სიახლეები

81 პატიმარი უვადო სასჯელით

16.02.2015 • 3960
81 პატიმარი უვადო სასჯელით

 

ბათუმში, ზღვის სანაპიროსთან მოკლულ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 2012 წლიდან ამ დრომდე აჭარაში უვადო პატიმრობა მხოლოდ მარიამის მკვლელობაში ბრალდებულს შეუფარდეს.
 უვადო პატიმრობამისჯილი სად-ის მე-6 და მე-8 დაწესებულებაში ბათუმის, ხელვაჩაურისა და ხულოს მცხოვრები 12 მოქალაქე იხდის, მათ შორის ერთი ქალიცაა. ყველა მათგანი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლითაა გასამართლებული (მუხლი 260. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.) მათგან ერთ-ერთი პატიმარი შიმშილობისგან რამდენიმე დღის წინ მძიმედ შეიქმნა: პატიმრები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე საიმედოა. ამის მიუხედავად, ის შიმშილობას აგრძელებს. კიდევ ერთი პატიმარი, ვინც შიმშილობს, C ჰეპატიტითაა დაავადებული.
შიმშილობს ასევე საქართველოში ჩამოსული ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულიც. მასაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

უვადო პატიმრობამისჯილებმა შიმშილობა გასულ წელსაც გამოაცხადეს, ერთ-ერთი მოშიმშილის ინფორმაციით, მაშინ ერთი პატიმარი შიმშილობის დროს გარდაიცვალა.
გიორგი გელაძე უკვე მე-19 წელია სასჯელს იხდის. ყოფილ პოლიციელს ბრალი ედება იმაში, რომ ერთი ადამიანი საქართველოში მოკლა, ორი კი ბაქოში, ამის გამო აზერბაიჯანის სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა, რაც ძალაში დატოვა საქართველოს სასამართლომაც.
პატიმარი გელაძე 42 წლისაა, ის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრისას ის ამბობს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ის ამნისტიის კანონის გავრცელებას უვადო პატიმრობამისჯილებზეც ითხოვს. მძიმე ავადმყოფებსა და მოშიმშილეებს შორისაა ხულოში მცხოვრები 59 წლის, ა.გ.-ც რომელიც მძღოლად მუშაობდა და ნარკოტიკული ნივთიერების გადატანისთვისაა გასამართებული. გელაძე ამბობს, რომ ამ პატიმრის, ისევე როგორც რამდენიმე სხვა უვადოპატიმრობამისჯილის სისხლის სამართლის საქმე „ძალიან სუსტია“. თუკი მათ საქმეებს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის ან სასამართლო გადასინჯავს, რამდენიმე მათგანი შესაძლოა უდანაშაუალოდ ცნოს კიდეც: „2012 წელს ამნისტიცია მთლიანად ან ნაწილობრივ შეეხო ყველა (24 ათას) მსჯავრდებულს, მათ შორის განსაკუთრებითი მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულებს, და მათ შორის იმათაც, ვინც იმავე მუხლებით არიან გასამართლებულები, რა მუხლებითაც ჩვენ. მათაც ერთი მეოთხედით შეუმცირდათ სასჯელი და ჩვენც, მაგრამ ჩვენ ისევ უვადო პატიმრობა გვაქვს (მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260 – ნარკოტიკული დანაშაული, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-20 წელი ან უვადო თავისუფლების აღკვეთა – ავტ.), არითმეტიკა გახდა პრობლემა კანონის უზენაესობის აღსრულებისას. ეს არის საკანონმდებლო ხარვეზი. პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ვალდებული იყო ეს გამოესწორებიათ, მაგრამ მესამე წელია არ გამოასწორეს“, – ამბობს პროფესიით იურისტი გიორგი გელაძე.

 

ის იხსენებს 1997 წელს, როცა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სიკვდილმისჯილები ისე შეიწყალა, რომ სასჯელის ზომად დარჩათ 20 წელი. მაშინდელმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მინდია უგრეხელიძემ განმარტა, რომ ეს იყო არასამართლიანი, რადგან სისხლის სამართლის ის მუხლები, რის გამოც ადამიანების სიკვდილით დასჯა გადაწყდა, 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებდა, მაშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებითა და პალატის განხილვით სიკვდილმისჯილებს სასჯელის ზომა კიდევ 5 წლით შეუმცირდათ.

 

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს სასჯელის ¼-ით მოკლება შეეხოს თუ არა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილებს: `2012 წლის 28 დეკემბერს, როცა ჩაიწერა კანონში, რომ ამნისტია შეეხოს ყველას და ამ ყველაში არ შეჰყავთ უვადო თავისუფლებააღკვეთილები, ეს კანონი დისკრიმინაციულია. არგუმენტი – „აბა რას ნიშნავს უვადო პატიმრობა“ თითქოს სწორია, მაგრამ, როცა ადამიანს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ვადამდე შესაძლოა გათავისუფლდეს…“
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ იცნობს ტერმინს – “სამუდამო პატიმრობა~. ეს იმას ნიშნავს, რომ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილების დროზე ადრე გათავისუფლების შანსი აქვთ. სად-ის მე-8 და მე-6 დაწესებულებაში პატიმრებმა შიმშილობა 27 იანვარს დაიწყეს.
სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები ხშირად მიდიან მოშიმშილე პატიმრების მოსანახულებლად: `მათი მთავარი მოთხოვნაა ამნისტიის კანონი გავრცელდეს მათზეც. ფიქრობენ, რომ ეს კანონი არის დიკსრიმინაციული, რადგან არ გავრცელდა მათზე. 2012 წლის 28 დეკემბრის ცვლილებით, ამნისტიის კანონში არანაირი რეგულაცია არ არის ჩადებული უვადო პატიმრებზე. ეს, ჩვენი აზრით, იყო არასამართლიანი და სახალხო დამცველი დღესაც ითხოვს ამ კანონის გადახედვას”. 

 

ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემა ცხინვალიდან ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოსური მხარე საქართველოს 5 პირის გათავისუფლებას სთხოვს. მათ შორის არიან გორის ტერაქტის მოწყობის ბრალდებით გასამართლებული გიორგი ზასაევი, იოსებ კოჩიევი და გიორგი ვალიშვილი. ამ პატიმრების მშობლებმა შეწყალების თხოვნით უკვე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. კოჩიევს, ზასაევსა და ვალიშვილს უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

 

ოჯახის წევრებთან შეხვედრას ისინი წითელი ჯვრის დახმარებით ახერხებენ (საზღვარზე მათ გადმოჰყავთ). პატიმარ გიორგი გელაძის ინფორმაციით (ისინი მე-8 დაწესებულებაში იხდიან სასჯელს), ციხის ადმინისტრაციამ მათ ულტიმატუმი წაუყენა: თუ შიმშილს არ შეწყვეტდნენ, ოჯახის წევრებთან შეხვედრის ანუ პაემნის უფლებას არ მისცემდნენ. ამიტომ სამმა პატიმარმა შიმშილობა დროებით შეწყვიტა.
13 თებერვალს კოჩიევი, ვალიშვილი და ზასაევი შიმშილობენ თუ არა? – ამ კითხვაზე სამინისტროში გაგზავნილ ოფიციალურ წერილზე პასუხი რედაქციას არ მიუღია.

 

სახალხო დამცველს საზღვრისპირა სოფლებში დაკავებულ პირებზე ცალკე ანგარიში აქვს მომზადებული. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ყველა მხარემ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ ეს პირები გაათავისუფლონ. ნათია კაციტაძის თქმით, “ეს დაეხმარება ნდობის აღდგენის საკითხს საქართველოს სახელმწიფოს აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში. მხარეებს შორის კონკრეტული შეთანხმების შემთხვევაში ამნისტია შეიძლება სამართლებრივი ფორმების გამოყენებით – შეწყალებით თუ გაცვლით. ვფიქრობთ, ნდობის აღდგენის პროცესისთვის ეს კარგი იქნება”.
უვადო პატიმრობას ძირითადად სამი მუხლით გასამართლებულებს უსჯიან: ტერორისტული აქტის მოწყობა (323-ე მუხლი), განზრახ მკვლელობა (109-ე მუხლი) და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა, გასაღება (260-ე მუხლი). იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი, ყველაზე ახალგაზრდა 29 წლის, ხოლო ყველაზე ხანდაზმული 62 წლისაა. მათ შორის სამი ქალია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: