მთავარი,სიახლეები

რა შეუთვალა ხელვაჩაურში „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ნაციონალებს

06.10.2017 • 3140
რა შეუთვალა ხელვაჩაურში „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ნაციონალებს

ხელვაჩაურში სამწლიანი გამგებლობით ნადიმ ვარშანიძე კმაყოფილია. კონკრეტულ პრობლემებზე და გასული წინასაარჩევნო დაპირებების შეხსენების დროს, აუცილებლად ახსენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმას, რომ „ყველაფერს დრო სჭირდება“ და „ოაზისში არ ვცხოვრობთ“… ნადიმ ვარშანიძეს ამჯერად ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეობა სურს. ის „ქართულმა ოცნებამ“ ხელვაჩაურის პარიტული სიის პირველ ნომრად დაასახელა, თუმცა სამომავლო გეგმებზე ის ჯერ არ საუბრობს.

ბატონო ნადიმ, 2014 წლიდან ხელვაჩაურის გამგებელი ხართ. კმაყოფილი ხართ თქვენი მუშაობით?

ყველა ადამიანი თავისი საქმით კმაყოფილია, თუმცა საქმეს, საბოლოო ჯამში, საზოგადოება და ისტორია აფასებს, ესაა ჩემი პასუხი.

რამდენიმე პრობლემაზე მინდა გკითხოთ. „წყალი ყველა ოჯახში უნდა მივიდეს, კომპლექსურად – აუზიდან ონკანამდე,“ – ეს წინაასარჩევნო დაპირება თქვენ 2014 წელს გაეცით. რატომ არ შეასრულეთ დაპირება?

წყალი თითქმის ყველა სოფელში მოგვარდა და გვარდება. გეთანხმებით, რომ რამდენიმე სოფელში არ არის, მაგრამ ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხდა. რომ მოვედი გამგებლად, სოფლების 90 პროცენტში წყალი არ იყო, ახლა თითო-ოროლა სოფელია დარჩენილი და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. მალე მტირალა-ყოროლისთავის სისტემა ამოქმედდება და 1800 ოჯახზე გადანაწილდება წყალი, ყველაფერს დრო სჭირდება. ჩვენ ჩავერთვებით წყლის საერთო სისტემაში, ამჟამად „ბათუმის წყალთან“ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ KFW სისტემაში ჩაერთოს ხელვჩაურიც მთლიანად.

სოფელ ფერიაში, გიგინეიშვილების დასახლებაში წყლის სისტემა 2015 წელს მოეწყო, მაგრამ მოსახლეობას  წყლის ისევ არ აქვს. ამის თაობაზე რამდენიმე თვის წინ ვწერდით. რა მდგომარეობაა ახლა ფერიაში?

მაქ საუკუნეები წყალი არ ყოფილა. ფერიაში პრობლემა შექმნა იმან, რომ თავი იჩინა პატარ-პატარა პრობლემებმა. სადაც არსებობს ადამიანი, იქ არსებობს პრობლემა. ის მოიკითხეთ, როდის გაკეთდა მაგ სოფელში წყალი… ჩვენს დროს გაკეთდა და მაინტერესებს, 2012 წლამდე რატომ არ იყო წყალი.

გაზიფიცირების პროცესის შეჩერებაზეც საუბრობს ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიცია…

ოპოზიცია იმისთვის არსებობს, რომ გაკრტიკოს. არაფერი არ შეჩერებულა, პროცესი მიდის. თუკი „ნაციონალების“ დროს ბიუჯეტიდან მიდიოდა ამისთვის თანხები, ახლა პირიქით, კომპანია „სოკარს“ ვაკეთებინებთ ჩვენ ყველაფერს. 8 თემში მივიყვანეთ გაზი.

თქვენი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ გეგმის მიხედვით ბეშუმამდე უნდა ასულიყო გაზი, რეალურად კი მხოლოდ ორ სოფელში გაიყვანეს გაზი.

მაგენი ბევრ რამეს ამბობენ. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, მე ახლა ზუსტი ციფრები არ მახსოვს, სად გაკეთდა… ჩვენ შუამდგომლობასაც ვთავაზობთ მოსახლეობას და რიგ შემთხვევებში „სოკარს“ განვადებითაც შეჰყავს ოჯახებში გაზი… ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და ახლა ვერ გეტყვით.

მაჭახლის დაცული ტეროტორიის განვითარება რატომ ვერ მოხერხდა. თუ გახსოვს წინა არჩევნებზე ამასაც ჰპირდებოდით მოსახლეობას?  

როგორ არ მოეწყო, ჩხუტუნეთში ასვლამდე გზა გაკეთდა, ოფისები გააკეთა დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ბილიკები კეთდება, გარეგანათება, მეტი რა უნდა გაკეთებულიყო?… მსხვილ ობიექტებს და განვითარებას რაც შეეხება, ეს ბიზნესის საქმეა.

რატომ არ ინტერესდება ბიზნესი, თუკი შესაბამისი გარემო უკვე არსებობს?

როგორ არ ინტერესდება, დაინტერესებულია კერძო ტურიზმი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები… ზუსტად მე არ ვიცი, დაცული ტერიტორიების სააგენტო მუშაობს ინტენსიურად ამაზე.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მობილური და კანონიერი გავხადოთ მიწის რეფორმა,“ – ესეც თქვენი ერთ-ერთი წწინასაარჩევნო დაპირება იყო 2014 წელს. მაშინ თქვენ გამგებლობა გინდოდათ. ამ კუთხით პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. რატომ ვერ შეასრულეთ ეს პირობა?

დაიწყო ეს პროცესი ქედა-შუახევ-ხულოში და მალე ჩვენთანაც დაიწყება. კანონი შეიცვალა და ეს არის საპილოტე პროგრამა მაღალმთიანეთში… საუბარია იმაზე, რომ ვისაც 2500 კვადრატული მეტრი მიწა აქვს და კაპიტალური შენობა ედგა მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდე. ამ ოჯახებს თემის რწმუნებულების და მეზობლების დადასტურება დასჭირდებათ… იმიტომ ვერ გავაკეთეთ აქამდე, რომ ამას დალაგება სჭირდებოდა, ტრადიციებია, მამა-პაპისეული მიწები და ამას ყველაფერს გაანგარიშება უნდა, რომ ერთი ადამიანიც არ დარჩეს ნაწყენი. ეს პროცესი საჭიროებს ძალიან სკულპუოზურ შესწავლას, დაპირისპირება არ უნდა მოხდეს მოქალაქეებს შორის.

„რატომ აღარ არის მეწყერი ხელვაჩაურში…“ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თქვენი ეს ფრაზა, რომელიც აჭარის მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე თქვით…

ფაქტია, რომ ჩვენ სანიაღვრე სისტემების მოწყობა მივიყვანეთ ბოლომდე და 100-მდე ფერდსამაგრი გავაკეთეთ, რამაც თავისი შედეგი დადო. კიდევ ბევრ სოფელში გვჭირდება ფერდსამაგრი და ამას გავაკეთებთ. ვფიქრობ, ეს სამუშაოები მინიმუმამდე დაიყვანს მეწყრულ პროცესებს.

გამგებლობის დროს თქვენ დაგადანაშაულეს ნეპოტიზმში. ოპოზიციამ 20-მდე თანამშრომელი დაგითვალათ, ვისზეც ტქვეს, რომ თქვენი ნათესავები  ან მეგობარი არიან…

ეს არის სუფთა წყლის ნაყვა. ყველა ამ ადამიანმა, რაზეც დაობდა ოპოზიცია, გაიარა კონკურსი და ამის დოკუმენტაცია არსებობს, შეგიძლიათ ნახოთ. იქ ნახავთ რამდენმა ახალგაზრდა დავასაქმეთ, ვინც წარმატებით დაასრულა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი. ისინი დასაქმდნენ პროფესიონალიზმის ნიშნით და არავითარი სხვა კავშირი არ არსებობს. ამ შერჩევას ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა და ყველამ დადებითაც შეაფასა ეს პროცესი. მაგალითად, „ინტელექტი“ აკვირდებოდა, პროფკავშირებიც იყვნენ…

ოპოზიცია რატომ არ მიიწვიეთ კომისიაში?

როგორ არ მოვიწვიე? ბურჯანაძის წარმომადგენლები იყვნენ კომისიაში, ნაციონალებსაც შევუთვალეთ… მაგენი ასეთ დროს სპეციალურად არ მოდიან, რომ მერე სალაპარაკო ჰქონდეთ. მე მაგენსავით პარტიული ნიშნით არ დამინიშნავს ვინმე და არც გამითავისუფლებია. ეგაა ჩემსა და მაგენს შორის განსხვავება. ჩვენი ქვეყნის მომავალს კადრები წყვეტენ, პროფესიონალი ადამიანები და არა პარტიული ნიშნით დანიშნული ადამიანები. მოიკითხეთ ერთი, რა ხდება გამგეობის კულუარებში, ოპოზიცია დადის და ხალხს აფრთხილებს, მოვალთ ჩვენ და თუ მხარს არ დაგვიჭერთ, გაგათავისუფლებთო. ეს მათი მეთოდია, რაც ყველამ კარგად იცის. არ ყოფთ ჩვენ ადამიანებს ჩვენიანებად და მათიანებად. მე არავინ გამიშვია სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით.

თქვენ უკანონოდ გაათავისუფლეთ ფეხმძიმე ქალი – გულნაზ ღლონტი, რომელმაც შემდეგ სამივე ინსტანციის სასამართლო მოგიგოთ…

გულნაზ ღლონტი კანონმა გაათავისუფლა, მერე სასამართლომ გაამართლა და ჩვენ დავაბრუნეთ სამსახურში. ის დღესაც ჩვენი გუნდის წევრია და ჩვენი წარმომადგენელია. სასამართლო მომიგო, რადგან კანონიერ ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო ეს ყველაფერი.

თქვენ რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღეთ და ბიუჯეტიდან განაცდურის ასანაზღაურებლად ათასები დაიხარჯა, ამის გამო პასუხი ვინმემ აგო?

არ არის ასე, უკანონო არ ყოფილა ჩემი გადაწყვეტილება. გთხოვთ, კანონს ძალიან ფაქიზად მოექეცით. მე წავიკითხე სასამართლოს გადაწყვეტილება და იქ არსად ეწერა, რომ უკანონოდ მოვიქეცი.

სასამართლომ თქვენი გადაწყვეტილება გააბათილა, სამართლებრივად ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკანონო იყო. ანუ ფიქრობთ, რომ პასუხი არავის არ უნდა ეგო წაგებული სასამართლოს შემდეგ, რამაც ბიუჯეტი დააზარალა?

რა პასუხისმგებლობაზე მესაუბრებით, პასუხს აგებდა ვინმე, თუკი სისხლის სამართლის დანაშაული დადგინდებოდა. შეცდომა ხდება, შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის, სახელმწიფოა ეს, თქვენ, აბა, ოაზისში ცხოვრობთ?… განაცდურიც ავანაზღაურეთ, სასამართლომ დაგვავალა. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ, ჟურნალისტები არ ხართ მიჩვეული ასეთ პროცესებს. ადრე ყოველთვის მთავრობა იგებდა სასამართლოს და უკანონოს ეძახით ამ საქმეს, რადგან ახლა გამგეობამ წააგო.

2016 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი გამგებელი აღმოჩნდით ქედის, ხულოს, შუახევის და ხელვაჩაურის გამგებლებიდან…

ასე არაა. მე ვარ საზღვაო აკადემიაში სრული პროფესორი და იქ მიღებული ხელფასიც მიათვალეს. მე მაქვს უფლება, ვეწეოდე აკადემიურ საქმიანობას.

ბატონო ნადიმ, ეს ციფრები ჩანს ოფიციალური დეკლარაციიდან, რომელიც თქვენ შეავსეთ. 2016 წელს აიღეთ 51 326 ლარი, როგორც გამგებელმა და 26 ათასი ლარი, როგორც პროფესორმა. ხულოს გამგებელმა, მაგალითად, 37 ათასი აიღო, შუახევმა – 45 ათასი…

არაა ეს ციფრები სწორი, გამგებლებს ერთნაირი ხელფასები გვაქვს.

ხელფასის მონაცემი ნადიმ ვარშანიძის 2016 წლის ოფიციალური დეკლარაციიდან

ხელფასის მონაცემი ნადიმ ვარშანიძის 2016 წლის ოფიციალური დეკლარაციიდან

ხელფასის მონაცემი ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ოფიციალური დეკლარაციიდან

ხელფასის მონაცემი ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ოფიციალური დეკლარაციიდან

„ნაციონალურ მოძრაობის“ კანდიდატმა გვითხრა, რომ თქვენ ამ პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად მუშაობდით ურეხში 2010 წელს, ასეა?

ვნახე ეს განცხადება. ამით ცდილობენ, რომ გამაშაონ, ჩირქს მცხებენ… მე მაგ დროს მხოლოდ სამეცნიერო მუშაობს ვეწეოდი აკადემიაში და უნივერსიტეტში. რომც ვყოფილიყავი შტაბის წევრი, ამას არ დავმალავდი, რადგან მე ჩემი წარსულის არ მრცხვენია. საინტერესო ისაა, რომ მათ მიაჩნიათ სამარცხვინოდ, ვინმე თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო. შტაბის წევრი არასდროს ვყოფილვარ, მით უმეტეს, ხელმძღვანელი.

რას ჰპირდებით ამჯერად ხელვაჩაურის მოსახლეობას, თუკი საკრებულოს თავმჯდომარე გახდებით?

გასაოცარს არაფერს ვაპირებ. თუკი ამირჩევენ, ისევ ისე ვემსახურები ჩემს საზოგადოებას, სამშობლოს, როგორც აქამდე. თუ ამირჩევენ საკრებულოში, პროექტების მეტი რა მაქვს. ამაზე მერე მოგიყვებით, როცა ამირჩევენ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: