სიახლეები

გენო გელაძე: ჯემალ ფუტკარაძის ამ ფორმით არჩევა კონსტიტუციის არცოდნა და უპატივცემულობაა

15.03.2015 • 2136
გენო გელაძე: ჯემალ ფუტკარაძის ამ ფორმით არჩევა კონსტიტუციის არცოდნა და უპატივცემულობაა

 

ბატონო გენო, სამართლებრივად არის თუ არა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე ვიცე-სპიკერად არჩეული?

 

აჭარის კონსტიტუცია ამ წესს კარგად არეგულირებს, სიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 11 ხმა თუ შეგროვდება თავმჯდომარე და მისი  მოადგილე ამ შემთხვევაში არის სწორად არჩეული. სხვა გამონაკლისს კონსტიტუცია არ სცნობს, არც ერთ ვითარებაში,  თუ ამ შემთხვევაში 11 ხმა არ არის,  ეს ნიშნავს იმას, რომ თავმჯდომარის მოადგილე არჩეული არ არის.

 

დეპუტატები მიუთითებდნენ რეგლამენტზე…

 

რეგლამენტი ამ წესს ვერ შეცვლის, რადგან რეგლამენტი კონსტიტუციდან უნდა გამომიდინარეობდეს. რეგლამენტმა შეიძლება დაადგინოს პროცედურა, მაგრამ ციფრებს ის ვერ შეცვლის ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც კონსტიტუციისგან განსხვავებულ წესს ვერ დაადგენს, ამ შემთხვევაში რეგლამენტით არის გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. რვა ხმით თავმჯდომარის მოადგილეს ვერ აირჩევდნენ,  რითიც არ უნდა ეხელმძღვანელათ, ამას არეგულირებს აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.

 

დეპუტატების ნაწილმა თავმჯდომარის მოადგილეს მიულოცეს არჩევა, მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, თქვენი შეფასებით ეს მოცემულობა რას ნიშნავს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ამ დეპუტატებს არ აქვს წაკითხული აჭარის კონსტიტუცია თუ?

 

ნაწილმა არ იცის და ნაწილი პატივს არ სცემს, ეს არის ძალიან ცუდი. ეს არის ჩვენი კანონმდებლობის უპატივცემულობა. ამას მე დავარქმევდი არაკანონმრჩილებას. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები პატივს არ სცემენ აჭარის კონსტიტუციას, ვფიქრობ არ ცოდნაზე მეტად არის უპატივცემულობა.

 

ის, რომ საკანონმდებლო ორგანოს  რეგლამენტი და კონსტიტუცია შეუსაბამოა ერთმანეთთან,  რას ნიშნავს?

 

ეს ნიშნავს უცოდინრობას. აქამდე ეს ჩანაწერი არ უნდა ყოფილიყო. ძალიან ბევრი ჩანაწერია რეგლამენტში, რომელიც ეწინააღმდეგება უფრო ზემდგომ კანონს, ვიდრე რეგლამენტია. რეგლამენტი არის პროცედურა,  ის ვადებს და ქვორუმებს ვერ დაადგენს, ეს გამორიცხულია. ეს რომ წინააღმდეგობაში  მოდის, ყველა დეპუტატმა უნდა იცოდეს, უნდა იცოდნენ, რომ კონსტიტუცია ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

ეს რეგლამენტი, რომელიც შეუსაბამოა აჭარის  კონსტიტუციასთან,  ამ მოწვევის უმაღლესი საბჭოს  მიღებულია?

 

ეს რეგლამენტი არის ადრინდელი, მაგრამ თუ დააკვირდებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თითქმის ყველა სხდომაზე ცვლილებები შეაქვს ამ რეგლამენტში, სისტემურად არ მიუდგნენ  რეგლამენტს, შეიძლება ეს უცოდინრობამაც გამოიწვია, ყველაფერს განათლება სჭირდება, ადამიანური და კვალიფიციური რესურსები. რეგლამენტი გასაუმჯობესებელია ძალიან ბევრ ნაწილში, ეს არის არცოდნაც, უპატივცემულობაც…ის რომ კონსტიტუციის ნორმას დეპუტატები პატივს არ სცემენ.  ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ახლა ვინ არის უმრავლესობა და  უმცირესობა, ეს დამოკიდებულება ყველას დანაშაულია.  როცა ასე შეუსაბამოა რეგლამენტი კონსტიტუციასთან, ეს ხომ უნდა გაასწორო? თუ ეს არ გაასწორე, აბა მეტი რას აკეთებ?  ეს  რომ ვერ გააუმჯობესე –  ქვეყანას და რეგიონს ვერ მართავ.

ისევე როგორც საჯარო სამსახურში მიღების დროს ადამიანებს სთხოვენ ძირითადი კანონმდებლობების, მაგალითად კონსტიტუციის ცოდნას, როცა ადამიანი კენჭს იყრის და სურვილი გაუჩნდება გახდეს დეპუტატი, საკრებულოში, უმაღლეს საბჭოსა თუ პარლამენტში,  რაღაც კვალიფიკაციას უნდა აკმაყოფილებდეს. ვფიქრობ საჭიროა ჩვენს ქვეყანაში კენჭისყრამდე რაღაც ტესტირების გავლა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: