სიახლეები

ბათუმში ძველი სინაგოგის შენობა ჩამოინგრა

20.02.2015
ბათუმში ძველი სინაგოგის შენობა ჩამოინგრა

შპს ”გუმბათი ჯგუფის” სამუშაოთა მწარმოებელი გურამ კონცელიძე ამბობს, რომ შენობა დიდი ხანია ამორტიზებული იყო და მისი დანგრევა გარდაუვალი იყო, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ძველი სინაგოგის შენობის ნგრევა, საცხოვრებელი სახლის საძირკველის ამოთხრამ დააჩქარა – ”შენობა ამორტიზებული იყო. მასზე ძალიან დიდი ბზარები იყო. საცხოვრებელი სახლის მშენებლობამდე ჩვენ გავამაგრეთ ეს შენობა, საძირკველი გავუმაგრეთ, კედლები სპეციალური ღვედებით დავამაგრეთ. ეს ძალიან ძველი შენობაა 1923 წლიდან გადასცეს სათვისტომოს, იქამდე კი საცხოვრებელი სახლი იყო. მას შემდეგ იქ არავინ ცხოვრობს და არც სარემონტო სამუშაოები ჩატარებია შენობას” – ამბობს ის. 

ძველი სინაგოგის შენობა ნაწილობრივ ქვის და ნაწილობრივ ხისგან იყო ნაშენი –  ”მას შემდეგ რაც შენობა ებრაელთა სათვისტომოს გადაეცა, იქ შიდა კედლები გამოიღეს და გააფართოვეს. შენობას არანაირი ”პერეგაროტკები” არ ჰქონდა. ის დიდი ხანია უპატრონოდ იყო მიტოვებული და ადრე თუ გვიან მაინც დაინგრეოდა” – ამბობს გურამ კონცელიძე.

შენობა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს.

შენობაში 1995 წლიდან უსახლკარო, სოციალურად დაუცველი შოთა სეფიაშვილი ცხოვრობდა, რომელიც შენობის ჩამონგრევისას სახლში არ იმყოფებოდა – ”მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, მძიმე ფორმაში მაქვს შაქრიანი დიაბეტი, ვუვლიდი შეძლებისდაგვარად აქაურობას, დიდი ხანია აქ ვცხოვრობ. 92 წლიდან აქ არ ფუნქციონირებდა სინაგოგა. აქ პატარა ოთახში ვცხოვრობდი. შენობას ჰქონდა ბზარები, მაგრამ კარგი ოთახი იყო. მშენებლობა რომ დაიწყო კედლები უფრო სერიოზულად დაიბზარა. სამშენებლო კომპანიამ სამადლოდ ცალკე ქვის ოთახი ამიშენა, მაგრამ აქაც წყალი ჩამომდის და ძალიან გთხოვთ, რომ დამეხმაროთ” – ამბობს ის.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზაალ მამუჭაძის თქმით,  ზარალს შოთა სეფიაშვილს სამშენებლო კომპანია აუნაზღაურებს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.