სიახლეები

საჩივარი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ

15.02.2015 • 1595
საჩივარი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ წინააღმდეგ

 

2014 წლის დეკემბერში „ბათუმელებმა“ მოამზადა სტატია, რომელშიც მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონში მცხოვრები 15 წლის გოგონა საუბრობდა ღამის საათებში პანსიონიდან გაქცევის მიზეზებზე. მიზეზად კი ის ძიძასთან კონფლიქტს ასახელებდა.

 

„ერთსულოვნების” ეთერში გასული გადაცემის ავტორი, ჟურნალისტი ია ბედოიძე ყვება, რომ „გაზეთ ბათუმელებში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია ნეგატიურ კონტექსტში, სინამდვილეში კი ამ დაწესებულებაში ყველაფერი კეთდება ბავშვების სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის.

 

პროცესს ჟურნალისტი ასე აღწერს: „ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც „გაზეთ ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატიით ცნობილი გახდა, რომ ბავშვთა სახლიდან 15 წლის მოზარდი გაიქცა. რატომ გადაწყვიტა არასრულწლოვანმა გოგონამ პანსიონის დატოვება? რას ამბობენ მომხდარზე დაწესებულების სხვა ბენეფიციარები და როგორ მოხვდა აუდიოჩანაწერი გოგონას ნათლიასთან? რა მოხდა სინამდვილეში? რეალობა თუ გამიზნული მცდელობა ეკლესიისა და კონკრეტულად გიმნაზიის ავტორიტეტის შესალახად“.

 

გადაცემაში ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ კითხვებს პასუხს სცემენ რესპონდენტები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ ეს ყველაფერი „ბათუმელების“ მიერ იყო პროვოცირებული. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერს, რომლითაც კონკრეტულად დასტურდებოდა, რომ ძიძა არასრულწლოვანს არასათანადოდ ეპყრობოდა, გადაცემის ერთ-ერთი რესპონდენტი – ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი შიოლაშვილი პირდაპირ აფასებს, როგორც პროვოკაციას:

 

„ჩვენ ვფიქრობთ და ყოველთვის ასე ვფიქრობდით, ეს შემთხვევა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ უფრო პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, იმიტომ, რომ პატარა ბავშვს რომ მოსასმენ აპარატს ჩაუდებ ჯიბეში, ეტყვი, რომ მიდი მასწავლებელთან, ატეხე შენ ყვირილი, რომ ნუ მირტყამ, ნუ რაღაცა და ამ დროს მასწავლებელი მოშორებით დგას და თან ისეთ მასწავლებელზეა საუბარი, რომელსაც მე ძალიან დიდი  ხანია ვიცნობ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უაღრესად კეთილშობილი ადამიანია“.

 

დიმიტრი შიოლაშვილის ამ კომენტარის შემდეგ ჟურნალისტს არ უკითხავს, შეესწრო თუ არა ეს ადამიანი აღწერილ ვითარებას, ან საიდან აქვს მას ინფორმაცია, რომ ბავშვს მოსასმენი აპარატი ვიღაცამ მიზანმიმართულად ჩაუდო, გაგზავნა მასწავლებელთან და პროვოკაციის მოწყობაში წააქეზა. ან ვის გულისხმობს ამ ქმედებების ჩამდენად ეს რესპონდენტი.

 

გადაცემის შინაარსიდან გამომდინარე, მაყურებელს შეიძლება დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ სწორედ „გაზეთ ბათუმელების“ მიერ პროვოკაციის მოწყობაზეა საუბარი. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებდა ის ფაქტიც, რომ ერთადერთი სუბიექტი, რომელიც ამ გადაცემაში უარყოფით კონტექსტში იყო წარმოჩენილი, იყო „გაზეთი ბათუმელები“. კერძოდ, უარყოფითად არის შეფასებული გაზეთის მიერ წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონატში არსებული პრობლემების გაშუქების ფაქტი.

 

საჩივარში „გაზეთი ბათუმელები“ მიუთითებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსზე, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ჯეროვანი სიზუსტე, რათა შეცდომაში არ შეიყვანოს მაყურებელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჟურნალისტმა არც `გაზეთ ბათუმელებს“ და არც სკოლა პანსიონიდან გამოქცეულ მოსწავლეს არ მისცა პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც ასევე მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევა. 

 

„გაზეთ ბათუმელებს“ მიაჩნია, რომ ერთსულოვნების მიერ მომზადებული ვრცელი გადაცემა – „სიმართლე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონზე“, რომელიც ამ ტელევიზიის ეთერით თითქმის ერთი კვირის განმავლობაში გადაიცემოდა, არის ცალმხრივად მომზადებული და არაზუსტი.

 

საჩივრის თანახმად `გაზეთი ბათუმელები“ ტელეკომპანია `ერთსულოვნებისგან“ ითხოვს: `დაადასტურონ მაუწყებლის მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-12 მუხლისა და მე-13 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დარღვევის ფაქტი;

 

დაადასტურონ მაუწყებლის მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-19 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევის ფაქტი;

 

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6 მუხლის თანახმად გადაცემაში – „სიმართლე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონზე“ – მოახდინოთ გავრცელებული ინფორმაციის შესწორება.    

       

შესწორებული მასალა ეთერში გავიდეს იმავე დროს, რა დროსაც გავიდა აღნიშნული გადაცემა“.

 

კანონმდებლობის თანახმად, „ერთსულოვნების“ საჩივრების განხილვის კომისია ვალდებულია აღნიშნული საჩივარი განიხილოს კანონით დადგენილ ვადებში. ეს ვადები უკვე ამოწურულია.  

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი