ზაზა სარალიძის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს: წამით შეძელით და ჩემს ადგილზე დადექით

ზაზა სარალიძე, 2017 წელს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და მასთან პირისპირ შეხვედრას მოითხოვს ადვოკატებისა და მედიის თანდასწრებით. ზაზა სარალიძე წერს, რომ იმის ნაცვლად, რომ მკვლელები დააკავონ, ხელისუფლებამ მისი განადგურება გადაწყვიტა.

“ბათუმელები” ზაზა სალარის წერილს, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა, უცვლელად გთავაზობთ.

“ბატონო ბიძინა

მოგმართავთ ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს მოკლული 16 წლის მოზარდის დავით სარალიძის მამა-ზაზა სარალიძე, რომელის ცხოვრებაც 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე დასრულდა.

ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა პოლიტიკასთან დაკავშირებული, ვცხოვრობდით მშვიდად, ჩემი ცხოვრება არ გავდა თქვენსას, ჯანმრთელობის გამო მომიწია სამსახურისთვის თავი დამენებებინა, უარი ვთქვი იმ მუნდირის ტარებაზე, რომელსაც დღემდე დიდ პატივს ვცემ. ვცხოვრობდით მშვიდი, ჩვენი ცხოვრებით, დათოსთვის მე ვიყავი მამაც და მეგობარიც ყოველთვის ვადევნებდი თვალს მის სწავლას, ქცევას. ჩემი შვილი ჩემთვის საამაყო იყო. არასოდეს არც ერთ პედაგოგს ჩემთვის არ უთქვამს დათოზე მნიშვნელოვანი საყვედური, მამა ვარ და ყოველთვის მის გვერდით ვიყავი, ისეთ ასაკში იყო მეშინოდა, რის გამოც მის სოციალურ ქსელში მიმოწერასაც ვადევნებდი თვალს, რომ რაიმე არ გამომპარვოდა.

მაგრამ, 1 დეკემბერმა წერტილი დაუსვა ყველაფერს და ეხლა ჩემი მომავლის იმედი, ცხოვრება და მთელი ქვეყნიერება გლდანის სასაფლაოზეა. ვერ გაუწია წინააღმდეგობა სიკვდილსდა თან წაიღო მთელი ოჯახის სიცოცხლეც. ბოლო ჩვენი შეხვედრა რეანიმაციაში შედგა. მე ვლაპარაკობდი ის კი სულს ებრძოდა. მე ვანუგეშებდი და ვამხნევებდი, მაგრამ მას არ ესმოდა. ვიცოდი რომ ვერ გადარჩებოდა მაგრამ იმედს არ ვკარგავდი. დაგვტოვა მაინც. მის სხეულს ყოველღამე ვეფერებოდი და ვეუბნებოდი, რომ ყველას გავანადგურებდი ვინც მასზე დანა აღმართა.

თქვენ კი გამოდიხართ და ბრძანებთ, რომ „ყველამ ხომ ვიცით რომ ზაზა ნაციონალების კოორდინატორიაო“, ეს სიტყვები ჩემთვის შეურაცხმყოფელია, ნუთუ თქვენ იმხელა პასუხისმგებლობასა და თანაგრძნობასაც არ გრძნობთ 16 წლის მოკლული ბავშვის მიმართ, რომ ცილისწამებას არ მიმართოთ. დიახ ცილისწამებას, რადგან არასოდეს არც ერთი პარტიის კოორდინატორი არ ვყოფილვარ. ადგილს უნახავსო ნაციონალურ მოძრაობას, ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც ამხელა გამოცდილება აქვს აქციების გამართვის, ადგილის დაკავებაში დასჭირდათ ჩემი დახმარება. სასაცილოა სხვა თუ არაფერი.

რამდენჯერ ვუთხარიო…. როდის? ვისი მეშვეობით? მე და თქვენ ხომ არასოდეს შევხვედრილვართ, არც გაგჩენიათ სურვილი ჩემთვის მოგესმინათ ისე აკეთებთ ჩემზე კომენტარებს. თუნდაც წამით შეძელით და ჩემს ადგილზე დადექით, შემომხედეთ თვალებში და გულწრფელად მითხარით რას იზამდით იგივე თქვენ რომ გადაგეტანათ, მშვიდად დაელოდებოდით სასამართლოს, რომელიც გეცოდინებოდათ, რომ ვერაფერს შეცვლიდა? სააპელაციო სასამართლოს ხომ კანონით მიხედვით უფლება არ აქვს გასცდეს მხარეების მოთხოვნას, მით უფრო ბრალდებას ვერ წარუდგენს ვერავის. მე კი როგორც დაზარალებული, მხარე არ ვარ პროცესზე. სასამართლოზე პროკურატურა წარმადგენს, ესეც სასაცილოა, პროკურატურა წარმადგენს რომელიც საქმეს აყალბებს და არ ვენდობი. გამოძიებას არც კი ახსენებთ, თუმცა ალბათ არც აქვს მნიშვნელობა, ეს ყველაფერი გამოძიებად წოდებული ხომ ფორმალურად მიმდინარეობს. რამდენი თვე გავიდა და დღემდე მიმდინარეობს, თუმცა არც მე დამკავშირებია ვინმე და არც საზოგადოებას სმენია რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

თქვენ უზნეობა გგონიათ გირგვლიანის საქმისა და ხორავას ქუჩის საქმის შედარება. გირგვლიანი თანამდებობის პირებმა მოკლეს სადისტურად, ჩემი შვილი კი თანამდებობის პირების შვილებმა უმოწყალოდ დაჩეხეს 12 ჭრილობით. ღვიძლი დაზიანებული, არტერია გადაჭრილი, ფილტვი დაზიანებული და დაჩეხილი. სასიცოცხლო ნიშნები აღარ არსებობდა. შემდეგ კი ორივე საქმის მიმართ სახელმწიფოს მანქანა ამუშავდა, დაფარვისა და გაყალბების ბინძური მეთოდებით. ამ ყველაფერს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობამაც ახადა ფარდა. ნახა საზოგადოებამ რა სამარცხვინო სამართალდამცავი გამომძიებლები და პროკურორები გვყავს. საკუთარი ფუნქციები ვერ გაურკვევიათ. კიდევ კარგი სახელები და გვარები ახსოვდათ. მაგარმ თქვენმა ხელისუფლებამ აქაც ივაჟკაცა და სრულიად არარაობა დადგენილება მიაღებინა პარლამენტს.

თუ ჩემი შვილის მკვლელობა ვერ უთანაბრდება გირგვლიანის საქმეს, რას იტყვით თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე? რომელიც სახელმწიფომ საწოლში ჩაცხრილა და გაურბიხართ თქვენც და თქვენი თანაგუნდელებიც პასუხი გასცეთ შვილმოკლულ მამას.

ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ 1 დეკემბრიდან ამოქმედდა სახელმწიფოს ბინძური მანქანა, რის გამოც დღეს მე დაზარალებული შვილმოკლული მამა ბრალდებული ვარ. ბრალდებული პოლიციაზე თავდასხმაში, ირონიაა, არავინ კითხულობს რამ მიმიყვანა იმ კადრებამდე რაც მთელმა საქართველომ ნახა.

იმის მაგივრად, რომ მკვლელები პასუხისგებაში მისცენ, პირიქით აქეთ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩემი განადგურება. მკვლელებს აღმოაჩნდა მაღალი თანამდებობის პირები დამცველებად და მათ პასუხისგებაში მიცემას ურჩევნიათ ჩემზე მოიტანონ იერიში. ათასგვარ სიბინძურეს თხზავენ ჩემზე, უნდათ რომ ფსიქოლოგიურად გამანადგურონ. ცდილობენ ხალხს შეაზიზღონ ჩემი თავი და ამით მკვლელებზე იერიშს ანეიტრალებენ.

ის კი არ გახსოვთ, რომ ერთხელ უკვე მოვკვდი და მხოლოდ იმიტომ ვარ ამ ქვეყნად, რომ მკვლელები დავსაჯო, პირობა დავდე და რაც არ უნდა დამიჯდეს შევასრულებ.

პოლიტიკოსად მომნათლეთ თქვენ და თქვენმა ხელისუფლებამ და ათასგვარ სიბინძურეში მძირავთ, მაგრამ გავიწყდებათ, რომ ჩემი პოლიტიკა ჩემი ოჯახი იყო და სიბინძურეში მკვდარი აღარ იძირება. თქვენვის ძნელია იმის წარმოდგენა, რომ რაიმე ამ ქვეყნად არ იყიდება, დიახ, ღარიბი ხალხის ღირსება არ იყიდება.

ჩვენ ხომ საქართველოს უბრალო შვილები ვართ და თქვენ მთავრობის ელიტარული წარმომადგენლები.
ბატონო ბიძინა, მოგმართავთ ღია წერილით და ვითხოვ იმის განმარტებას, რატომ მიმართავთ ჩემ წინააღმდეგ ცილისწამებას, ასევე წარმომიდგინეთ მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს ნაციონალურ მოძრაობაში ჩემს კოორდინატორობას.

ასევე მოვითხოვ თქვენთან პირისპირ შეხვედრას, ადვოკატისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით. რადგან საქმე დაძაბულ ჭრილში გადავიდა, ჩემზე ასეთი ბინძური პიარ კამპანია მიმდინარეობს და საზოგადოების დიდ ინტერესსაც იწვევს. შეხვედრაზე მე მზად ვარ მოგაწოდოთ ყველა კითხვაზე დეტალური განმარტება და იგივეს მოვითხოვ თქვენგან, დამისაბუთეთ თქვენს მიერვე გაჟღერებული ფაქტები.”

„ამომრჩეველი არის ნაწყენი“ – ჭეიშვილი მეორე ტურში „ოცნების“ გეგმებზე ბათუმში

რა სტრატეგიით მუშაობს „ქართული ოცნება“ ამჯერად? რა მეთოდებით აპირებს მმართველი პოლიტიკური ძალა ამომრჩევლის გულის მოგებას? – ეს კითხვები აჭარაში იმ შტაბების უფროსებს დავუსვით, სადაც „ოცნებამ“ არჩევნები წააგო.

ბათუმის შტაბში გვითხრეს, რომ, ჯერჯერობით, შეცდომებს აანალიზებენ და „მოსახლეობასთან არის გასარკვევი, რატომ დაიდო ეს შედეგი“. ხელვაჩაურში ლიდერების პათოსს კომუნიკაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად არ იზიარებენ და თვლიან, რომ ამ საკითხზე ჟურნალისტებს არაფერი არ უნდა უთხრან. ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ კი ჩვენთან საუბრისთვის ვერ მოიცალა. ის ისევ „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსად რჩება ქობულეთში.

ბათუმის შტაბის უფროსი ისევ ლაშა კომახიძეა, თუმცა მისი მოადგილე უმაღლესი საბჭოს წევრი – ირაკლი ჭეიშვილი გახდა, ფაქტობრივად, მან ჩაიბარა შტაბის საქმიანობა. „ეს თავად ლაშას ინიციატივა იყო,“ – ირწმუნება ირაკლი ჭეიშვილი.

შტაბის ახალი ხელმძღვანელი ციფრს გვისახელებს – 7 ათასი ამომრჩეველი. „დაახლოებით ამდენი ხმით წავაგეთ ჩვენ არჩევნები ბათუმში. ეს არის გამოსასწორებელი“, – ამბობს ის.

რის გამოსწორებას აპირებს კონკრეტულად „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურამდე?

„არჩევნების შემდეგ კეთდება ანალიზი, სად იყო ხარვეზი, იყო თუ არა შტაბის მუშაობაში ხარვეზი… რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, რაზეც არის ამომრჩეველი ნაწყენი, ამაზე ჩვენ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია ხალხთან. ამომრჩეველი არის ნაწყენი და ეს იყო ამომრჩევლის გზავნილი ჩვენთვის. ანალიზს თავად ჩვენ ვაკეთებთ. არ სჭირდება ამას ანალიტიკოსი, მე ხომ ვიცი, რა აწუხებს და რა არა მოსახლეობას. მადლიერი რომ იყოს ხალხი, არჩევნებს არ წააგებ“, – გვითხრა ირაკლი ჭეიშვილმა.

რატომ წააგო არჩევნები „ოცნებამ“, თუკი ხელისუფლებამ კარგად იცოდა ხალხის წუხილი? – „ჩვენ მოდუნებული ვიყავით. არ ველოდით აშკარად ასეთ შედეგს, თავად „ნაციონალური მოძრაობაც“ არ ელოდა. უფრო მეტი მობილიზება შეიძლებოდა და ჩვენ ამას შევძლებთ… რაღაც გამოგვეპარა ჩვენ“, – აღნიშნავს ირაკლი ჭეიშვილი.

„ქართული ოცნების“ რამდენიმე მხარდამჭერმა დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ გუშინ ბათუმში „ოცნებასთან შერიგების საღამო“ მოეწყო, სადაც „ოცნებაზე“ განაწყენებული ადამიანები მივიდნენ და მეორე ტურის სამზადისი დაგეგმეს. ირაკლი ჭეიშვილი ასეთ საღამოს მოწყობას უარყოფს, თუმცა ადასტურებს იმას, რომ „ოცნებაში“ პარტიისგან განაწყენებულებიც დაბრუნდნენ. ირაკლი ჭეიშვილი ირწმუნება, რომ მმართველი პარტია რომელიმე მათგანისგან მხარდაჭერას სამსახურის მიღების სანაცვლოდ არ ჰპირდება.

„იყო ზოგიერთი პარტიაზე განაწყენებული, ზოგს კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდა და ვერ შესრულდა. ამ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ჩვენს შტაბში. ისინი მზად არიან გვერდით დაუდგნენ „ქართულ ოცნებას“…. ჯერ ერთი, ისინი დასაქმებულები არიან, უბრალოდ, მობილიზებული არ იყვნენ და ახლა მზად არიან ამ მხარდაჭერისთვის. არიან ისეთებიც, ვისაც ახლა სამსახური არ აქვთ, მაგრამ იმ პირობით არ მოსულა ვინმე, რომ შემდეგ სამსახურს მიიღებს. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა,“ – გვითხრა ირაკლი ჭეიშვილმა.

კონკრეტული აქტივობებიდან ირაკლი ჭეიშვილი ძირითადად მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებს ასახელებს. იგი მიიჩნევს, რომ ეს მეთოდი და მოსახლეობასთან კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზებზე საუბარი გაამართლებს. ირაკლი ჭეიშვილის თქმით, მეორე ტურისთვის პარტია კოორდინატორების რაოდენობის გაზრდას არ აპირებს.

„დაწვრილებით ხომ არ გინდათ მოგიყვეთ ყველაფერი?“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს, როცა მას წინასაარჩევნოდ სტრატეგიის შეცვლაზე ვკითხეთ.

„ვმუშაობთ და ეგ არის, როცა გვექნება კონკრეტული აქტივობა, დაინახავთ. ნებადართული მეთოდებით ვმუშაობთ, მეტი რა გითხრათ? არცერთი შტაბის უფროსი თქვენ ახლა დეტალებს არ მოგიყვებათ,“ – გვითხრა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

 

სოცაგენტის ხელფასი თვეში 100 ლარია, დირექტორის კი 5116 – სოციალური უსამართლობა სოცსააგენტოში

მომავალი წლიდან 16-წლამდე ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, 50-ლარამდე დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, 2 ნოემბერს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. პრემიერი და ხელისუფლება ჯერ არ საუბრობს სოციალურ მუშაკებზე, რომლებმაც, პირველ რიგში, უნდა იზრუნონ ამ ბავშვების დაცვაზე. სოციალური აგენტის ხელფასი თვეში ისევ 100 ლარია, სოციალური მუშაკის – 800 ლარი, სააგენტოს დირექტორის კი – 5 116 ლარი.

სახელმწიფოში სოციალურ დაცვაზე პასუხისმგებელი უშუალო ორგანო სოციალური მომსახურების სააგენტოა, თუმცა თუკი ამ უწყების ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურებას გაეცნობით, ნახავთ, რომ სოციალური უსამართლობა აქედან იწყება.

80 ლარი ხელფასი – რატომ ტოვებენ სოციალური აგენტები ხულოში სამსახურს“ – ეს სტატია „ბათუმელებმა“ 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია ვაკანსიებზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს განყოფილებაში. მიზეზი მარტივია: დაბალი ანაზღაურების გამო სოციალურ აგენტად მუშაობა არ სურთ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ აგენტის ხელფასი სტანდარტულია ქვეყანაში და ის 100 ლარს შეადგენს. ამას ემატება 6 ლარი თითო შევსებული დეკლარაციისთვის. სოციალური აგენტებს თვეში დაახლოებით 400-500 ლარი გამოსდით შრომის ანაზღაურება.

მიზერული გასამრჯელოს გარდა, სოციალურ აგენტებს, რომლებსაც ყოველდღიურად სოფლიდან სოფელში უწევთ გადაადგილება, ტრანსპორტი არ ემსახურება. მათ არც მგზავრობის ხარჯს უნაზღაურებს ვინმე. შესაბამისად, საკუთარი შემოსავლების დიდი წილს გადაადგილებაში ხარჯავენ.

სოციალური აგენტები ოჯახების სოციალურ მდგომარეობას აფასებენ სპეციალურად შერჩეული კითხვარების მეშვეობით. სააგენტოს ასევე ჰყავს სოციალური მუშაკები, რომლებიც, ძირითადად, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, ასევე ბავშვებთან მუშაობენ. ამ განყოფილების თანამშრომლებს თბილისში 850 ლარს უხდიან, რეგიონებში – 800 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ უფროსი სოციალური მუშაკის ანაზღაურებაა განსხვავებული და იგი 1 000 ლარია.

სოციალური მუშაკების მძიმე სამუშაო პირობებზეც წერდა „ბათუმელები“, თუმცა მათთვის ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. სტატიაში „ზრუნვა ცარიელი ხელებით“ ჩანს, რომ თითოეული სოციალური მუშაკის ხელში ბათუმში დაახლოებით 60 საქმეა. სოციალური მუშაკი შეიძლება გვიან ღამით დარჩეს საგამოძიებო ორგანოში მისასვლელი, როცა სოციალურად დაუცველ არასრულწლოვანს კითხავენ. ტრანსპორტი არც სოციალურ მუშაკს ემსახურება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების შესახებ „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია ზაფხულში გამოითხოვა. მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დირექტორების მოადგილეებს თენგიზ აბაზაძესა და თამაზ მოდებაძეს 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ ივლისამდე ჯამში 57 600 [თვე – 3200] ლარი აქვთ აღებული.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის კიდევ ერთი მოადგილის – კობა სონღულაშვილის შრომის ანაზღაურებამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 50 406 ლარი შეადგინა.

თამაზ მოდებაძე

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობას კი თამაზ მოდებაძე ასრულებს, რომელიც მანამდე დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. თამაზ მოდებაძის მიერ შევსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, მან 2017 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჯამში 61 400 ლარი აიღო [თვე 5116 ლარი].

„ბათუმელებისთვის“ სააგენტოდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, თამაზ მოდებაძის საშუალო თვიური ანაზღაურება 3 200 ლარი გამოდის, დეკლარაციის მიხედვით კი – 5 116. ამ სხვაობის შესახებ განმარტება სააგენტოში ვითხოვეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ორშაბათამდე პასუხს ვერ მივიღეთ.

სააგენტოს ასევე ვთხოვეთ კომენტარი სხვაობაზე, რომელიც რიგით სოციალურ მუშაკებს აქვთ მათ უფროსებთან შედარებით – ამ კუთხითაც სააგენტო კომენტარს ორშაბათისთვის დაგვპირდა.

საჯარო ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურებაზეც გამოვითხოვეთ. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ ივლისამდე სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა თემურ ქარცივაძემ 29 636 ლარი მიიღო [თვე 1646 ლარი]. თემურ ქარცივაძეს სამი მოადგილე ჰყავს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში შაქრო ჯაფარიძეს და ზაირა მელაძეს ერთნაირად მიუღიათ ანაზღაურება – თითოეულს 21 600 ლარი, რუსუდან ბოლქვაძეს კი – 21 405 ლარი.

„ეს აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებისთვის სოციალური დაცვა არ არის პრიორიტეტი“, – მიიჩნევს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე. ის რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როცა სოციალურ მუშაკებს დაემუქრნენ, ან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მათ აქვთ ძალიან მძიმე სამუშაო გარემო. ჩვენ გვინახავს კიდეც ფაქტები, როცა მათ დასკვნის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაემუქრნენ…. იგივეა სოციალურ აგენტზე, რომელიც სიღარიბის კუთხით ავსებს დეკლარაციას. თუკი მოქალაქე გაასაჩივრებს, სოციალური აგენტს მოეთხოვება პასუხი. პასუხი ყველა შემთხვევაში მოეთხოვებათ დაბალი რანგის თანამშრომლებს და არა ხელმძღვანელობას, რომლებსაც 10-ჯერ და 15-ჯერ უფრო მაღალი შრომის ანაზღაურება აქვთ. ჩემი აზრით, სოციალური მუშაკის სტატუსი გათანაბრებული უნდა იყოს საჯარო მოხელის სტატუსთან,“ – გვითხრა ირაკლი კუპრაძემ.

როგორ ზიანდება სოციალური დაცვის პროცესი, როცა უსამართლობის განცდა თავად სოცმუშაკს აქვს? – ირაკლი კუპრაძის დაკვირვებით, სოციალური სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირებს უხდიან მაღალ ხელფასს, რადგან მათ პოლიტიკური დავალების შესრულება უწევთ, დაბალი რგოლი კი არავის ანაღვლებს.

„ყველა ვხედავთ, რომ არჩევნების წინ სოციალურად დაუცველების კატეგორია იმატებს, არჩევნების შემდეგ იკლებს… სოციალური აგენტი მიზერულ ანაზღაურებას იღებს, მაგრამ ხშირად ისიც იძულებულია კონკრეტულ პრობლემებზე დახუჭოს თვალი. ამ დაბალი ანაზღაურების გამოა შემდეგ ბევრი პრობლემა, რაც სოციალური დაცვის საკითხებს უკავშირდება. დაბალი შემოსავლების გამო სოციალური აგენტობა კვალიფიციურ კადრებს ნაკლებად სურთ. მათ, სამწუხაროდ, სხვა ალტერნატივა არ აქვთ, თორემ ადამიანს ამ პირობებში შეუძლებელია 100-ლარიანი სამუშაო მოუნდეს,“ – გვითხრა ირაკლი კუპრაძემ.

 

 

უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ფარგლებში

დღეს, 2 ნოემბერს, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ორგანიზებითა და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დახმარებით, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ბენეფიციარ ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ.

სამედიცინო აქციაში 16-მა ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. ბენეფიციარები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევისა და ექიმის კონსულტაციისა, დანიშნულ მედიკამენტებსა და სათვალესაც უფასოდ მიიღებენ, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეიძენს.

ლეილა ვაჩეიშვილი  ერთ-ერთი ბენეფიციარია, რომელმაც დღევანდელ სამედიცინო აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი შვილი ყოფილი პატიმარი იყო, რომელიც მძიმე ავადმყოფობის შედეგად დაიღუპა: „12 წლის წინ გავიკეთე თვალზე ოპერაცია. შემდეგ მოსასვლელი ვიყავი კონსულტაციაზე, მაგრამ ფული არ მქონდა. მერე შვილი მყავდა ცუდად და ვეღარ მოვახერხე. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ აქციით. მითხრეს, ოპერაცია არ გჭირდება, წვეთები და სათვალე უნდა იყიდოო. მართალია, ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილია, მაგრამ როცა რაღაც პრობლემაზე შევაწუხე „დემოკრატიის ინსტიტუტი“, უყურადღებოდ არასდროს დავუტოვებივარ. მუდმივად ვგრძნობ თანამშრომლების ყურადღებას“.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ბენეფიციარ ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ბენეფიციარ ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ

„პროექტის ფარგლებში ხშირად იმართება სამედიცინო აქციები, მიმართულებებს კი ბენეფიციარების საჭიროებების მიხედვით ვირჩევთ. ისინი ჩვენთან მოდიან, სოციალური მუშაკები ატარებენ პირველად გამოკითხვას და სპეციალურად შექმნილ კითხვარში ინიშნავენ, თუ რა სამედიცინო საჭიროება აქვს თითოეულს. ამის მიხედვით ვაგროვებთ ბენეფიციარებს, მივმართავთ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც გვეხმარება, რომ ჩვენმა ბენეფიციარებმა უფასოდ ჩაიტარონ სამედიცინო გამოკვლევები“- ამბობს ნინო ხაჩიძე, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი.

პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, „თანაზიარი“ და ფონდი „აფხაზინტერკონტი“.

ყოფილი პატიმრებისთვის მსგავსი სამედიცინო აქცია ხორციელდება გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთშიც. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვერ უჭერს მხარს პროექტს, თუმცა, კერძო კლინიკებთან მოლაპარაკების გზით სამედიცინო საჭიროების მნიშვნელოვანი წილი ფინანსდება პროგრამით.

პროგრამა ყოფილი პატიმრებისა და პატიმართა ოჯახის წევრების რესოციალიზაციას, დასაქმებას, განათლებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს. სამიზნე რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს სამედიცინო და იურიდიული სერვისით სარგებლობაც შეუძლიათ პროგრამის ფარგლებში.

აჭარაში რესოციალიზაციის პროგრამის აქტიური მხარდამჭერია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომლის მხარდაჭერითაც უფასო სამედიცინო აქცია ყოფილი პატიმრებისთვის გასულ წელსაც ჩატარდა.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მეთიუ ბრაიზა ბათუმზე, სააკაშვილსა და რუსულ ოკუპაციაზე

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მეხუთე პანელზე შავი ზღვის გეოპოლიტიკური პერსპექტივები მიმოიხილეს. დისკუსიას მოდერატორობას „ჯეიმსთაუნის ფონდის“ წარმომადგენელი მეთიუ ბრაიზა უწევდა. დისკუსიის დაწყებამდე ბრაიზამ მცირე შესავალი სიტყვა წარმოთქვა ბათუმზე, აგვისტოს ომსა და შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

„პირველად 19 წლის წინ ჩამოვედი ბათუმში ქალთან, რომელიც შემდეგ ჩემი ცოლი გახდა. ბათუმი იმ დროსთან შედარებით დღეს სხვა ქალაქია, ევროპული, დიდი ქალაქი. ჩემი მეუღლე აღფრთოვანებულია და აცხადებს, რომ ეს არის აბსოლუტურად სხვა ქვეყანა. ათი წლის წინ ყოფილი პრეზიდენტი ზუსტად ამაზე ლაპარაკობდა, იმაზე, თუ როგორი უნდა გვენახა ბათუმი.

ზოგი ირონიულად იღიმებოდა, ზოგი ამბობდა, რომ ადამიანი ჭკუიდან გადაცდა, პრეზიდენტი. იმ პერიოდში, როცა ყოფილი პრეზიდენტი მომავალი ბათუმის ხედვას აცხადებდა, ჩვენი პოზიცია ვაშინგტონში განსხვავებული იყო იმასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა ვლაპარაკობ.

ვაშინგტონში დიდი წინააღმდეგობა იყო იმასთან დაკავშირებით, ეღიარებინათ რუსეთის დამოკიდებულება ამ რეგიონისადმი. ჩვენ ვფიქრობდით, რომ რუსეთი იცვლებოდა, შეიცვალა. ჩვენნაირი გახდა, ევროპულ ღირებულებებზე ფოკუსირებული ქვეყანა. და ამ ფონზე, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შავი ზღვა, როგორც დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც შეაერთებს შავი ზღვის ქვეყნებს სხვადასხვა პროექტის ჩარჩოებში.

მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთადერთი, რაზეც რუსეთი შეიძლება დაგვთანხმებოდა, იყო შავი ზღვის გარემოს დაცვის პროგრამები. სხვას არაფერს ეთანხმებოდა. რუმინეთის მხარე ცდილობდა გამოვეფხიზლებინეთ. ცდილობდნენ დაენახებინათ, რომ პრობლემები არსებობდა და სხვადასხვა პროექტი ერთად, რუსეთის მონაწილეობის გარეშე უნდა განგვეხორციელებინა. ჩვენ ვაშინგტონში არ ვუსმენდით მათ. სპეციალური პროგრამა დავისახეთ, თუ როგორ შეგვეცვლევინებინა რუსეთისთვის პოზიცია, რათა საქართველოს წინააღმდეგ არ წასულიყო.

როდესაც დასავლეთის ალიანსმა გადაწყვიტა კოსოვოს აღიარება, რაღაც პერიოდში მე ვუთხარი ჩემს ხელმძღვანელს – შეუძლებელია! კოსოვოში თუ ამას გავაკეთებთ, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გაილაშქრებს.

რუსეთი და პუტინი ანალოგიურ გეგმას  წერდა, რათა გაემართლებინა სამხედრო ინტერვენცია საქართველოში. ჩვენ არ გვინდოდა ამის ნახვა. რუსეთი შემოიჭრა. ეს არ იყო კონფლიქტი, ეს იყო შეჭრა და ოკუპაცია. რუსეთმა ორჯერ გააკეთა ეს იმიტომ, რომ ჩვენი პასუხი არ იყო სტრატეგიული. პრეზიდენტმა პუტინმა მიიჩნია, რომ მის გზაზე ბარიერები დაბალია და შემდეგ იგივე გააკეთა უკრაინაში. ჩვენ გვაქვს ახლა შანსი. გამოვფხიზლდით. ვიცით, უკვე რას აკეთებს რუსეთი. ვიცით, რომ საჭიროა სამხედრო ფლოტის გაძლიერება.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ სტრატეგიული ხაზი და სტრატეგიული პუნქტი ამ ჭრილში არის თურქეთი.

შეიძლება თურქეთი ძალიან აპროტესტებს გიულენის საკითხს, გადატრიალების მცდელობა იყო. ღმერთმა დაიფარა, რომ გადარჩა. გაგვიხარდა, რომ გადატრიალება ვერ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ  გვქონდა განსხვავებული აზრები ერდოღანთან, თურქეთი აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს. რუსეთი ცდილობს გამყოფი ხაზი გაავლოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხისთვის. არა იმიტომ, რომ გახლავთ ძალიან დიდი სანაპიროს მქონე ქვეყანა შავ ზღვაზე, არამედ რუსეთი ცდილობს მის გამოყენებას არა მხოლოდ შავ ზღვაზე, არამედ სხვაგანაც“.

 

„ქართულ-აფხაზური ოჯახების საღამო“ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

6 ნოემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება „ქართულ-აფხაზური ოჯახების საღამო“. ასევე წარმოდგენილი იქნება თეატრალიზებული წარმოდგენა – „აფხაზეთო, მე უშენოდ მზეც ობოლი მგონია“.

საღამოზე ასევე წარმოდგენილი იქნება აფხაზი და ქართველი მხატვრების ნამუშევრების და წიგნების გამოფენა. საღამო დაგეგმილია ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალისა“ და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ.

საღამო გაიმართება 18:00 საათზე.

დასწრება მოსაწვევებით.

ბათუმის თემატიკის ნახატების ალბომის შექმნაზე 20 000 ლარი დაიხარჯება

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბათუმის თემატიკაზე შექმნილი ნახატების წიგნი-ალბომის შექმნაზე 20 000 ლარს დახარჯავს. კონკურსი წიგნი-ალბომის შექმნის თაობაზე უკვე გამოცხადდა.

კატალოგში შევა აჭარის რეგიონში მოღვაწე არანაკლებ 50 მხატვრის სხვადასხვა ჟანრში შექმნილი ნამუშევრები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 21 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინონ წიგნი-ალბომის ელექტრონული მაკეტი, რომელიც წარმოაჩენს ავტორის ჩანაფიქრს, წიგნის წყობას და კონცეფციას. კონკურსში გამარჯვებული პროექტი 20 000 ლარით დაფინანსდება.

 

როგორც საკონკურსო პირობებში წერია, წიგნი ქართულ და ინგლისურენოვანი იქნება. იგი 200 გვერდისგან შესდგება.

დარჩება თუ არა ბათუმს მწვანე ზონა – საკრებულოს მრჩეველთა საბჭო მერიისგან პასუხს ითხოვს

„იქნებ ჩვენც გვინდა, რომ შემოვიდეს შენიშვნები, რატომ ფიქრობთ, რომ ვმალავთ რაღაცას?“ – ამ კითხვით ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მირიან მეტრეველმა საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს, კონკრეტულად კი, საბჭოს წევრს, ნინო ინაიშვილს მიმართა. მანამდე ნინო ინაიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ბათუმის მერიამ, საკრებულოსთან ერთად, მწვანე კონცხზე სამშენებლოდ გამიზნულ მიწის ფართობს ისე შეუცვალა ზონის სტატუსი, რომ დაინტერესებულმა მხარემ ამის შესახებ არაფერი იცოდა, შესაბამისად, ვერც ამ თემის განხილვაში ჩაერთო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მერიაში ამტკიცებენ, რომ პროექტის საჯაროობის მიზნით კანონმდებლობის მოთხოვნა დააკმაყოფილეს და მასალები მერიის ვებგვერდზე ატვირთეს, ასევე გამოაქვეყნეს გაზეთ „აჭარაში“.

როგორც „სამოქალაქო საბჭოში“, ასევე ორგანიზაცია „ბათომში“, რომლებიც ქალაქმშენებლობის საკითხებზე მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ ინფორმაციის საკრებულოს ვებგვერდზე ატვირთვა და გაზეთ „აჭარაში“ გამოქვეყნება საკმარისი არ არის და მერიამ ასეთი პროექტების საჯარო განხილვა უნდა უზრუნველყოს.

დისკუსია ამ თემაზე საბჭოს წევრებსა და მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე შედგა, სადაც კიდევ ერთხელ განიხილეს მწვანე კონცხზე დაგეგმილი ოცდარვასართულიანი, მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის დასაშვებობა-არდასაშვებობის საკითხი.

სამოქალაქო საბჭოს წევრები ამტკიცებენ, რომ  სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლა მწვანე კონცხზე, შესაძლოა მომავალში ტენდენციად იქცეს.

„მთელ მსოფლიოში ცდილობენ სარეკრეაციო ზონები გააფართოვონ, ჩვენ ამ ზონებს რატომღაც ვიღაცის ხუშტურზე გადავაკეთ-გადმოვაკეთებთ, თუ უნდა ვიღაცას აშენება, ააშენებს. ყველაფერი კანონის ფარგლებშიაო, კანონებს წერენ ადამიანები, რომლებიც შემდეგ, როგორც უნდათ, ისე გადაწერენ. კანონი არ უნდა იწერებოდეს  ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის. სარეკრეაციო ზონა თუა, ვერ უნდა შეეხოს ვერავინ“, – განაცხადა საბჭოს წევრმა, ზურაბ ჩიხლაძემ შეხვედრაზე.

რთულია ზუსტად იმის გარკვევა, რამდენად მისაწვდომია მერიის ვებგვერდზე [არა მთავარ გვერდზე] გამოქვეყნებული, პროფესიული ტერმინოლოგიით მომზადებული მასალების გააზრება მოსახლეობისთვის. მით უმეტეს, რომ ამ მასალებში მოცემული ინფორმაცია ფეისბუქზე მერიამ ისე არ გაავრცელა, როგორც ეს ავტობუსის ფერის შერჩევის დროს გააკეთა.

კითხვას, თუკი მერიამ შეძლო ავტობუსის ფერის შერჩევა მოქალაქეების ასე თუ ისე ჩართულობით, რატომ არ გააკეთა იგივე მწვანე კონცხზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით? – მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მხოლოდ ღიმილით უპასუხა.

არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელებმა, მირიან მეტრეველმა და მამუკა რამიშვილმა აქცენტი გააკეთეს იმაზეც, რომ რთულია უარის თქმა, როცა პირი საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ითხოვს და მიიჩნევს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მშენებლობას ვერავინ დაუშლის, ან იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტული ნაკვეთი მთავრობამ ამ ადგილზე მშენებლობის პირობით გაასხვისა და მერიას არაფერი არ ჰკითხა,

„რა ვუთხრა მე ასეთ ადამიანს?“ – იკითხა მირიან მეტრეველმა შეხვედრაზე.

მერიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზეც, რომ ზონის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ბათუმის საკრებულო და არა მერია:

„ჩვენ არ შეგვიცვლია არაფერი. ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, კი არ ვაბრალებთ არავის, მაგრამ სულ იმის თქმა ტელევიზიებში, რომ არქიტექტურამ რაღაც შეცვალა და ასე შემდეგ, არასწორია“.

დაახლოებით ორსაათიანი დისკუსიის შემდეგ, სამოქალაქო საბჭოს წევრები და მერიის წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ, უნდა აშენდეს თუ არა მწვანე კონცხზე 28-სართულიანი შენობა.

საბჭომ ვერ მიიღო პასუხი, რატომ არ შეიძლება მშენებლისთვის უარის თქმა, თუ მისი სურვილი რეგულაციებს მიღმაა? შეხვედრაზე ასევე იყო რიტორიკული კითხვები – დარჩება თუ არა ბათუმს საერთოდ რეკრეაციული ზონა, თუ ყველა მშენებლის სურვილის გაითვალისწინებს საკრებულო და მას სტატუსს შეუცვლის? პასუხგაუცემელი დარჩა ასევე კითხვა, მაშინ საერთოდ რა საჭიროა სარეკრეაციო ზონები და რეგულაციები?

შეხვედრას სამოქალაქო საბჭოს თავმჯდომარე კახა გუჩმანიძე უძღვებოდა.

შეხვედრა საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან

 

რა სჭირდებათ ლგბტქ თემის წევრებს საქართველოში

უმუშევრობა, ინტერნალიზებული ჰომოფობია, საცხოვრისის პრობლემა – იმ საკითხების ნაწილია, რაზეც “თანასწორობის მოძრაობის” დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში ლგბტქ ადამიანებმა ისაუბრეს. გამოკითხულებმა განაცხადეს, რომ თემის წევრებს შორის დაპირისპირება და ინტერნალიზებული ჰომოფობია ასუსტებს თემს, საჭიროა მეტი ჩართულობა და ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. ლგბტ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თემი არაა ხილვადი და კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს თავშესაფარი, რომელიც საცხოვრისის პრობლემას დროებით მაინც მოუხსნის სახლიდან დევნილ თემის წევრებს.

ფოკუსჯგუფების მონაწილეთა უმრავლესობამ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად თავშესაფრის არარსებობა დაასახელა. მათი თქმით, თემის უამრავ წევრს დევნიან ოჯახებიდან, დევნიან სოფლებიდან, ისინი ჩადიან თბილისში, სადაც არ აქვთ საცხოვრებელი ადგილი. მათი აზრით, თავშესაფრის არსებობა გაზრდის თემის წევრების მზაობას, რათა მიიღონ განათლება და გადაჭრან თავიანთი სოციალური პრობლემები. თემი წევრების უმრავლესობა ბინის ქირის გადასახდელად მუშაობს, თავშესაფარში კი მათ ეს პრობლემა დროებით მოეხსნებათ და შეეძლებათ განათლებასა და პიროვნულ განვითარებაზე კონცენტრირება: „ვიზრუნოთ, მაგალითად, იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ თავშესაფარი… ადამიანს, რომელსაც აწუხებს – სად გაათენოს და სად ჭამოს, იმისთვის ძალიან გაუგებარია ის თემები, საზოგადოება მიიღებს თუ არ მიიღებს”.

რაც შეეხება რეგიონებში არსებულ სიტუაციას – კვლევით გამოიკვეთა, რომ თემის წევრებისთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა რეგიონებში სერვისების არარსებობა, კერძოდ იურისტებისა და ფსიქოლოგების არარსებობა.
რეგიონებში ეს  საკითხი ტაბუდადებულია, თემის წევრებს არ ჰყოფნით გამბედაობა, გააკეთონ ქამინგაუთი და მათ სჭირდებათ გაძლიერება. რეგიონებში მედიები არ აშუქებენ თემის წევრების ჩაგვრის ფაქტებს. აღინიშნა, რომ საჭიროა რეგიონულ მედიებთან კომუნიკაცია, რეკლამების გაშვება, რომ ლგბტქ ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეთ ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და ასე შემდეგ.

ორგანიზაციების სერვისებზე საუბრისას, აღინიშნა ექიმების პროფესიულ ჯგუფში არსებული ჰომო და ტრანსფობიის შესახებ.

გამოკითხულთა უმრავლესობა თანხმდება, რომ საჭიროა ისეთი პროფესიონალები, ვისთანაც არ მოუწევთ დეტალების დამალვა მუშაობის პროცესში.

კვლევის ნაწილი სტერეოტიპებთან გამკლავების ეფექტურ გზებსაც ეხება, სადაც გამოკითხულები აღნიშნავენ, რომ საჭიროა თემის წევრების მშობლების ჩართვა კამპანიებში, რათა სხვა მშობლების ყურამდეც მივიდეს ინფორმაცია. მათი თქმით, ეს ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს იმ მშობლებზე, რომლებიც საკუთარ შვილებს დაცვის ნაცვლად დევნიან.

ასევე გამოკითხულებს მიაჩნიათ, რომ სანდოობის ამაღლებისთვის საჭიროა ცნობადი სახეების ჩართვა, ვიდეომოწოდებები.

თემის წევრებს სურთ, რომ ორგანიზაციებმა იმუშაონ ახალი სპიკერების „გაზრდაზე“, ჩატარდეს ტრენინგები მედიასაკითხებზე თემის ლიდერებისთვის და ასევე ტრენინგები/ვორკშოპები, სადაც თემის ლიდერებს/აქტივისტებს ექნებათ შესაძლებლობა, იმუშაონ კონკრეტული გზავნილების ჩამოყალიბებაზე, რომლებსაც გააჟღერებენ საზოგადოებაში გავრცელებული მითებისა და სტერეოტიპების საპირისპიროდ.

ფოკუსჯგუფები ტარდებოდა თბილისში, 2017 წლის პირველი ოქტომბრიდან 2018 წლის 30 აპრილის პერიოდში. ფოკუსჯგუფებში  სულ 120-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ეკომიგრანტებისთვის ორთაბათუმში სახლი აშენდება – ხელვაჩაურის მერია ტენდერს მეორედ აცხადებს

ხელვაჩაურის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 335 145 ლარია.

ტენდერის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ საპროექტო ტერიტორია, სადაც ეკომიგრანტებისთვის სახლი უნდა აშენდეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში მდებარეობს.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი უნდა მოიცავდეს 39 საცხოვრებელ ბინას (მათ შორის 10 ოროთახიანი უნდა იყოს – თითოეულის ფართობი – 55 კვ.მ; 25 ერთეული –  სამოთახიანი – ფართობი – 75 კვ.მ; 4 კი ოთხოთახიანი ბინა –  თითოეული ფართობით 95 კვ.მ. ასევე დასახელებული ბინები უნდა იყოს კეთილმოწყობილი – იატაკები და კედლები მოპირკეთებული, შიდა ელექტრომომარაგებისა და წყლის სისტემებით, სველი წერტილები ინვენტარით – აბაზანა, ხელსაბანი და ა.შ.

სატენდერო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ უნდა იყოს 7 სართულზე მეტი.

ტენდერში წინადადებების მიღება 17 ნოემბერს დაიწყება და 22 ნოემბერს დასრულდება.

ხელვაჩაურის მერია წელს უკვე მეორედ აცხადებს ტენდერს  ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. პირველი ტენდერი მერიამ 2018 წლის ივნისში გამოაცხადა და მასში ექვსი პრეტენდენტი მონაწილეობდა, თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ექვსივეს დისკვალიფიკაცია მოხდა, შესაბამისად, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

_________

მთავარ ფოტოზე: ხელვაჩაურის მერია 

რატომ ინახავს ბათუმის მერია „წელიწადის ოთხ დროს“ საწყობში

ბათუმის მერიის საწყობში ქანდაკებები ინახება. ადლიის საწყობში გადაღებული ქანდაკებების ფოტო „ბათუმელებს“ მოქალაქემ გამოუგზავნა.

„წელიწადის ოთხი დრო – ასე ჰქვია მაგ ქანდაკებებს, მე პირადად ძალიან მომწონს. შიგნით იყო ჩაკეტილი და გამოვიტანე. ვიფიქრე, საწყობის თანამშრომლებმა მაინც დაინახონ-მეთქი,“ – ამბობს მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს სასაწყობე მეურნეობის განყოფილების უფროსი. ილია სირაბიძის თქმით, ქანდაკებები მეექვსე წელია მის საწყობში ინახება.

„ეს საწყობი 2012 წელს გაკეთდა და აქ გადმოიტანეს ძველი საწყობიდან… როგორც ვიცი, ადრე ბულვარში იდგა ეს ქანდაკებები, სად – ზუსტად არ ვიცი. გასულ წელს აღწერა იყო და თითო ქანდაკება 450 ლარად შეფასდა, აუდიტორული კომპანია იყო. მერე კიდევ ვიღაცამ მკითხა, ხომ გაქვს შენახული ის ქანდაკებებიო, რატომ დაინტერესდა, არ ვიცი,“ – გვითხრა ილია სირაბიძემ.

რატომ ინახავს ქანდაკებებს მერია საწყობში და იგეგმება თუ არა მისი განთავსება სადმე? – ბათუმის მერიის პრესსამსახურში ამ კითხვას ჯერჯერობით ვერ პასუხობენ.

ცოლის ცემაში ბრალდებული კაცი სიდედრმა მკაცრი სასჯელისგან იხსნა

„არანაირ კონფლიქტს არ ჰქონია ადგილი,” – მოკლედ უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებული გ. რ.-ს სიდედრმა. იგი ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის ერთადერთი მოწმეა.

შემთხვევა 8 მაისს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, ქმარმა ცოლს სიდედრის კუთვნილ კაფეში, დედის თვალწინ სცემა. დაზარალებულმა ქალმა იმ ღამით 112-ზე დარეკა და შველა ითხოვა.

გ. რ. აქამდეც არის გასამართლებული ოჯახში ძალადობისთვის. ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

სიდედრის ჩვენების მიხედვით, სიძე კაფეში ნამდვილად მივიდა 8 მაისის საღამოს, მაგრამ მათ „მხოლოდ მშვიდი საუბარი ჰქონდათ, მეტი არაფერი”.

სასამართლოს ჩვენება საერთოდ აღარ მისცა დაზარალებულად ცნობილმა ქალმა. მანამდე, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში კი, ქალმა აღწერა, როგორ სცემა ის მეუღლემ.

დასკვნით სიტყვაში პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ დარბაზში მჯდომ სიდედრს გახედა და თქვა, რომ ახალი გამოძიება უკვე დაიწყო.

„ჩვენების შეცვლას ჰქონდა ერთადერთი მიზანი – პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება,” – აღნიშნა პროკურორმა.

პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბრალდებული ცოლზე ძალადობისთვის უკვე გასამართლებულია და დანაშაულის ჩადენის დროს იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

„ერთი პირდაპირი მტკუცებულებაც კი არ არის წარმოდგენილი,“ – მიმართა პროკურორს ადვოკატმა ირაკლი აბაშიძემ.

ადვოკატი დასკვნით სიტყვაში ექსპერტის ჩვენებასაც დაეყრდნო.

„მას დაცვის მხარემ ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა დაზარალებულს დაზიანებები მიეღო, მაგალითად, რამეზე შეჯახებით. ექსპერტმა ეს არ გამორიცხა,” – თქვა ადვოკატმა.

პროკურორმა კი 112-ზე 8 მაისის ღამით შესულ შეტყობინებაზე ისაუბრა.

„112-ის ოპერატორი ავსებს ამ დროს სპეციალურ ფორმას. დაზარალებულმა ოპერატორს უთხრა, რომ მასზე ქმარმა იძალადა… იგივე უთხრა დაზარალებულმა ექსპერტს,” – აღნიშნა პროკურორმა.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქალს თავის არეში სისხლნაჟღენთები ჰქონდა.

სიდედრის ნათქვამი გაიმეორა სიძემაც გისოსებიანი გალიიდან:

„არანაირ კონფლიქტს არ ჰქონია ადგილი”… შემდეგ კი დაამატა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მოძალადე არ არის.

„სასამართლო იზიარებს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას,” – მიმართა მხარეებს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. მან ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ასევე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400 საათით.

„შეგიძლიათ ისარგებლოთ შეწყალების უფლებით,“ – უთხრა მოსამართლემ მსჯვარდებულს დარბაზის დატოვებამდე.

„რატომ დაურეკა ქალმა პოლიციას, თუკი კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია?“ – ჰკითხა „ბათუმელებმა“  მსჯავრდებულის სიდედრს, დაზარალებული ქალის დედას, პროცესის დასრულების შემდეგ.

„არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, ცუდად ვარ…“ – გვითხრა მან. დუმილი არჩია ისევ მსჯავრდებულის მეუღლემ. მან უხმოდ დატოვა სხდომათა დარბაზი.

გ. რ. დაახლოებით ერთ თვეში გამოვა ციხიდან. 5 თვე იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

ნატოს გემები საქართველოში [ფოტო]

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმის პორტში ნატოს ხუთი ხომალდი შემოვიდა.

შავ ზღვაზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი [SNMCMG2] II რანგის კაპიტან ფრანკ მაგინსკის ხელმძღვანელობით არის შემოსული. შენაერთის შემადგენლობაში სულ ხუთი ხომალდია  – საფლაგმანო ხომალდი FGS RHEIN [გერმანია], ხომალდები: TCG ERDEMLI [თურქეთის რესპუბლიკა], BRG STIBAR [ბულგარეთი], ROS DIMITRIE NICOLESCUE [რუმინეთი] და SPS TURIA [ესპანეთი].

ნატოს ხომალდები ბათუმის პორტში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ხომალდების ეკიპაჟს ბათუმში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, რომელსაც  სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ბათუმში თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნატოს ხომალდების საზეიმო დახვედრა ბათუმის პორტში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ნატოს ხომალდების საზეიმო დახვედრა ბათუმის პორტში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„ამ ვიზიტით  დაჯგუფება [ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი] ახდენს ნატოს ინტერესების დემონსტრირებას და მხარს უჭერს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას. შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით მნიშვნელოვანია აღნიშნული ვიზიტების ინტენსივობის ზრდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსგავსი ვიზიტები გაორმაგდა და ეს ტენდენცია მომავალ  წელშიც გაგრძელდება. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასთან და აღნიშნული დაჯგუფების შემადგენლობასთან ერთობლივად დაგეგმილია სხვადასხვა სახის  აქტივობა, ერთობლივი მანევრები ზღვაზე, რაც ხელს უწყობს საქართველოს სანაპირო დაცვის თავსებადობის ამაღლებას ნატოს საზღვაო ძალების ხომალდებთან. ამ აქტივობებით ჩვენ ვაგრძელებთ იმ ამოცანების შესრულებას, რაც გათვალისწინებულია ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით,” – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ კვანტალიანმა.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები ბათუმის ნავმისადგომში 5 ნოემბრამდე დარჩება. ისინი, შსს-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ნატოს ხომალდების საზეიმო დახვედრა ბათუმის პორტში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ნატოს ხომალდების საზეიმო დახვედრა ბათუმის პორტში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ნოემბრის 21 საათიდან 3 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 17.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ [2-3 ბალი].

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

„ყველაფერი დამოკიდებულია მასწავლებელზე“ – როგორ ისწავლება სკოლებში ქიმია და ფიზიკა

საჯარო სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის პროცესი 2010  წელს დაიწყო პროექტ „აინშტაინის“ ფარგლებში. პირველ წელს ლაბორატორიები 150 სკოლისთვის შეიძინეს. ერთი ლაბორატორიის ღირებულება 13 800 ლარი იყო. სკოლებს ლაბორატორიები გადასცეს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის გაკვეთილების ხარისხის ამაღლების მიზნით, თუმცა სკოლები არ მარაგდებოდა ექსპერიმენტებისთვის საჭირო რეაქციებით და სხვა მასალებით, რის გამოც ლაბორატორიები, ფაქტობრივად, გამოუყენებელი იყო.

პირველ ეტაპზე ორ მილიონზე მეტი ლარი  დაიხარჯა ლაბორატორიების შესაძენად. სკოლების აღჭურვის პროცესი შემდეგ წლებშიც ეტაპობრივად გრძელდებოდა. თუმცა,წინა წლებშიც და ახლაც სკოლებში გვეუბნებიან, რომ მწირი ბიუჯეტის გამო ისინი ვერ ახერხებენ ექსპერიმენტების ჩატარებას.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა მაღალი სტანდარტის საგაკვეთილო პროცესს ითხოვს, სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ხარისხი დღემდე ვერ ამაღლდა. რამდენი ლარი სჭირდებათ სკოლებს წლის განმავლობაში ექსპერიმენტებისა და სხვა სასწავლო რესურსების შესაძენად და სწვდება თუ არა სკოლის ბიუჯეტი მოთხოვნებს?

ბათუმის მე-13 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ჩხაიძე ზუსტ ციფრებზე არ გვესაუბრება, თუმცა ამბობს, რომ რადგან ექსპერიმენტების მატერიალურად ჩატარება ძვირია, სკოლა ვირტუალურ  ექსპერიმენტებს მიმართავს.

„ჩვენ შევიძინეთ ეკრანი, პროექტორი, გვაქვს კლასში კომპიუტერები და მასწავლებელი იყენებს უფასო ვირტუალურ ლაბორატორიებს“.

დირექტორი ამბობს, რომ ძვირია ბეჭდური რესურსები, რომლის ხარისხიც ხშირად დაბალია. „ამიტომ, გუგლში შეგვიძლია უკეთესი ხარისხის რუკაც მოვიძიოთ და სხვა თვალსაჩინოებაც“.

დირექტორი ამბობს, რომ ამ რესურსებზე ბავშვებს და მასწავლებლებსაც ხელი მიუწვდებათ და ის ფორმალური არ არის.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი მასწავლებელზეა დამოკიდებული. მყავს მასწავლებელი, რომელიც აზუთხინებს მოსწავლეებს ფორმულებს, თუმცა მყავს ისეთიც, რომლის გაკვეთილი არის ინტერაქტიული და ყველა მოსწავლე ჩართულია პროცესში.

ვიყიდე ჭადრაკის ელექტრონული დაფა, დავსდევ ფიზკულტურის მასწავლებელს და ვეხვეწები გამოიყენოს, რომ ფიზკულტურის გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი გახადოს, მაგრამ არ იყენებს. იმის თქმა მინდა, რომ ის რესურსი, რაც ინტერნეტში არსებობს, 80 პროცენტიც რომ იყოს გამოყენებული მასწავლებლების მიერ, სწავლის ხარისხი უკეთესი გვექნება“.

მე-5 საჯარო სკოლაში გვეუბნებიან, რომ გასულ და მიმდინარე წელს, სასწავლო რესურსებისთვის სკოლის ბიუჯეტში 400 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით უნდა შეიძინონ რეაქტივები. დირექტორი მერაბ ხარჩილავა ამბობს, რომ მის სკოლაში ქიმიის ლაბორატორია აქვთ, სხვა საგნებში ძველი, მაგრამ საკმაოდ შემონახული ლაბორატორიები აქვთ. „ქიმიის მასწავლებელი მყავს ძალიან ძლიერი, თვითონ აკეთებს ექსპერიმენტებს და ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. წელს ფართობის პრობლემაა, რადგან რემონტის გამო სხვა სკოლაა ჩვენთან შემოხიზნული. მომავალი წლიდან კი გვინდა ბიოლოგიას ცალკე კაბინეტი გავუკეთოთ“.

დირექტორის თქმით, იმისათვის, რომ სკოლის ლაბორატორიებში წლის განმავლობაში ელემენტარული ექსპერიმენტები გაკეთდეს, 5 ათასი ლარი მაინცაა საჭირო. „ნაწილ-ნაწილ შეიძლება შეძენა და ლაბორატორიების გაუმჯობესება“, – გვეუბნება ის.

მე-11 საჯარო სკოლის დირექტორის მანანა მიქელაძის თქმით, წლის განმავლობაში სკოლა ცდილობს ლაბორატორიების რესურსი გააუმჯობესოს, თუმცა სრულყოფილებამდე ბევრი აკლიათ. „ქიმიური ნივთიერებები არ გვაქვს და ვერც შევიძენთ, რადგან მათ გამოყენებას უსაფრთხოების წესების დაცვა სჭირდება. არცერთ სკოლაში არ არსებობს გამწოვი კამერები, რომელიც აუცილებელია ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარების დროს.  ფიზიკისთვის, გეოგრაფიისთვის ტაბულები ვიყიდეთ, ვცდილობთ ნელ-ნელა შევმატოთ რაღაც, მაგრამ ყველა საჭიროებას სკოლა ვერ წვდება“.

დირექტორის თქმით, სახელმწიფო სტანდარტებს ითხოვს, თუმცა სკოლის შესაძლებლობები გათვალისწინებული არ არის. „სახანძრო სამსახური მოვიდა და სტანდარტი მომთხოვა. სახანძრო უსაფრთხოება რომ გავმართო, მაგას მთელი სკოლის ბიუჯეტი არ ეყოფა. სანიტარული სამსახური თავის სტანდარტს ითხოვს. მარტო საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო რესურსი რომ შევიძინოთ, სკოლის ბიუჯეტის 3-4 პროცენტია საჭირო, ამიტომ სწავლება უფრო თეორიულად მიდის“.

მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი კი საპირისპიროს გვეუბნება. მისი თქმით, სკოლას ყველა საჭირო მოთხოვნისთვის გააჩნია ბიუჯეტი. „მასწავლებელი რასაც მეუბნება, იმ მასალას ვყიდულობთ და ვაძლევთ. თვითონ იყენებს გეგმის მიხედვით“.

მე-14 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი ნუკრი კობახიძე ამბობს, რომ სკოლა ყველა ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას არ იძლევა, თუმცა მასწავლებლის მონდომება ბევრს რამეს ცვლის.

„ლაბორატორიული ჭურჭელი ქალაქის ყველა სკოლას აქვს. მე მასწავლებელთა სახლშიც ვმუშაობ, სადაც მოგვმართეს სკოლებმა და მოითხოვეს რეაქტივები ექსპერიმენტისთვის. ვფიქრობ, მინიმალურ დონეზე ბევრი რამის გაკეთება შეიძლება სკოლაშიც. ბათუმის უნივერსიტეტშიც შესაძლებელია მოსწავლეების წაყვანა და ექსპერიმენტების ჩვენება. სულ ითხოვს, რომ  მიიყვანონ ბავშვები და აჩვენონ გოგირდის, ფოსფორის წვა და ა.შ. რაც მოტივაციას უზრდის ბავშვებს.

ზოგი იძახის რესურსები არ იყიდებაო. თბილისში იყიდება, არის სპეციალური მაღაზია – 110 ლარის ოთხი სახის ქიმიური რეაქტივი შევიძინე და ახლაც მაქვს. თუ ინტერესია, ყველაფერს იშოვი. პატარა თუთია, სპილენძის ნაჭერი, ტყვიის ნაჭერი რომ მოიძიო, დაასხა მარილმჟავა და აჩვენო მოსწავლეს ამის შესაძლებლობა ყველგან არის“.

კობახიძის თქმით, რთულია საკლასო ოთახში ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარება, რადგან ბევრი ბავშვია და უსაფრთხოების ზომების დაცვა რთულია. პედაგოგის თქმით, სტანდარტი ითვალისწინებს, რომ სკოლას ცალკე ჰქონდეს კლას-ლაბორატორია აღჭურვილი ყველა საჭირო მასალით და ინვენტარით. მოსწავლეები ცდებთან უნდა მუშაობდნენ სპეციალური წინსაფრებით და რეზინის ხელთათმანით. „მე ახლა ვაკეთებ ქიმიის კლუბს სკოლაში და მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ყველა სტანდარტის დაცვით იმუშაონ“.

კობახიძე ამბობს, რომ გარკვეული მასალების შეძენა საკუთარი სახსრებითაც უწევს, მაგრამ „რა ვქნა, სხვანაირად მუშაობა არ გამოდის“.

„გლიცერინი, სპირტი ვიყიდე, შაბიც ყველგან არის. ბათუმში არის აფთიაქები, სადაც გიმზადებენ გარკვეულ ნივთიერებებს და შეგიძლია შეუკვეთო. თუ მოინდომებს მასწავლებელი, ყველაფრის შოვნა შეიძლება. შესაძლებელია ინტერნეტრესურსების გამოყენებაც“.

საჯარო სკოლების, ძირითადად მაღალმთიანი სკოლების ლაბორატორიებით  აღჭურვას  აჭარის განათლების სამინისტროც აგრძელებს, თუმცა რეაქტივების და სხვა სასწავლო რესურსების პრობლემა სოფლის სკოლებშიც აქტიურად დგას.

როგორც სამინისტროში გვეუბნებიან, მუნიციპალიტეტების სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვა 2016 წლიდან დაიწყეს. თავდაპირველად ბიუჯეტში 60 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა 2018 წლისთვის ბიუჯეტი გაორმაგდა და 120 ათასზე ლარზე ავიდა. 2019 წლის ბიუჯეტში 150 ათასი ლარია გათვალისწინებული სკოლის ლაბორატორიებით აღჭურვისთვის.

სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსის, ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძის ინფორმაციით, მომავალ წელს, ლაბორატორიებისთვის დაგეგმილია პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაც, „რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლები სიმულაციური ცდების ჩატარებას შეძლებენ და აღარ იქნება საჭირო რეაქტივების ან სხვა მასალის შეძენა“.

სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ლაბორატორიების შეტანის დროს, სკოლებს პირველადი მასალებით ამარაგებენ, თუმცა შემდეგ, სკოლამ უნდა უზრუნველყოს მასალების შეძენა.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვეუბნებიან, რომ ღია კარის დღეების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის ლაბორატორიებით სარგებლობა შეუძლიათ. მთავარია, წინასწარ შეატყობინონ ადმინისტრაციას, რომ ვიზიტების შესახებ გრაფიკი გაკეთდეს.

„ჩვენ უფრო ვართ დაინტერესებული მოსწავლეების ლაბორატორიაში მუშაობით, სკოლები უფრო ნაკლებად იჩენენ აქტიურობას. მოსწავლეებს შეუძლიათ ექსპერიმენტები თვითონაც ჩაატარონ და სხვებსაც დააკვირდნენ“.

როგორც ბსუ-ს ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, მეცნიერების პოპულარიზაციისთვის  ხშირად აკეთებენ სამეცნიერო პიკნიკებს. „ბოლო პიკნიკზე 400 მოსწავლე გვყავდა. მთავარია, სკოლების მხრიდან გაიზარდოს ინტერესი, უნივერსიტეტს მოსწავლეების მიღებაზე პრობლემა არ აქვს“.

 

 

 

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 29 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2018 წლის ოქტომბერში სპეციალისტებმა საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 395 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 114 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 61 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 33 ფაქტი, აჭარაში – 29 ფაქტი, გურიაში – 7, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 14, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -25 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 8 ფაქტი, შიდა ქართლში – 23, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 79, ხოლო თბილისში 2 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3170 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 52 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 1 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

__________

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ბათუმის პორტში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც არის საფლაგმანო ხომალდი „FGS RHEIN” (გერმანია), ხომალდები: TCG ERDEMLI [თურქეთის რესპუბლიკა], BRG STIBAR [ბულგარეთი], ROS DIMITRIE NICOLESCUE [რუმინეთი] და SPS TURIA [ესპანეთი].

ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს II რანგის კაპიტანი, ფრანკ მაგინსკი ხელმძღვანელობს.

ბათუმის ნავმისადგომში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდები ბათუმის ნავმისადგომში 5 ნოემბრამდე დარჩებიან. ისინი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი საქართველოს უკვე მეხუთედ ესტუმრა. შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც ნატო, პარტნიორობის ურთიერთთავსებადობის ინიციატივის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების გაძლიერებულ შესაძლებლობებს სთავაზობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაცია „ზღვის მცველში“ ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში 2014 წლიდან, მეკავშირე ოფიცრის სახით, წარგზავნილია სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი. დაგეგმილია ოპერაცია „ზღვის მცველში“ საქართველოს მონაწილეობის გაზრდა, კერძოდ, სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის ჩართვა, რათა საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

ვიზიტის ფარგლებში, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხელმძღვანელი და ხომალდების მეთაურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ეწვევიან.

გაიმართება პრესკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე – როსარია პულისი და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის მეთაური, II რანგის კაპიტანი ფრანკ მაგინსკი. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე შეაჯამებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის საჯარო ლექცია ბსუ-ში

დღეს, 2 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 509-ე აუდიტორიაში გაიმართება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერიკ ჰოგის საჯარო ლექცია თემაზე: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა, მანდატის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

ერიკ ჰოგი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2017 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა. აქამდე, 2015 წლის აპრილიდან იგი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ და 2017 წლის პირველი სექტემბრიდან მისიის მოქმედ ხელმძღვანელად მუშაობდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საქმიანობის დაწყებამდე ერიკ ჰოგი 16 წლის განმავლობაში დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის საკითხებზე მუშაობდა.

„როცა დავაპირებ, გეტყვით“ – ინტერნეტის რეაქცია

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ფრაზა, რომლითაც იგი არჩევნების მეორე დღეს ჟურნალისტების შეკითხვების თავიდან არიდებას ცდილობდა, ქართულ ინტერნეტსივრცეში არაერთი ხუმრობის საბაბი გახდა. „როცა დავაპირებ, გეტყვით“ არის პასუხი თითქმის ყველა არასასურველ კითხვაზე.

აი, მაგალითად ამ კითხვაზე:

 

სტუდენტების გასაჭირი. 
და მოსწავლეებისაც.

ეს უკვე ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებისა და მეზღვაურების სპეციფიური პრობლემაა:

ფოტო: BSMA Students

შეკითხვა, რომელიც განსაკუთრებით არ უყვართ თინეიჯერებს:

როცა ზედმეტად ინტერესედებიან შენი წონით:

თქვენ რას დაამატებდით?! 

წელს ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი 9 801-მა აბიტურიენტმა ვერ გადალახა [ინფოგრაფიკა]

2018 წელს ეროვნულ გამოცდების ჩასაბარებლად 40 405-მა აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდებზე 36 497 აბიტურიენტი გავიდა, სწავლის გაგრძლეების უფლება კი 26 696-მა მათგანმა მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ წელს, ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი 9 801-მა აბიტურიენტმა ვერ გადალახა. ეს გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 55-ით  მეტია.

ავტოავარია ქედაში: დაიღუპა ბავშვი და ქალი, რომელსაც წინა დღეს ქორწილი ჰქონდა

დღეს, პირველ ნოემბერს, ქედაში, სოფელ დოლოგანთან მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი – ახალგაზრდა ქალი და ბავშვი დაიღუპა.

ავარიის დეტალებზე „ბათუმელები“ ქედის მერის პირველ მოადგილეს, როლანდ ბერიძეს ესაუბრა, რომელიც ავარიიდან მოკლე ხანში იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას:

„მოხდა საშინელი ავარია. მანქანაში, ჩემი ინფორმაციით, იმყოფებოდა  ხუთი ადამიანი, მათ შორის იყო ახალშეუღლებული წყვილი, გუშინ ჰქონდათ ქორწილი. დაიღუპა პატარძალი და მისი დისშვილი, 10-12 წლის ბავშვი. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, გარდაცვილი ქალი ჩაქვიდანაა, მისი მეუღლე კი – შუახევიდან.“

რონალდ ბერიძის თქმით, მერსედესის მარკის, ბათუმიდან მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ქედა-ბათუმის მონაკვეთზე გაზის მილთან დამონტაჟებულ პარაპეტს, ქვის კედელს და გაზის მილს.

ავარიის შედეგად დაშავდა მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი. ქედის მერის მოადგილის თქმით, გზის ის მონაკვეთი, სადაც ავარია მოხდა, გადაადგილებისთვის საშიში არ არის.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

______

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ავეჯის სახლი „Lusso“- ჩვენთან საძინებლების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანია ბათუმში

ავეჯის სახლი „Lusso“ საძინებლების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ აჭარაში – ჩვენთან დაგხვდებათ გემოვნებიანი და კლასიკური სტილის საძინებლები, რომლებიც შოურუმში დამოუკიდებელ სივრცეებადაა განლაგებული. აქვეა შესაფერისი თეთრეული, მატრასები, განათების აქსესუარები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საუცხოო ფერთა გამა.

ავეჯის სახლი „Lusso“-ს შოურუმი ბათუმში
ავეჯის სახლ „Lusso“-ს შოურუმი ბათუმში

მაღაზიაში 15 სხვადასხვა სტილისა და ფერის საძინებლის მაკეტია განთავსებული. დამატებით შვიდი სტილის ავეჯის შერჩევა კი კატალოგში შეგიძლიათ.

კომპანია სრულ კომფორტს გთავაზობთ – აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საძინებლების კომპლექტებიდან თქვენთვის სასურველი ნაწილი, ასევე არსებული მოდელის მიხედვით დაუკვეთოთ განსხვავებული ფერის, ზომის და მასალით აწყობილი საძინებლი. ჩვენი წარმომადგენლები, მაქსიმუმ ორ კვირაში, თქვენს შენაძენს სასურველ მისამართზე მოგიტანენ და ააწყობენ. აქ შეძენილ ნებისმიერ საძინებელს 2-წლიანი საგარანტიო ვადა აქვს. ცხადია, ამ ვადის გასვლის შემდეგაც სიამოვნებით ვუპასუხებთ თქვენთვის აუცილებელ კითხვებს – ავეჯის მოვლასა თუ წარმოქმნილ შესაძლო გაუმართაობაზე.

ავეჯის სახლი „Lusso“-ს შოურუმი ბათუმში
ავეჯის სახლ „Lusso“-ს შოურუმი ბათუმში

მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციიდან რომელიმე კონკრეტულ მოდელზე მუდმივად მოქმედებს ფასდაკლების აქცია, ამიტომ ნუ გადადებთ ჩვენთან ვიზიტს. შეიძლება აქ  აღმოაჩინოთ  ოცნების ის საძინებელი, რომელსაც უკვე დიდი ხანია ეძებთ სხვაგან.

ავეჯის სახლი „Lusso“-ს შოურუმი ბათუმში
ავეჯის სახლ „Lusso“-ს შოურუმი ბათუმში

ქედაში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოლოგანთან ახლოს, ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა მილს შეეჯახა. გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ერთი ადამიანი.

ქედაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ როგორც ჩანს, ავტომანქანა არა გაზის მილს, არამედ მილთან მდებარე, დამცავ პარაპეტს დაეჯახა. გაზის მილი დაზიანებული არ არის.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ვითიბი ბანკი ყველა მსურველს შემოსავლის დაფიქსირებას Mastercard Debit ბარათზე სთავაზობს

ვითიბი ბანკის ახალი შეთავაზება შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პირს დააფიქსიროს საკუთარი შემოსავალი ბანკში. იმ პირებს, ვისი შემოსავალიც არ ირიცხება არც ერთ ბანკში, არიან თვითდასაქმებული ან სისტემატიურად იღებენ ფულად გზავნილებს, შეუძლიათ  თანხა შეიტანონ აღნიშნულ ბარათზე და ისარგებლონ სახელფასო კლიენტის ყველა უპირატესობით.

Mastercard Debit ბართზე ასევე შესაძლებელია ხელფასის გადმოტანა ან სხვა ნებისმიერი შემოსავლის სისემატიური ჩარიცხვა, საბანკო მომსახურების გარდა Mastercard Debit ბარათის მფლობელები შემდეგი  შეღავათებით ისარგებლებენ:

  • სესხის აღებისა და განვადების დამტკიცების გამარტივებული პროცედურა
  • თანხის უფასოდ განაღდება საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკომატიდან
  • ბარათის უფასო დაზღვევა 1 წლით
  • გაორმაგებული ბონუს ქულები

Mastercard Debit ბართი შეუძლია აიღოს, საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქემ, ამისთვის საჭიროა მიმართოს ვითიბი  ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

საქართველო ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის​ წევრ ქვეყნად აირჩიეს

2018 წლის პირველ ნოემბერს ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის ასამბლეის სხდომაზე საქართველო პირველად თავის საზღვაო ისტორიაში 115 წევრი ქვეყნიდან არჩეულ იქნა ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის​ წევრად.

1967 წლის Torrey Canyon-ის ინციდენტის შემდგომ, ჩამოყალიბდა საერთაშორისო პასუხისმგებლობის და კომპენსაციის რეჟიმი, რომელიც წლების შემდგომ საერთაშორისო მასშტაბის წარმატებულ სისტემად გარდაიქმნა. ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი IOPC (International Oil Pollution Compensation) კი წარმოადგენს არსებული სისტემის უმთავრეს ნაწილს, რომელიც 1978 წელს შეიქმნა ნავთობის დაღვრის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით, 1992 წელს კი ძალაში შევიდა ფონდის კონვენცია.

საქართველო ზემოაღნიშნულ კონვენციას შეუერთდა 2001 წელს და მას შემდგომ აქტიურად იღებს მონაწილეობას IOPC funds-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ხოლო ფონდის წარმომადგენლები მხარს უჭერენ საქართველოს ყველა ინიციატივას საზღვაო მიმართულებით. 2018 წლის სექტემბრის პერიოდში, რიგით მეორე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2018) ესწრებოდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ბატონი ჟოზე მაურა.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის აღმასრულებელი კომიტეტი წევრი ქვეყნების მხოლოდ 15 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. მათ შორის 2018 წლიდან უკვე საქართველოც იქნება, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ფონდის საქმიანობაში.

ანიმაციის საერთაშორისო დღე სკოლა ევრო-2000-ში

ანიმაციური კინოს ფუძემდებელი ფრანგი მხატვარი, ემილი რეინოა გახლავთ. 1892 წლის 28 ოქტომბერს ფრანგული საზოგადოება პირველად ესტუმრა ე.წ. „ოპტიკურ თეატრს“. რეინოს ქმნილება, პრაქსინოსკოპი, უზრუნველყოფდა მოძრავი ნახატების ჩვენებას. სწორად ეს მოვლენა აღმოჩნდა ანიმაციური ეპოქის დასაწყისი.
ანიმაციის საერთაშორისო დღე სკოლა ევრო-2000-ში
ანიმაციის საერთაშორისო დღე სკოლა ევრო-2000-ში
29 ოქტომბერს სკოლა ევრო-2000-ის დაწყებით კლასებში მუსიკის პედაგოგის – მაგდანა მათითაიშვილის ინიციატივით ანიმაციის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეები შეთავაზებულ აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
ანიმაციის საერთაშორისო დღე სკოლა ევრო-2000-ში
ანიმაციის საერთაშორისო დღე სკოლა ევრო-2000-ში
 ყველაზე პატარა ევროელები სკოლაში მათი საყვარელი მულტფილმებისა და ზღაპრების გმირებთან ერთად გამოცხადდნენ. სკოლაში პრინცესებს, პრინცებს, კუ ნინძებს, ადამიან ობობებსა და უამრავ სხვა პერსონაჟს შეხვდებოდით.
ანიმაციის საერთაშორისო დღე სკოლა ევრო-2000-ში
ანიმაციის საერთაშორისო დღე სკოლა ევრო-2000-ში
პატარებმა თავიანთი გამორჩეული მულფილმის გმირებით მინიატურული სპექტაკლი წარმოადგინეს.
ირგვლივ დიდი მხიარულება სუფევდა,რადგან მოსწავლეებმა ნახატი ფილმის ჩვენების შემდეგ თავად მოახდინეს პერსონაჟების ინსცენირება და შთაბეჭდილებების ფურცელზე გადატანა-ჩახატვა.
ანიმაციის საერთაშორისო დღე სკოლა ევრო-2000-ში
ანიმაციის საერთაშორისო დღე სკოლა ევრო-2000-ში
ანიმაციის საერთაშორისო დღე სკოლა ევრო-2000-ში
ანიმაციის საერთაშორისო დღე სკოლა ევრო-2000-ში

სამუშაოები შეიძლება გაგრძელდეს – მინისტრის განცხადება ქედაში ბავშვის დაღუპვის შემდეგ

აფეთქების შედეგად ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, 6 წლის ბავშვი გუშინ, 31 ოქტომბერს, დაიღუპა. აფეთქებები რომ უნებართვოდ ხორციელდებოდა, ამის შესახებ განცხადება აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა. ამის მიუხედავად, დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ თქვა, რომ იმავე ადგილზე სამუშაოები შესაძლოა გაგრძელდეს.

„ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ, შესაძლებელია, გაგრძელდეს იმავე ლოკაციაზე, ოღონდ არ უნდა მოხდეს აფეთქებები, არამედ ბურღვითი სამუშაოები. თუ რამდენად შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ გადაიხედება და თუ შესაძლებელია, გაგრძელდეს საქმიანობა ოღონდ არა აფეთქებით, არამედ ბურღვის გამოყენებით. ამ შემთხვევაში შესაძლებელია განვიხილოთ არსებულ ლოკაციაზე კარიერის მოპოვება,“ – თქვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ.

სწორედ მინისტრის ამ განცხადებებიდან გამომდინარე დღეს, პირველ ნოემბერს, აჭარის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურს, დაზუსტების მიზნით, კიდევ ერთხელ ვკითხეთ, აქვს თუ არა უწყებას სოფელ ჭინკაძეებში ქვის მოპოვების ლიცენზია გაცემული. პრესსამსახურში ისევ აცხადებენ, რომ ლიცენზია და ნებართვა არ აქვთ გაცემული.

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობის დაკისრებაზე საუბრის დროს ჯაბა ფუტკარაძემ თქვა, რომ „ნებისმიერი სუბიექტი, სახელმწიფო მოღვაწე თუ სხვა, მკაცრად დაისჯება…“

დღეს მინისტრს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რამდენად დამაჯერებელია, რომ კერძო კომპანიამ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე გაბედა ქვის მოპოვება სოფელ ჭინკაძეებში, რაზედაც ჯაბა ფუტკარაძემ უპასუხა:

„საზოგადოების ნებისმიერ წევრს აქვს ანალოგიური კითხვა, როგორ შეიძლება ადამიანმა უნებართვოდ განახორციელოს არა მხოლოდ კარიერის მოპოვება, არამედ აბსოლუტურად ნებისმიერი საქმიანობა. აღშფოთებული და განცვიფრებული ვართ ჩვენც. ამ თვალსაზრისით, როგორც მოსახლეობა, ასევე, სახელისუფლებო გუნდი, ანალოგიურად ვუყურებთ ამ საკითხს“.

გუშინ, 31 ოქტომბერს, ქედის მერის მოადგილემ, როლანდ ბერიძემ, ასევე, ქედის წარმომადგენელმა სოფელ დოლოგანში – მალხაზ საფარიძემ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რომელი კომპანია მოიპოვებდა კარიერს დოლოგნის თემში. მერის მოადგილეს დღეს ვკითხეთ, ვინ არის პასუხისმგებელი, როცა კომპანია უკანონო საქმიანობას ახორციელებს კონკრეტულ თემში.

„მერია არაა კომპეტენტური, ალბათ, ვინც ნებართვას გასცემს, მე გადაბრალებას არ ვიწყებ… მე რომ იქ ჩამევლო, ვერ გავიგებდი, ამ კომპანიას ნებართვა აქვს თუ არა. ჩვენთან წერილობითი ინფორმაცია არ მოსულა, რომ ეს კომპანია იწყებდა კარიერის მოპოვებას. მანამდე, წინა წლებში, სხვა კომპანია – „რასე“ მუშაობდა მაქ, ახლა არ ვიცი. როგორც გავიგე, შეცვლილა კომპანია და 10 დღის წინ შემოსულა ეს ახალი კომპანია,“ – გვითხრა როლანდ ბერიძემ, ქედის მერის მოადგილემ. მისი თქმით, მერიას ამფეთქებელი კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

„ადგილობრივ დონეზე მიმდინარე პროცესზე კონტროლი და ზედამხედველობა ეკისრება ადგილობრივ მუნიციპალიტეტს,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, ბურღვა-აფეთქების სამუშაოებს შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ ქვეკონტრაქტორები „ალბაირაქი“ და შპს „დინამიტი ლ.დ.“ ახორციელებდნენ. ამ კომპანიებთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ამ დროისთვის ვერ შეძლო.

„ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ასევე, შეახსენა, რომ ორი წლის წინ მოსახლეობა, მათ შორის, ქედაში აპროტესტებდა კარიერის მოპოვებას. მინისტრმა გვიპასუხა, რომ პროტესტის შესახებ თვითონაც იცის, მაგრამ „მოსახლეობა გაგებით უნდა მოეკიდოს ამას“.

„კი, ეს საკითხი დგას მოსახლეობის მხრიდან და არამხოლოდ ამ ლოკაციას ეხება, მოსახლეობას ექნება შესაბამისი რეაგირება. ნებართვების გაცემის დროს ყველა ეს ფაქტორი, მოსახლეობასთან სიახლოვე და ასე შემდეგ, შეისწავლება… ხდება ნაპირსამაგრი სამუშაოები და კარიერის მოპოვება აუცილებელია, მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ. სხვა ტიპის სამუშაოებიც ხდება, გზის მაგისტრალის გაყვანა. მთლიანად რომ შევაჩეროთ კარიერის სამუშაოები, არ იქნება სწორი,“ – გვიპასუხა ჯაბა ფუტკარაძემ.

ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე თურქეთის სამი მოქალაქე დააკავა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

 

 

 

არჩევნები ერთი კანდიდატით და წინასწარცნობილი შედეგით

აჭარის უმაღლესმა საბჭომ წინასწარშერჩეული კანდიდატი დღეს, პირველ ნოემბერს, ფარული კენჭისყრით აირჩია – „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრი ოფიციალურად გიგა ჩხარტიშვილია. მისი ხელფასი 2625 ლარი იქნება. „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრებს უმაღლესი საბჭო ირჩევს.

ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრის ასარჩევ კენჭისყრაში სული 14 დეპუტატი მონაწილეობდა. გიგა ჩხარტიშვილს 14-დან 13-მა დაუჭირა მხარი.

„ქართულ ოცნებას“ უმაღლეს საბჭოში სულ 14 დეპუტატი ჰყავს, თუმცა დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა დავით თედორაძეს არ მიუღია. სამაგიეროდ, ბორდის წევრის არჩევნებში ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცინცქილაძე მონაწილეობდა. იგი უმაღლეს საბჭოში „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობას“ წარმოადგენს.

აჭარის ტელევიზიის ბორდში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, როცა ორი წლის წინ მრჩეველთა საბჭო ზაზა ხალვაშმა დატოვა. ორი წლის განმავლობაში უმაღლეს საბჭოს კონკურსი არ გამოუცხადებია.

გიგა ჩხარტიშვილი „აჭარის ტელევიზიის“ ბორდში ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით შევიდა.

კონკურსში თავდაპირველად 11 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა მეორე ეტაპზე მხოლოდ 6 გადავიდა. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ გიგა ჩხარტიშვილი ისე შეარჩია, რომ სხვა კანდიდატებს არ გასაუბრებია.

 ბაგა-ბაღი „აისი“ თქვენი შვილისთვის საუკეთესო არჩევანია

თუ თქვენი ბავშვისთვის საბავშვო ბაღს ეძებთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც იქნება უსაფრთხო, ოჯახური და მეგობრული გარემო – ბაგა-ბაღი „აისი“ საუკეთესო არჩევანია.

ბაღში მცირე – 10-ბავშვიანი ჯგუფებია და თქვენს შვილს აქ ყოფნის პერიოდში ყურადღება არ მოაკლდება. გვაქვს ფართო სივრცე, მზიანი ოთახები, კლასებში ინვენტარი მორგებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე.

დღის რეჟიმი
  • სამჯერადი კვება
  • შუადღის ძილი
  • ეზოში გასეირნება და თამაში
  • თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, თამაშით სწავლება

ბაგა-ბაღი მუშაობს სამუშაო დღეებში დილის 8:30-დან საღამოს 19:00 საათამდე. მივიღებთ ბავშვებს 1 წლისა და ორი თვის ასაკიდან 6-წლამდე.

რაც შეეხება გადასახადს, ის ბათუმში არსებულ შეთავაზებებს შორის საუკეთესოა და თვეში 180 ლარია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 53 65 65 ან გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N24

პრეზიდენტმა მთავრობას უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურის სასწრაფოდ შექმნისკენ მოუწოდა 

დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმში მიმდინარე რიგით მე-12 “საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე” (GDSC)  საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, სასწრაფოდ შექმნას უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ისეთი სტრუქტურის შექმნა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში.

„მინდა, მოვუწოდო კოლეგებს, რომ სასწრაფოდ, ინტენსიურად შესრულდეს ის დაპირება, რომელიც იქნა დადებული ახალი სტრუქტურით უშიშროების საბჭოს ჩანაცვლებასთან დაკავშირებით და ასეთი სტრუქტურა დახვდეს ახალ პრეზიდენტს და ახალ კონსტიტუციას. საქართველოს ახალი კონსტიტუციით, რომელიც სულ მალე, ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევა ძალაში, წყვეტს ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სტრუქტურა – უშიშროების საბჭო, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ქვეყანაში მიღებული ყოფილიყო პოლიტიკურად გაერთიანებული გადაწყვეტილებები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში. არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ერთი, ორი დღე ან 6 თვე წყნარად ფეხი ფეხზე გადაიდოს და დაელოდოს, რომ ოდესღაც რაღაცა შეიქმნება” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ  აუცილებელია სტრუქტურა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ ანალიტიკაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელიც შემდეგ გახდება, საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირი დირექტივა როგორც თავდაცვის სამინისტროსთვის, ასევე გენერალური შტაბისა და სხვა უწყებებისთვის, რათა ჩვენი სამხედროები ყველაზე საშიში მტრის წინააღმდეგ იყვნენ სრულიად გამართულები თავიან ქმედებებში და იმ ბრძანებების აღსრულებაში, რომლებიც მათ მიეცემა პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან.

“ასეთი სტრუქტურის არარსებობა ჩვენს სახელმწიფო სისტემაში არის ის სირთულე, რომელიც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. მეტიც, პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომლის გადაწყვეტილებითაც კონსტიტუციაში შეწყდა ამ სტრუქტურის არსებობა, თქვა, რომ ამ სტრუქტურის შემცვლელი სტრუქტურა იქნებოდა შემუშავებული და შექმნილი და ქვეყანას არ ექნებოდა პერიოდი, როდესაც არ იქნებოდა ის ფორმატი, რასაც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებების ადგილი ჰქვია. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ჩვენ წლის ბოლომდე გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, ჩვენ გვექნება ახალი კონსტიტუცია და ჩვენ არ გვექნება უშიშროების საბჭო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა: „საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მართლაც მაღალი ხარისხით და მაღალი ინტენსივობით ვითარდება. ეს არის როგორც წვრთნების პროგრამები, ეს არის როგორც პოლიტიკური დიალოგი, ასევე თანამშრომლობის ის ფორმატები, რომელიც ჩვენს ქვეყანას უყალიბდება ნატოს წევრ და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. მაგრამ ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის შემადგენელი არის მნიშვნელოვანწილად ის გმირობა, რასაც ქართველი ჯარისკაცები, ქალბატონები და ბატონები, რომლებიც ატარებენ ფორმას, ახორციელებენ ბრძოლის ველზე. ეს უმნიშვნელოვანესი შემადგენელი არის ის მტკიცე საფუძველი, რითაც საქართველო აღრმავებს თავის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროგრესში დგას.
“ხშირად 2008 წელზე ლაპარაკობენ, თითქოს რუსეთის ლეგიტიმურ პასუხზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან მიმართებაში. ეს ასე არ არის, და თითქოს რაღაც ლოგიკა იყო საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებაში, იმიტომ, რომ საქართველოს გადაწყვეტილი ჰქონდა ნატოში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით ჰქონდა დიდი წარმატება, მაგრამ ეს არის სრული პროპაგანდისტული ტყუილი. ტყუილი, რომელიც რეალურად ძალიან აქტიურად მუსირებდა და მაგრამ, რომელსაც ჩვენ ფარდა უნდა ავხადოთ. 2008 წელს იყო ერთ-ერთი ტალღა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. რეალურად, რუსეთის პასუხი საქართველოს თავისუფლებაზე, მის დამოუკიდებლობაზე არის სამხედრო აგრესია. ასეთი სამხედრო აგრესია მხოლოდ საქართველოში არ განხორციელებულა. ასეთი სამხედრო აგრესია შემდეგ განხორციელდა სრული მასშტაბით უკრაინაში, როგორც ყირიმის ანექსიის, ასევე აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციის თვალსაზრისით და ამ კონტექსტიდან გამომდინარე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ის მიზნები, რომლებიც რუსულ სახელმწიფოს ამოძრავებდა და ამოძრავებს თავის მეზობლებთან მიმართებაში. დღეს ჩვენ ასევე ვდგავართ იგივე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. რუსული სამხედრო მანქანა და მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი პროპაგანდისტული მანქანა, დღეს აქტიურია არა მარტო საქართველოში და უკრაინაში, არა მარტო იმასთან, რასაც რუსული სახელმწიფო ახლო სამეზობლოს უწოდებდა, არამედ აქტიურია ფაქტობრივად უკვე ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. ეს ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ და რომლიდან გამომდინარეც უნდა დავსახოთ ჩვენი სამოქმედო და სამომავლო გეგმები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

წითელი ბაირაღი აჭარულ სახლზე

„ქვემო აჭარაში სახლის მშენებლობას კვირა დღეს იწყებდნენ, ზემო აჭარაში – ორშაბათს. მშენებლობის დაწყების დროს საძირკვლის ქვას მარჯვენა კუთხეში დადებდნენ და ამით სახლის მშენებლობა დაწყებულად ითვლებოდა. შემდეგ ნებისმიერ დღეს შეიძლებოდა მშენებლობის გაგრძელება.

ზემო აჭარაში სახლის უფროსი დიასახლისი საძირკველში საქონლის ბეწვს და ხურდა ფულს ჩაყრიდა, მამაკაცი დალოცვას მიაყოლებდა და სახლში საქონლის, ბარაქის და ფულის გამრავლებას ისურვებდა. ზემოაჭარლებისაგან განსხვავებით, ქვემო აჭარაში სახლის შესასვლელი მხარის მარჯვენა კუთხეში საქონლის ბეწვის ნაცვლად პურის მარცვლებს ყრიდნენ, ასევე სპილენძის ხურდა ფულსაც. სახლის მშენებლობის დაწყება დღის პირველ ნახევარში ჯობდა. მშენებლობისათვის საუკეთესო დროდ გაზაფხული ითვლებოდა. აგვისტოს შემდეგ წვიმების სეზონი ახლოვდებოდა და ამ დროს მშენებლობის დაწყებას ერიდებოდნენ.“

___________

სრული ვერსია წაიკითხეთ წიგნში „უცნობი ძველი აჭარა“ 

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი იუსტიციის სახლებში – სამწუთიანი პროცედურა და უფასო მკურნალობა

ოქტომბრიდან საქართველოს იუსტიციის სახლებში ერთი კუთხე C ჰეპატიტის სკრინიგს ეთმობა. ასე ცდილობს ჯანდაცვის სისტემა გაუადვილოს ხელმისაწვდომობა საქართველოს მოქალაქეებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგზე საჯარო სივრცეებში.

სკრინინგისათვის სულ სამი წუთია საჭირო. აქვს თუ არა C ჰეპატიტი, ამის შესახებ მოქალაქეს იმავე დღეს, ბოლოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე ეცნობება. იგი შეძლებს ჩაერთოს C ჰეპატიტის პროგრამაში და უფასოდ იმკურნალოს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტი ახალი თაობის პრეპარატს უფასოდ იღებს. სხვა ქვეყნებში მკურნალობის კურსის გავლა 60-80 ათასი ევრო ღირს, საქართველოში კი ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტი პრეპარატს 2020 წლამდე უფასოდ მიიღებს.

2020 წლის შემდეგ, როცა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის ხუთწლიანი პროგრამა დასრულდება, საქართველოს მოქალაქეს 80 ათასი ევრო დასჭირდება იმ მკურნალობის მისაღებად, რომელიც ახლა უფასოა.

„ვისაც ეს ინფექცია აქვს და ახლა არ აწუხებს, რამდენიმე წელიწადში დარჩებიან ამ დაავადებასთან პირისპირ “, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

C ჰეპატიტზე მოსახლეობის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს სამუშაო დღეებში – დილის 9 საათიდან 18 საათამდე იუსტიციის სახლის შემდეგ მისამართებზე:

[checklist]

  • აჭარა: ბათუმის იუსტიციის სახლი – ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. №7
  • თბილისი: თბილისის იუსტიციის სახლი – ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
  • იმერეთი : ქუთაისის იუსტიციის სახლი – ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ. № 20.
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი: ზუგდიდის იუსტიციის სახლი – ქ. ზუგდიდი, თეატრის ქუჩა №2; ფოთის იუსტიციის სახლი – ქ. ფოთი რუსთაველის წრე
  • გურია: ოზურგეთის იუსტიციის სახლი – ქ. ოზურგეთი, ი. პეტრიწის ქ. №9
  • შიდა ქართლი: გორის იუსტიციის სახლი – ქ. გორი, დ. გურამიშვილის ქ. №5
  • სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის იუსტიციის  სახლი – ქ. ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა, სკვერის მიმდებარედ
  • ქვემო ქართლი: რუსთავის იუსტიციის სახლი – ქ. რუსთავი, ხალხათა მეგობრობის გამზირი №29; მარნეულის იუსტიციის სახლი – ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. №1
  • კახეთი: თელავის იუსტიციის სახლი – ქ. თელავი, ერეკლე II-ის მოედანი №3; გურჯაანის იუსტიციის სახლი – ქ.  გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14

[/checklist]

 

ლევან იზორია: „თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს“

ბათუმში მიმდინარე რიგით მე-12 “საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე” (GDSC)  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თქვა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.

„ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში ძალიან კარგად ჯდება ის, რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოს ბატონი ბოლტონი ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ გაფრთხილება. პირიქით, რეალურად და სინამდვილეში, ბატონმა ბოლტონმა და სხვათა შორის, იმავე დღეს მატისმა, წერილით კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების მიმართ. კიდევ ერთხელ მოხდა იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ ანტისატანკო თანამედროვე „ჯაველინების“ სისტემის გადაცემა საქართველოსთვის არის უპრეცედენტო მოვლენა. მე პირად საუბარში ბატონი მატისისგან მოვისმინე, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ იღებენ, რომლებსაც განსაკუთრებული ნდობა და აღიარება აქვთ. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სისტემები უსაფრთხოდ იქნას დაცული. სწორედ ამ ნდობისა და აღიარების საფუძველზე გავაგრძელებთ სხვა ტიპის ტაქტიკური შეიარაღებების შეძენას აშშ-სგან. ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი ერთმანეთში აზიარებს იმის მაგივრად, რომ გამოიკვეთოს სტრატეგიული ხაზი, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ასეთი მოვლენების მიმართ ადეკვატური რეაქცია უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი, პირიქით, ხელს უწყობს, რომ ნეგატიურ კონტექსტში იყოს აღქმული განსაკუთრებით კი, შეიარაღებული ძალებისთვის. ეს არის მიუღებელი და მართლაც გამიზნული კამპანია იმისთვის, რომ მოხდეს დემორალიზება, ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების მიმართ, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელების თვალსაზრისით. მე შემიძლია პირიქით ვთქვა, ყოველ წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა, ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით აშშ-სთან წელს არის უფრო წინწასული, ვიდრე ეს შარშან იყო. მე გარწმუნებთ, რომ მომავალ წლებში ის დინამიკა, რაც დღეს გვაქვს, მათ შორის, სიმბოლურად, როდესაც აშშ-ის არმიის ასეული პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენი სამხედრო ინსფრასტრუქტურის ფარგლებში გაიწვრთნება, საფუძველს გვაძლევს, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ჩვენი ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოს“. 

ამ თემას გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფ ჰარტმანიც: „აშშ-ის შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობის პარტნიორია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები სათანადოდ და უსაფრთხოდ ინახავენ „ჯაველინებსა“ და სხვა სენსიტიურ თავდაცვით ტექნოლოგიებს. 

თემას ასევე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი, რომელმაც თქვა, რომ ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა: „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობა აქვთ. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად მოხმარება, კონტროლი და გამოყენება. ინფორმაცია, რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სიცრუე”,- აცხადებს ელიზაბედ რუდი.

 

ამერიკის საელჩოს გუშინდელი განცხადება:

რაზე ისაუბრებენ ბათუმში საქართველოს თავდაცვსა და უსაფრთხოების კონფერენციაზე

1-2 ნოემბერს, ბათუმში რიგით მე-12 “საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია” (GDSC) ტარდება. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნა.

“საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე” გადაწყვეტილების მიმღები პირები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში, ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს გაუზიარებენ.

კონფერენციის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში სრულიად ახალი დინამიკაა: „საქართველოს ისტორიაში პირველად, როტაციის პრინციპის საფუძველზე „კობრას“ ასეული ჩამოვიდა, აშშ-ის ასეული, რათა ჩვენი ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გამოყენებული იქნას სწავლებებისთვის. ეს არის სწორედ იმ პრინციპის კონკრეტული რეალიზება, რასაც ჰქვია მეტი ნატო საქართველოში. ჩვენ მომავალშიც ველოდებით სხვა, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისგან ამ პრინციპის საფუძველზე ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით სამხედრო სწავლებების ჩატარებას. ასე რომ, ეს არის სრულიად ახალი დინამიკა, რომელიც ადეკვატურად ჯდება ავტორიზაციის აქტით გაჟღერებულ ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგიის კონტექსტში. დღეს გვექნება გეგმებზე საუბარი, რომელიც უკავშირდება მზადყოფნის ცენტრის შექმნას, რაც პირველად სწორედ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გაჟღერდა“, აღნიშნა მან.

კონფერენცია ხუთი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველი პანელის თემა იქნება “ქვეყნები წნეხის ქვეშ – საფრთხეების შეკავება”, რომელსაც “პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი” უძღვება. მეორე სესიის განმავლობაში ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები განიხილება. მესამე სესიაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) უმასპინძლებს, ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე იმსჯელებენ. კონფერენციის მეოთხე პანელის თემა იქნება ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატოს “ღია კარის პოლიტიკა”. სესიას “ჯეიმსთაუნის ფონდი” (jamestown Foundation) წაიყვანს. მეხუთე პანელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან პარტნიორობით გაიმართება და დაეთმობა თემას – “შავი ზღვის გეოპოლიტიკა – ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივები”.

კონფერენციას 300-მდე მონაწილე დაესწრება, მათ შორის მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ბათუმში „ბერმელის“ გაძარცვა სცადეს

ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ბერმელის“ თანამშრომლის გაძარცვა სცადეს. შემთხვევა გუშინ, 31 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევარზე მოხდა.

„ორი ნიღბიანი ბიჭი მოვიდა ჩემს თანამშრომელთან, რომელიც ამ დროს ოფისს კეტავდა. ისინი ითხოვდნენ, კარი არ დაეკეტა და ფული მიეცა მათთვის. თანამშრომელმა კივილი დაიწყო და კისერში წაუჭირეს ხელი. ამ დროს მოცვივდა ხალხი და ფულის წაღება ვეღარ მოახერხეს. გამომძიებლებს უკვე მივეცით ჩვენება,“ – გვითხრა „ბერმელის“ დამფუძნებელმა, ეთერ ბერიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19-178 მუხლის შესაბამისად, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.

ქედაში აფეთქების შედეგად ბავშვის დაღუპვის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

ქედაში აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე თურქეთის სამი მოქალაქეა დაკავებული.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ქვეკონტრაქტორი შპს „ალბაირაქის” და შპს ,,დინამიტი-ლ.დ”-ს თანამშრომლები გამოძიების პირველადი ინფორმაციით უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად შესაძლოა გამოიკვეთოს ასევე სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ინერტული მასალების მოპოვებას სოფელ ჭინკაძეებში, სადაც ბავშვი დაიღუპა, მოსახლეობა 2015 წელს აპროტესტებდა, მაგრამ მათ არ მოუსმინეს.

აფეთქებული კლდე ზღვაში მიმდინარე მშენებლობისთვის

Exit mobile version