ ორგანიზაცია „აღორძინებაში“, აღარ ძალუძთ მართონ ის პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში არსებობს. უნდა ჩატარდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სახელისუფლო არჩევნები. ჩვენ მზადა ვართ დავაკომპლექტოთ და გავაკონტროლოთ ეს არჩევნები, რათა აჭარის მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ გამოხატოს თავიანთი თავისუფალი ნება.

მოძრაობა ითხოვს მრავალპარტიული სისტემის აღდგენას: „ჩვენი ამოცანაა, რომ აღვადგინოთ დარღვეული მრავალპარტიული სისტემა. აბაშიძის მმართველობა – ეს არის საოჯახო მართვის განსაზღვრული ფორმა, რომელიც უნდა აიკრძალოს და საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს მიეცეთ შესაძლებლობა, მიიტანონ თავიანთი გულისტკივილი ხელისუფლებასთან. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიან სახელმწიფო სივრცეში, წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ყოველგვარ უსამართლობას. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა აღვკვეთოთ ქურდები, კორუმპირებული ადამიანები და ყაჩაღები, რომლებიც დათარეშობენ ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანაში“.

თამაზ ფუტკარაძე: – ოპონენტები ყოველდღე გაჰკივიან, თითქოს ჩვენთან არის დემოკრატია. რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როცა უწყინარ განცხადებასაც კი სატელეფონო მუქარა მოსდევს. უნდათ დაგვაჯერონ, თითქოს ჩვენთან ცხოვრების მაღალი დონეა. რა ცხოვრების დონეზეა საუბარი, აჭარის ბარის ზონაში მიწის საჰექტარო გადასახადი არენდაზე 400-800 ლარამდეა, როცა საქართველოს სხვა კუთხეში სადღაც 30-35 ლარია. ბათუმში 2-3 ოთახიანი ბინის გაფორმება 700-800 დოლარი ჯდება, როცა საქართველოს ნებისმიერ ქალაქში მსგავსი რამ 150-200 ლარი ღირს.

„ჩვენი აჭარა“ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ახალ ფორმას გვთავაზობს: „პრეზიდენტი აჭარას არ უნდა ჰყავდეს. აჭარას უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი – აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე – დღეისათვის ყველაზე მისაღები ფორმაა. ჩვენ შევიტანთ სარჩელს, რათა გაუქმდეს ეს პოსტი, რადგანაც იგი ერთი ადამიანის მიერ ხელოვნურადაა შექმნილი“.

 

როგორ ხვდებიან „ტაკიძის კამერაში“

ბათუმის ქუჩებში, საგანგებო მდგომარეობის დროს, პოლიციელთა რაოდენობამ იმატა. როგორც ამბობენ, ნებისმიერი საგზაო წესის დარღვევა, ხშირად, კამერაში წაყვანით სრულდება.

ხალხს რომ უჭირს გასაგებია, მაგრამ ეტყობა მათი გაჭირვება პოლიციის „გაჭირვებასთან“ მოსატანიც არაა. მართალია, მაინცა და მაინც ერთ ტაფაზე იწვისო არ ითქმის, თუმცა, სამართალდამცავებს რომ დღეს რაღაცა მაგრად „ეწვით“, ესეც ფაქტია. მოსახლეობაში კი ცნობილი „ტელმანი“ და მისი „ფილიალები“, უკვე, ერთიანად „ტაკიძის კამერად“ გადანათლულა, მაგრამ რად გინდა,  –  „თვითმხილველების“ თქმით, იქ მოხვედრის გზები და იქ არსებული პირობები იგივე დარჩენილა…

გაჭირვებული ხალხი თავიანთი ვალის გადაუხდელობასაც „საწყალ“ პოლიციელებს აბრალებენ და ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე ლამის პროცენტების გადახდაც მოსთხოვონ.

დიდ და საქვეყნო საქმეებს კი, ბუნებრივია, დიდი თუ პატარა კურიოზებიც ახლავს თან.

ასეთი „კურიოზები“ ბათუმის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არც პოლიციელებს აკლიათ თურმე და არც იმ ადამიანებს, ვისაც პოლიცია აკავებს. „გაზეთი ბათუმელები“ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის თვითმხილველია. საგზაო პოლიციელებმა გააჩერეს „BBB-936“ ნომრის მქონე ავტომანქანა. პოლიციელთა სიმრავლე ეტყობა ავტომანქანების გაჩერების მიზეზთა სიმრავლესაც უწყობს ხელს. ასეთ შემთხვევაში, რაც უფრო მეტია  არგუმენტი, მით უფრო „დაცულია“ პოლიცია. კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი პოლიციელი მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაზე საუბრობს, მეორე საგზაო წესების დარღვევაზე – დაუმორჩილებლობაზე, მესამენი კი ამტკიცებენ, რომ ნომერი არ აქვს. სინამდვილეში მანქანას უკან არ ჰქონდა ნომერი.

სანამ კამერაში წაიყვანდნენ, „გაზეთი ბათუმელები“ შეეცადა მძღოლს ამირან ხინკილაძეს, გასაუბრებოდა, მაგრამ „დატყვევებულმა“ მხოლოდ ორიოდე სიტყვის თქმა „სულ ტყუილად გამაჩერესო…“, მოასწრო. პოლიციელებმა სიტყვა არ დაასრულებინეს და ძალით ჩასვეს საგზაო პოლიციის მანქანაში.

პოლიციელი, რომელმაც ამირან ხინკილაძის კუთვნილი ავტომანქანა წაიყვანა, მძღოლის აყვანის მიზეზად ნომრის უქონლობას ასახელებს, ხოლო, შეკითხვაზე თუ რატომ არ აჩერებს მის წინ მოძრავ უნომრო მანქანას, გვიპასუხა, რომ „ახლა საჭესთან ვზივარ და როგორ გავაჩეროო“.

ზემონახსენებ ფაქტს მეყვავილეები და იქვე მყოფი პურის მოვაჭრეები გამოეხმაურნენ. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ პოლიციის პირველ განყოფილებაში უკანონოდ რამდენჯერმე ისინიც წაუყვანიათ.

ნესტანი (გვარს არ ასახელებს): – „4 წლის ავადმყოფი ბავშვი დავტოვე ოჯახში და სავაჭროდ გამოვედი, რათა ორი კაპიკი გამეკეთებინა. რატომ ყიდი პურსო, ამის გამო შემაგდეს ტაკიძის კამერაში. მერე მოვიდა დათო დავითაძე, ძალიან დიდი შეურაცხყოფა მომაყენა, მინა გატეხა და მითხრა, ამით თავს მოგჭრიო“…

ვეფხია ბერიძე: – „მაშხალებზე ვვაჭრობდი, ხუთმა პოლიციელმა ძალით შემაგდო მანქანაში. იმიტომ ვვაჭრობ, რომ სათვალის ფული  მაქვს გადასახდელი. ვუთხარი, ნუ მქაჩავთ, ჩემი ფეხით წამოვალ-მეთქი, მაგრამ არ ესმოდათ. ნასესხები ფულით ნაყიდი ბომბები ჩამომართვეს“.

„ბომბებჩამორთმეული“ ხალხი კი „რევოლუციაზე“ მაინც ფიქრობს და პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს: „ამფერების გამო არის, რომ ბაბუი ვერ დარჩება მის თანამდებობაზე“.  

,,ჟიული შარტავას“ პრეზენტაცია

საქართველოს საოკეანო-სანაოსნო კომპანიის დაკვეთით სამხრეთ კორეაში აშენებული ტანკერის პრეზენტაცია სამშაბათს, სასტუმრო ,,შერატონ-მეტეხი პალასში“ გაიმართა.

ტანკერის წყალწყვა 35 ათასი ტონაა.

გემს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომრის ჟიული შარტავას სახელი ეწოდა, რომელიც 1993 წელს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.

ტანკერი „ჟიული შარტავა“ პირველი გემია, რომელიც საკუთარი სახსრებით აშენდა.

სამხრეთ კორეამ საქართველოსგან კიდევ ერთი დაკვეთა მიიღო მორიგი ტანკერის აშენებასთან დაკავშირებით.

 

 

აჭარა საკუთარ დაზვერვას ქმნის

ახლახანს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა აჭარის დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

კანონპროექტის ავტორმა ზურაბ დევაძემ დეპარტამენტის დაარსება შემდეგი მოტივით ახსნა: „ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სიტუაცია იძაბება, მოქმედებენ სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც ეცდებიან დესტაბილიზაცია შეიტანონ როგორც მთლიანად საქართველოში, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აღნიშნული სტრუქტურა არის სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტს. მაგრამ გამომდინარე იმ სიტუაციებიდან, რა მოვლენებიც ვითარდება დღეს საქართველოში, მოსალოდნელია საფრთხე შეექმნას საქართველოს მთლიან მოსახლეობას, მის სასიცოცხლო ინტერესებს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ და ეკოლოგიურ სფეროებში. აქედან გამომდინარე, აჭარის არ კონსტიტუციის მეორე მუხლის შესაბამისად მიღებული იქნას გადაწყვეტილება და შეიქმნას აღნიშნული სტრუქტურა, – დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი“.

კანონპროექტს აჭარის პარლამენტმა ტრადიციულად, ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.

ბათუმში ეკლესია გაქურდეს

 

14 იანვარს ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ღამის თევის ლოცვის შემდეგ ტაძარი გაქურდეს. მძარცველმა წაიღო ბარძიმი, საზიარებელი კოვზი, საუკუნის ვერცხლის მედალიონი წმიდა ბარბარეს გამოსახულებით და მრევლის მიერ შემოწირული თანხა. თანხის რაოდენობა დადგენილი არ არის.

საქმეს იძიებს ქალაქის პოლიციის სამმართველო, სადაც აცხადებენ, რომ სამძებრო განყოფილებას აქვს გარკვეული ვერსიები, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. მიმდინარეობს ამ ვერსიების გადამოწმება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

Exit mobile version