Batumelebi | მოსამართლე ბრალდებულს: ანუ პროკურორი დაგემუქრათ? მოსამართლე ბრალდებულს: ანუ პროკურორი დაგემუქრათ? – Batumelebi
RU | GE  

მოსამართლე ბრალდებულს: ანუ პროკურორი დაგემუქრათ?

 

დღეს, 2 მარტს  პროკურორის მიზეზით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული მეზღვაურის პროცესი მესამეჯერ გადაიდო.  

 

პროკურორის ადგილი სასამართლო დარბაზში


მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ამჯერად პროკურორის წერილობითი შუამდგომლობა წაიკითხა. პროკურორი ირაკლი დონდოლაძე მოსამართლეს წერდა,  რომ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აქვს ჩანიშნული პროცესი და სწორედ ამის გამო ვერ მოახერხა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესზე გამოცხადება. 


გიორგი (სახელი პირობითია) ბათუმში ცხოვრობს და ბოლო შრომითი ხელშეკრულების მიხედვით ის კაპიტნის მესამე თანაშემწე იყო შორეულ ნაოსნობაში. მას ბრალად ედება ნარკოტიკების შეძენა-შენახვა. მასთან ერთად  საქმეში კიდევ მეორე ბრალდებული ფიგურირებს, რომლის საქმე დაცვის მხარის შუამდგომლობით მოსამართლემ წინა სასამართლო პროცესზე  გამოყო. 


გიორგის ადვოკატმა დღეს მოსამართლეს უთხრა,  რომ მათ ინტერესებში შედის საქმის დროულად დასრულება. ადვოკატის შეფასებით პროკურორი  პროცესს აჭიანურებს. თავად ბრალდებულმა  მოსამართლეს მიაწოდა ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, რომელიც ბრალდებულსა და პროკურორს შორის 1 მარტს შედგა. ბრალდებულის განცხადებით, პროკურორმა  ირაკლი დონდოლაძემ მას უთხრა, რომ მისი საქმე მანამ არ დასრულდება, ვიდრე სასამართლო განაჩენს მეორე ბრალდებულს არ გამოუტანს {ვინც მასთან ერთად იყო ბრალდებული და ვისი საქმეც მოსამართლემ ცალკე გამოყო}.


 ანუ თქვენ ფიქრობთ რომ პროკურორი დაგემუქრათ? -ჰკითხა მოსამართლემ ბრალდებულს. ბრალდებულმა კი მოსამართლეს უთხრა, რომ ასე არ ფიქრობს, თუმცა საჭიროდ ჩათვალა ეს მოსამართლეს სცოდნოდა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა