Batumelebi | მედეა ვასაძე განცხადებას ავრცელებს მედეა ვასაძე განცხადებას ავრცელებს – Batumelebi
RU | GE  

მედეა ვასაძე განცხადებას ავრცელებს


მედეა ვასაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, აჭარაში ნეპოტიზმტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

”მინდა გამოვეხმაურო და შეფასება მივცე მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება 2013 წლის 24 აპრილს, საკრებულოში, საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის ბატონი ირაკლი ჩავლეიშვილის ბრძანებით მიწის განკარგვაზე უკვე გამოცხადებული აუქციონის ჩაშლას. ამ პროცესში ვაფასებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბალაძის პოზიციასა და იმ მოსაზრებას, რომლითაც იგი, ამ თემის წამოწევას, უკავშირებს და განიხილავს, როგორც გარკვეული პოლიტიკური ძალების შეხვედრის შედეგს, რითაც ცდილობს საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრას, რადგან გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ ამ თემის გააქტიურება არის არა რაღაც დირექტივის, არამედ აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების შედეგი. ამდენად, ბატონი ბალაძისაგან, საზოგადოებამ, არ უნდა მიიღოს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მისი უსუსური არგუმენტები, ამასთან, უნდა ვაიძულოთ იგი იმ ინფორმაციის გასაჯაროებაზე, რომელიც საფუძვლად დაედო აუქციონის გაუქმების თაობაზე მის მიწერილობას საკრებულოს თავმჯდომარისადმი. ბალაძისაგან უნდა მივიღოთ პასუხი თუ ვისთან აწარმოებდა ის და მთავრობის თავმჯდომარე ამ მიწის ნაკვეთის რეალიზაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს და რა კონკრეტული მიზეზით არ შედგა იგი და ზოგადად, რატომ უშლიდა ხელს ქალაქის თვითმმართველობას, 2 წლის განმავლობაში, მის საკუთრებაში რიცხული მიწის აუქციონის წესით რეალიზებაში, მით უფრო, თუკი დავუბრუნდებით 2013 წლის 24 აპრილის ჩაშლილ აუქციონს და ვიტყვი, რომ მასში მონაწილეობის სურვილი გამოხატული ჰქონდათ მიწის ნაკვეთით დაინტერესებულ პირებს, შესაბამისად შეტანილი ჰქონდათ განაცხადი და ამასთან, გადახდილი ჰქონდათ ბე 315 ათ.ლარი.

მე გამაჩნია ამ კითხვაზე პასუხი, რომლის შინაარსი სრულ თანხვედრაშია ჩემს მიერ პარტიისა და ფრაქციის დატოვების მიზეზებზე გაკეთებული განცხადების მე-15 არგუმენტთან. კერძოდ, აღნიშნული შესაძლებლობა, ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრმა დავით ბალაძემ ვერ მოარგეს საკუთარ ინტერესებს და ზემოხსენებული მიზეზით შეაჩერეს ეს პროცესი, ჩაშალეს აუქციონი და ამ გზით შეაჩერეს კონკრეტული ინვესტიცია და კონკრეტული პროექტი.

ამ დროისთვის გამაჩნია სანდო წყაროს ინფორმაცია, რომ ამ მიწის ნაკვეთზე ბატონი ბალაძე, ერთ-ერთ კომპანიასთან, აწარმოებს არა საქმიან და სახელმწიფოებრივ მოლაპარაკებას, არამედ (ისევ) პიროვნულ ინტერესებზე მორგებულ „ვაჭრობას“, რომლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ მოვუწოდებ ამ საჯარო გამოსვლით.

აქვე მინდა დავადასტურო ის ფაქტი, რომ შპს „სანდასუფთავების“ დირექტორის 2015 წლის 3 თებერვლის #90 ბრძანებით არჩილ ხაბაძის დეიდაშვილი, რაულ ჩელებაძე, ნამდვილადაა დანიშნული ქობულეთის დაგვა-დასუფთავებისა და ადმინისტრირების სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლად, რაც ნიშნავს, რომ რეგიონში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ხაბაძე კვლავ აგრძელებს თავისი ახლო ნათესავების თანამდებობებზე დანიშვნას. საზოგადოებისათვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ რაულ ჩელებაძის დედა – ნარგიზ ჩელებაძეც, გასული წლიდან, ასევე მთავობის თავმჯდომარის უშუალო ჩარევით, საქმიანობს ქობულეთის რაიონის სოფელი კვირიკეს ბაგა-ბაღის გამგედ, ხოლო მეორე დეიდაშვილი ნატრული ჩელებაძე (მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ამ თანამდებობაზე მუშაობის მსურველი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე არაერთი პირი და შესაბამისი განაცხადი) შერჩეულ იქნა და დღემდე საქმიანობს შპს „ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახური-03“-ის უფროსად.

ნეპოტიზმი ფეხმოკიდებულია აჭარაში და მინდა ამ საჯარო განცხადებით მოვუწოდო ყველა მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებას, ასპროცენტიანი წილით დაფუძნებული საწარმოების ხელმძღვანელებს, ადგილობრივ თვითმართველობებს, რომ დაიწყონ არჩილ ხაბაძის ნათესავებისაგან წმენდა. მინდა ყველა დაწესებულებამ გადახედოს იმ ადამიანების სამუშაოზე ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხს, რომელთა ბიოგრაფია იწყება 2012 წლიდან და უკავშირდება რეგიონის მთავრობის თავმჯდომარედ არჩილ ხაბაძის თანამდებობაზე დანიშვნას.

პატივისცემით, მედეა ვასაძე”

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"