სიახლეები

“ავტობანის გამო აგრობარათებს ვერ ვიყენებთ”

04.03.2015 • 1451
“ავტობანის გამო აგრობარათებს ვერ ვიყენებთ”

„სახელმწიფო დახვნის ვაუჩერს გვაძლევს და ვერ ვიყენებთ. შარშან გზის მშენებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა გარანტია მოგვცეს, რომ ღობეს აღადგენდნენ და სიმინდიც დავთესეთ. თუმცა, 30-ზე მეტ ოჯახს 21 დღის ამოსული სიმინდის ყანა საქონელმა გადაგვიჭამა. ეს მეორედ მოხდა. შარშანწინდელი ზარალი, 1 კვადრატულ მეტრზე 27 თეთრი, აგვინაზღაურეს, ესეც, გზა რომ გადავკეტეთ მერე. გასული წლისას კი, დღემდე ვითხოვთ. თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, გზას ისევ გადავკეტავთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ხუცუბნელი მალხაზ ცეცხლაძე.

ქობულეთის ასაქცევი გზის მშენებლობა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის საავტომობილო გზების დირექციის დირექტორის ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, კომპენსაციის საკითხი გადაწყვეტილია და მოსახლეობა მას უახლოეს დღეებში მიიღებს: „პირადად შევხვდი მაგ ხალხს, შევპირდი და საკითხი ფაქტობრივად მოგვარებულია. პატარა ტექნიკური დეტალია დარჩენილი და ერთ კვირაში მიიღებენ კომპენსაციას“.

დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ კომპენსაციის მიღებას იანვრის ბოლოსთვის დაჰპირდნენ: „ადრე, გზა როცა გადავკეტეთ, ნახევარ საათში მოიტანეს ფული და დაგვირიგეს. ამჯერად რატომ ყოვნდება, არ ვიცით. ხარჯი გავწიეთ, დავზარალდით და იმ 27 თეთრსაც გვამათხოვრებენ“.

თანხის გაცემა, როგორც დირექციის ხელმძღვანელი აცხადებს, „მთელი პროცესია… თანხის გაცემას უნდა დასაბუთება, შესათანხმებელი იყო ჯერ დეპარტამენტში, შემდეგ მთავრობამ განიხილა, შესათანხმებელი იყო აზიის ბანკთანაც (დონორი ორგანიზაცია, რომელიც გზის მშენებლობას აფინანსებს – ავტ.), მშენებელ კომპანიასთან. ასე მივაღწიეთ იმას, რომ მიიღებენ თანხას“.

დირექციის ინფორმაციით, კომპენსაციას 32-მდე ოჯახი მიიღებს, რისთვისაც მთლიანობაში 42 ათასამდე ლარია გათვალისწინებული.

კომპენსაციასთან ერთად მოსახლეობა მეორე საკითხსაც აყენებს, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

„კომპენსაცია რომც მოგვცენ, წელს ნაკვეთებით მაინც ვერ ვისარგებლებთ, თუ ღობე არ გაკეთდა. სულ ნახევარ კილომეტრამდე მონაკვეთია შესაღობი. ვეუბნებით კომპანიის წარმომადგენლებს, მოსახლეობაც გამოვალთ, დაგეხმარებით შეღობვაშიო, მაგრამ დაგვპირდებიან და არაფერი. მთავრობა ამ დახვნის ვაუჩერებს რომ გვირიგებს, ხომ უნდა ვისარგებლოთ. გვესმის, დღეს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ რაც დააშავა კომპანიამ, თავად უნდა გამოასწოროს. აპრილამდე ღობე თუ არ გაკეთდა, გამოდის, ვერ დავხნავთ მიწას“, _ ამბობს მალხაზ ცეცხლაძე.

მოსახლეობის თქმით, ღობე ორი წლის წინ უნდა გაკეთებულიყო. დღეს კი, უკვე გაყვანილი გზის გასწვრივ რკინის მოაჯირებიც რომ გაკეთდეს, შემოსაღობი მანძილი საგრძნობლად შემცირდება: „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შარშან ნოემბერში შეტანილ განცხადებაზე, აგერ ახლა, 9 თებერვალს გვიპასუხეს. ქონების მართვისა და აგრალურ საკითხთა კომისიამ განიხილა საკითხი და ეს „წარმოადგენს კერძო სამართლებრივ დავას და კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია იმოქმედოთ კანონის შესაბამისადო“. გაქვთ უფლება და იდავეთო – ეს რომ მოგვწერონ პასუხად, ამისთვის ავირჩიეთ ეს ხალხი და ამისთვის ვუხდით ხელფასს?“.

ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, ყველაფერი თავის დროზე კომისიამ შეამოწმა: „იყო სოფლის გამგებელიც, საკრებულოს დეპუტატიც, მოსახლეობაც და მოხდა აზომვა, დათვლა… ეს ღობეებიც აღდგება, ალბათ. ასე იყო ჩოლოქშიც და შეიღობა. სადაც ყანები ჰქონდათ, გადასასვლელებიც მოეწყო“.

კონკრეტულად როდის მოაგვარებს პრობლემას მშენებარე კომპანია? – ამ კითხვაზე, დაპირების მიუხედავად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

ავტობანის მშენებლობა სოფელ ხუცუბანში. ფოტო: თედო ჯორბენაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: