Batumelebi | საქართველოს მოქალაქის უკრაინელ მეუღლეს ბინადრობის ნებართვას არ აძლევენ საქართველოს მოქალაქის უკრაინელ მეუღლეს ბინადრობის ნებართვას არ აძლევენ – Batumelebi

საქართველოს მოქალაქის უკრაინელ მეუღლეს ბინადრობის ნებართვას არ აძლევენ

 

ბათუმში მცხოვრები ირაკლი ძნელაძის მეუღლეს, იულია ბანკოვას, რომელიც უკრაინის მოქალაქეა,  საქართველოში ბინადრობის ნებართვას არ აძლევენ. ირაკლი და იულია 2014  წელს უკრაინაში დაქორწინდნენ. წყვილმა საქართველოში ცხოვრების გადაწყვეტილება მიიღო და იულია ბავშვთან, 1 წლის 2 თვის ბარბარესთან ერთად ჩამოვიდა ბათუმში.  ოჯახი ახლა მეორე ბავშვს ელოდება, თუმცა იულიას საქართველოში ყოფნის დრო ეწურება, ბინადრობის ნებართვაზე კი მას უარი უთხრეს.  


ირაკლი ძნელაძე და იულია ბანკოვა
ირაკლი ძნელაძე და იულია ბანკოვა

„2014 წლის აგვისტოში, ჩემს უკრაინელ მეუღლესთან ერთად გადავწყვიტეთ გვეცხოვრა საქართველოში, აქამდე ხან მე ვიყავი კიევში, ხან ის – ბათუმში. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მივმართე იუსტიციის სახლს შეკითხვით: თუ რა საბუთები მჭირდება, რათა ჩემმა უკრაინელმა მეუღლემ და ბავშვმა საქართველოში შეძლონ ცხოვრება კანონიერად. იქ მითხრეს, რომ დ4 კატეგორიის ვიზაა საჭირო დედა-შვილისთვის, რაც ოჯახის გაერთიანებას ნიშნავს… ამ მიზნით მეუღლემ მიმართა საქართველოს საელჩოს უკრაინაში, სადაც ბევრი გაურკვეველი მისვლა – მოსვლის შემდეგ მისცეს ვიზა. ამ ყველაფრის მერე, მეუღლე და შვილი ტოვებენ უკრაინას სამუდამოდ და გადმოდიან საქართველოში საცხოვრებლად . იუსტიციის სახლში საბუთების ჩაბარების შემდეგ, 1 თვეში ბინადრობაზე გვეუბნებიან უარს!  თავიდან რომ შევიტანოთ საბუთები მინიმუმ 1 თვე უნდა გავიდეს, 1 თვეში კი ვიზას დრო გაუდის უკვე, ანუ გამოდის, რომ უკვე არალეგალები არიან. ეხლა რომ გაფრინდეს ისევ უკრაინაში თვიფრინავში აღარ აუშვებენ, რადგან მე-8 თვეშია ორსულობის“ – წერს ირაკლი ძნელაძე ფეისბუქზე.  

 

„ბათუმელებთან“ ირაკლი ძნელაძე ამბობს,  რომ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად ყველა მოთხოვნილი და ნოტარიულად დამოწმებული საბუთი მიიტანა იუსტიციის სახლში და საჭირო თანხა -180 ლარი გადაიხადა, თუმცა იულიას ბინადრობაზე უარი ისე უთხრეს, რომ მიზეზი არც აუხსნიათ.

 

„მიზეზი არ აუხსნიათ. ზოგი მეუბნება, რომ ყველას, ავტომატურად უარს ეუბნებიანო, ათასი ვერსია მოვისმინე. ვაპირებ გასაჩივრებას. ფეისბუქზე სტატუსს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, დაველოდები ორ დღეს და შემდეგ უკვე ვიჩივლებ, სხვა გზა აღარ მაქვს“ – ამბობს ირაკლი.  

 

რა მიზეზით უთხრა უარი სახელწიფომ საქართველოს მოქალაქის მეუღლეს  ბინადრობაზე, ამ, და თემასთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე პასუხს  „ბათუმელები“ სერვისების განვითარების სააგენტოსგან ელოდება.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე