სიახლეები

პატიმრები ისევ წამებაზე და მონიტორინგი ბათუმის საპყრობილეში

14.02.2015 • 1574
პატიმრები ისევ წამებაზე და მონიტორინგი ბათუმის საპყრობილეში

 

„ვართ მძიმე დაავადებებით დაინფიცირებულები, რაზეც არაერთხელ მივმართეთ მთავარ ექიმს – ზურაბ ორაგველიძეს. მან ჩვენ შესახებ იცის ჩვენი სამედიცინო ბარათებიდანაც. გვესაჭიროება გამოკვლევები. ის იგნორირებას გვიკეთებს და ცდილობს თავიდან მოგვიშოროს“, – ეს არის მოკლე ამონარიდი ოთხი პატიმრის ხელმოწერით გამოგზავნილი ერთ-ერთი წერილიდან.

 

კიდევ ერთი ამონარიდი წერილიდან ასევე მედიკამენტების ვერმიღებას უკავშირდება, არადა, წესით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ამ დაწესებულებისთვის საჭირო მედიკამენტები შესყიდული. „არ მოგვეწოდება ელემენტარული მედიკამენტებიც კი. ამაზე მთავარ ექიმს აქვს ერთი და იგივე პასუხი, რომ დეპარტამენტიდან არ უგზავნიან საჭირო რაოდენობის მარაგს“.

 

პატიმრები წერენ უვარგის საკვებზე, სასმელი წყლის დეფიციტზე, ცუდ ვინტილაციაზე, საპატიმრო დაწესებულების მაღაზიაში აუცილებელი პროდუქტების სიმწირეზე, ამანათის აკრძალვაზე.

 

როგორც უკვე ვთქვით, ეს იყო ამონარიდები საერთო წერილიდან. კიდევ ერთ წერილს კი კონკრეტული ხელმომწერი ჰყავს – პატიმარი გიორგი მარსაგაშვილი. ეს პატიმარი წერს იმაზე, რომ იგი 2010 წელს ჯერ მე-15 საპატიმრო დაწესებულებაში აწამეს. გიორგი კონკრეტულ პირს ასახელებს, მისივე ინფორმაციით ეს დავით ჯავახიშვილი იყო, რომელიც იმავე დაწესებულებაში ახლაც მუშაობს რეჟიმის უფროსად.

 

გიორგი მარსაგაშვილი ყვება, რომ მისი წამება გაგრძელდა #6 დაწესებულებაშიც. ის წერს, რომ მას კონკრეტულად გია ჭუმბურიძე აწამებდა. პატიმრის ინფორმაციით ეს მოხელე ისევ სისტემაში მუშაობს.

 

პატიმარი ამბობს, რომ მის წამებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მისცა როგორც სახალხო დამცველს, ასევე შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მაგრამ დღემდე არ იცის, მის წამებასთან დაკავშირებით დაიწყო თუ არა გამოძიება და თუ დაიწყო, რა გამოიკვეთა.

 

არის თუ არა სიმართლე ის, რასაც პატიმრები წერენ? – ამ ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ რთულია. საქმეს, წესით, უნდა იძიებდეს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექცია. ამ უწყებას კი ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს.

 

კიდევ ერთი მხარე, ვისაც ციხეებში არსებული მდგომარეობის გადამოწმება დამოუკიდებლად შეუძლია – სახალხო დამცველია. ამ უწყების აპარატთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ხელმძღვანელი მიხეილ მინდაძე პრაქტიკულად ადასტურებს ყველა ამ პრობლემის არსებობას მე-3 საპყრობილეში. სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „მე-3 დაწესებულებაში აღნიშნული პრობლემა გახსნის დღიდანვე იყო. ჩვენ მონიტორინგი ჩავატარეთ და ანგარიშიც გამოვეცით დეკემბერში. მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ეს პრობლემა უკავშირდება სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობას და მათ კომპეტენციას. ძალიან ბევრი მიმართულებაა აქ პრობლემური, რის გამოც პრობლემები პატიმრებს ექმნებათ“.

 

აი, რა წერია ანგარიშში: „მონიტორინგის ჯგუფი შეესწრო შემთხვევას, როდესაც პატიმარი აცხადებდა, რომ მას გადაყლაპული ჰქონდა 4-5 სმ სიგრძის წვეტიანი მეტალის ხრახნები. მორიგე ექიმი დამოუკიდებლად ვერ იღებდა რენტგენოლოგის ან ექოსკოპისტის გამოძახების გადაწყვეტილებას, რათა მომხდარიყო მეტალის საგნის მდებარეობის ნახვა ტრაქტში და განსაზღვრულიყო ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. მორიგე ექიმი ცდილობდა მთავარ ექიმთან დაკავშირებას, რომელიც დაწესებულებაში არ იმყოფებოდა. ვინაიდან პატიმრის ჯანმრთელობას იმ წუთიერად საფრთხე ემუქრებოდა, მონიტორინგის ჯგუფმა პატიმრის თანხმობით მოახდინა დაწესებულების დირექტორის მოადგილის ინფორმირება. მხოლოდ ამის შემდგომ მოხერხდა მთავარ ექიმთან დაკავშირება და რენტგენოლოგის გამოძახებაზე ნებართვის აღება“.

 

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ციხეში ინტერფერონით მკურნალობის პროგრამაც კი არ ფუნქციონირებს: სტომატოლოგიური კაბინეტი ვერ უზრუნველყოფს ორთოპედიულ მომსახურებას. ექოსკოპისტის ბოლო ვიზიტი განხორციელდა მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, 23-24 ოქტომბრის მდგომარეობით 12 პატიმარი ელოდა ექოსკოპისტის მომდევნო ვიზიტს, უროლოგი დაწესებულებას სტუმრობდა 14 აგვისტოს, მოლოდინში იყო 10 პატიმარი, რენტგენოლოგი დაწესებულებაში იმყოფებოდა 16 სექტემბერს, მომდევნო ვიზიტს ელოდა 34 პატიმარი“.

 

ესეც მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშიდან: სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაში არსებობს წამლების სამარაგოსთან დაკავშირებული პრობლემები. სამარაგო განთავსებულია მცირე ფართობში (3 კვ.მ.), მედიკამენტების ყუთები აწყვია იატაკზე. ოთახს აქვს მცირე ზომის სარკმელი, მაგრამ ოთახის განიავება ვერ ხერხდება. წამლების სათანადო აღრიცხვიანობისათვის ფარმაცევტს ესაჭიროება კომპიუტერი… არსებობს გარკვეული შეფერხებები დაწესებულების მედიკამენტებით მომარაგების თვალსაზრისით. ასე მაგალითად, 2014 წლის სექტემბერში დაწესებულებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან გამოწერილი ჰქონდა „დიაზეპამი“, რომელიც მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მიიღეს“.

 

იმავე ანგარიშში მრავალი ისეთი რამ წერია, რაზეც წესით სასჯელაღსრულების სამინისტროს რეაგირება უნდა ჰქონოდა. და მაინც, გაითვალისწინა თუ არა ამ უწყებამ სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ამ კითხვით „ბათუმელებმა“ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართა. როგორც სამინისტროდან მიღებული წერილობითი განმარტებით ირკვევა – არა. აი, რა გვაცნობეს სამინისტროდან:

 

„სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ფუნქციონირებს პირველადი ჯანდაცვის პუნქტები, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში. უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და უწყვეტობა. დაწესებულებაში მომუშავე მედპერსონალი სერტიფიცირებულია შესაბამის სპეციალობაში და ახორციელებს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას. სამედიცინო პუნქტებში არსებობს სამედიცინო დოკუმენტაციის შესანახი სპეციალური კარადები, სამედიცინო მომსახურების კონფიდენციალურობის დაცვა ხდება პაციენტის უფლებათა შესახებ კანონის შესაბამისად. რაც შეეხება სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირებას, დაწესებულებებში არსებობს დაზიანების ჟურნალი, სადაც აღირიცხება ყველა დაზიანება და ყველა პატიმარს დაწესებულებაში შესვლის დროს უტარდება გარეგანი დათვალიერება, რომლის შედეგადაც დგება შესაბამისი აქტი“.

 

გარდა მე-3 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შეფასებისა, „ბათუმელებმა“ მიხეილ მინდაძეს ჰკითხა, რა ინფორმაციას ფლობდა პატიმარ გიორგი მარსაგაშვილის წამების ფაქტებზე. მიხეილ მინდაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ამ პატიმარს ნამდვილად ჩამოართვა ახსნა-განმარტება, ასევე თავი მოუყარეს მისი ჯანმრთელობის (დაზიანების) მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და ყველა ეს დოკუმენტი შემდგომი რეაგირებისთვის 2014 წლის 21 აგვისტოს გადაუგზავნეს სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

 

მორიგი კითხვა სამინისტროს პრესცენტრის მიმართ სწორედ მარსაგაშვილის წამების შესახებ განცხადების დადასტურებას ან უარყოფას შეეხებოდა – რა მოიკვლია გენერალურმა ინსპექციამ და დაიწყო თუ არა სისხლის სამართლის გამოძიება ზემოთ დასახელებული პირების მიმართ?

 

სამინისტროდან გვაცნობეს, რომ გენერალურმა ინსპექციამ ამ საკითხის შესწავლა 2015 წლის 15 იანვარს დაიწყო და ვინმეს ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, სამინისტროში სათანადოდ მოიქცევიან.

 

გადაბეჭდვის წესი