"ბათუმელების“ არქივიდან

ჩვეულებრივი კრიმინალი თუ პოლიტიკური შეკვეთა

21.01.2004 • 3307
ჩვეულებრივი კრიმინალი თუ პოლიტიკური შეკვეთა

გუშინწინ, დაახლოებით საღამოს რვა საათზე, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ტელევიზიის გვერდით საზარელი მკვლელობა მოხდა. მოკლეს აჭარის შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე თემურ ინაიშვილი. მკვლელმა, სავარაუდოდ, ახლო მანძილიდან ისროლა მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტიდან. ერთჯერადი გასროლა საბედისწერო აღმოჩნდა…

როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, თემურ ინაიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ბათუმში გავრცელებული ინფორმაციით არსებობენ ამ შემზარავი ფაქტის თვითმხილველებიც, თუმცა ძალოვნები დღემდე მხოლოდ ვერსიებს ამუშავებენ.

„რამდენიმე ვერსია არსებობს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება“ – განაცხადა მკვლელობიდან მეორე დღეს ქალაქის პოლიციის შეფმა ჯუმბერ ტაკიძემ. პოლიცია კატეგორიულად გამორიცხავს მკვლელობის პოლიტიკურ მოტივს.

ვერსიები თემურ ინაიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვაა – პოლიტიკური მოტივი, ძველი ბიზნესი, ვალები, გვარებს შორის (ინაიშვილები-ხაჯიშვილები) დაპირისპირება, ე.წ. ვენდეტა, თუმცა აქცენტი მაინც ამ უკანასკნელზე კეთდებოდა.

მკვლელობის დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში თემურ ინაიშვილის ახლობლებმა ჟურნალისტებს კატეგორიულად აუკრძალეს იქ არსებული სიტუაციის დაფიქსირება: „ეს პოლიტიკასთან არანაირად არ არის კავშირში, ეს ჩვენი გვარის გადასაწყვეტია“ – აცხადებდნენ დაღუპულის ახლობლები.

თუმცა, მოგვიანებით იგივე ახლობლები, უკვე მკვლელობის პოლიტიკურ მოტივებზეც საუბრობენ და მომხდარში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

აღსანიშნავია, რომ ხაჯიშვილებსა და ინაიშვილებს შორის დაღვრილია სისხლი, ორივე გვარიდან მოკლულია თითო ადამიანი.  სხვათა შორის, თემურ ინაიშვილის მოკვლა საკუთარ სახლში  რამდენიმე წლის წინათაც სცადეს.  მაშინ მას დედა გადაეფარა, რომელიც დაიღუპა.

მოკლულის ძმა რუსლან ინაიშვილი მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს: „როდესაც საგანგებო მდგომარეობის დროს ქალაქის ცენტრში კლავენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ეს შეკვეთილი მკვლელობაა. შეკვეთილია აჭარის ხელისუფლების მიერ. მას არ მოსწონდა, ძალიან განიცდიდა იმ მდგომარეობას, რაც არის ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროში. და საერთოდ, ის, მთელი ჩვენი ოჯახი, იყო მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ წევრი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი.

მას პირადი მტრები არ ჰყავდა. არავითარ გვაროვნულ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის. არ მჯერა, რომ საქმეს ნორმალურად გამოიძიებენ, თავად ვიპოვი ქილერსაც და დამკვეთსაც.

თემურ ინაიშვილის მეუღლე მანანა კუხიაშვილიც ანალოგიური შეხედულებისაა:

„არავითარი გვაროვნული და კლანური დაპირისპირება აქ არ არის, რომელსაც ახლა ამუშავებენ. თემური ყველამ იცის – აქაც, თბილისშიც და მოსკოვშიც. ის თემურ ინაიშვილი, რომელზეც საუბრობენ, არის სხვა. როცა ქალაქის ცენტრში კლავენ კაცს და ამას ვერავინ ხედავს, მით უმეტეს ქუჩაში, რომელიც მანამდე გადაკეტილი იყო, რა უნდა იფიქრო. ეს აჭარის ხელისუფლების შეკვეთილი მკვლელობაა“.

19 იანვარს ბათუმის საქალაქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თეიმურაზ ინაიშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 19 იანვარს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წთ-ზე აბაშიძის გამზირის #36-ში დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა აჭარის შსს სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის თავმჯდომარეს პოლიციის პოლკოვნიკს თემურ ინაიშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ჯერჯერობით დამნაშავე პირი დადგენილი არ არის. ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დადგენისა და დაკავებისათვის. შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი პროკურატურაში და მიმდინარეობს გამოძიება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

„სხვადასხვა ვერსია შემუშავებულია, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ, თუმცა პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია“ – აცხადებს ბათუმის პროკურორი როინ აბულაძე.

აჭარის შს მინისტრის ჯემალ გოგიტიძის თქმით, „რადგან ოჯახი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობაა, საქმე ყველა მხრივ იქნება გამოძიებული. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, – მათ შორის პოლიტიკურზეც. გამომძიებლები თბილისიდანაც ჩამოვიდნენ. ვფიქრობ, ერთობლივად ობიექტური გამოძიება ჩატარდება“.

აჭარის პროკურორი რესან კონცელიძე მიესალმება საქართველოს პროკურატურიდან სპეციალისტების ჩამოსვლას და აღნიშნავს, რომ საქმის გამოძიება წარიმართება კოორდინირებულად, განხილული იქნება ყველა ვერსია, რათა ამ მკვლელობის ირგვლივ დაუდგენელი არაფერი დარჩეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: