სიახლეები

მედეა ვასაძე „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზებზე

09.02.2015 • 1428
მედეა ვასაძე „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზებზე

 

“მოგმართავთ ამ საკითხით დაინტერესებულ კონკრეტულ ადამიანებს, პოლიტიკურ წრეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს და აღვნიშნავ, რომ ჩემს მიერ, ფრაქციის დატოვებაზე, 2015 წლის 4 თებერვალს, გაკეთებული განცხადება გახლავთ ერთ-ერთი მძიმე გადაწყვეტილება. მძიმე, არა მხოლოდ იმის გამო, რაზედაც ქვემოთ უნდა მოგახსენოთ, არამედ იმის გამოც, რომ ეს გადაწყვეტილება, გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის იმ ადამიანებთან, რომელთა პიროვნული პატივისცემის შენარჩუნებას ვცდილობ ამ დრომდე. 

 

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე არ მიმიღია. იგი გახლავთ გარკვეული პერიოდის (2 წლისა და 4 თვის) ანალიზის შედეგი და გააჩნია ორი დანიშნულება – ამ გადაწყვეტილებით ვრჩები ჩემი ქვეყნის სამსახურში … (რომელსაც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვჭირდები!) და ვიცავ ჩემს ბიოგარაფიას … (ბოლო 25 წლის განმავლობაში, თითო აგურით, ოფლითა და სისხლით რომ მიშენებია!).
არ ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით, ჩემი გარემოცვა დავყავი „გაღმელებად და გამოღმელებად“, რადგან ამ გამჟღავნებული არჩევანისაგან დისტანცირებულ ადამიანებთან, წლების განმავლობაში, მაკავშირებდა საერთო პრინციპები – ქვეყნისა და საქმის სიყვარული, მისი ერთგულება და პატივისცემა და რაც მთავარია მრავალწლიანი, იმ შინაარსის ურთიერთობა, რომლის შესატყვის სიტყვას, ამ დროისათვის, სამწუხაროდ, ვერ მივაგენი, თუმც ვიტყვი, რომ ის იმაზე მეტი იყო, ვინემ მეგობრობა. 

იმ უამრავი ფაქტორიდან, რომელიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილებას, მოგახსენებთ, მხოლოდ, ძირითადს:

 

– მმართველი პოლიტიკური ძალის – მ.პ.გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“, ცენტრალური, საქალაქო და რაიონული სტრუქტურების უფუნქციო მდგომარეობა

 

– სახელისუფლებო შტოებს შორის აღმასრულებელი ხელისუფლების უპირატესობის დამკვიდრება და შესაბამისად, ამ შტოებს შორის ბალანსის კონსტიტუციური საფუძვლების მოშლის მცდელობა

 

– ქვეყნის პიროვნული ფაქტორით მართვაზე საზოგადოებრივი აზრის პროვოცირება და დამკვიდრება და ამით, კანონის უზენაესობის ხელყოფის მცდელობა

 

– საკადრო საკითხებში, განსაკუთრებით პოლიტიკურ თანამდებობებზე პირთა შერჩევის კრიტერიუმების უგულებელყოფა და უზნეობის პროპაგანდას დამსგავსებული საკადრო პოლიტიკა

 

– ინფანტილიზმის გამოვლენა – „ინსტიტუციური კინკლაობა“

– რეგიონის მშენებლობის ტემპის მკვეთრი ვარდნა და მთავრობის საქმიანობის არაეფექტურობა

– საკადრო პოლიტიკაზე და ბიზნეს ინტერესებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ანუ სპეცსამსახურების მიერ სერიოზული გავლენების მოპოვება და კონტროლის განხორციელება

 

– პენიტენციალურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამო სისტემური ხასიათის პრობლემების არსებობა

– სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად დასაქმებულთა მასობრივი შემცირება, შედეგად, სოციალური ფონის უკიდურესად დამძიმება და ამ მიმართებით, მდგომარეობის გამოსწორებაზე სტრატეგიის არარსებობა

– რეგიონალიზმის შიში და „პროვინციალიზმი“ მისდამი დამოკიდებულებაში

– სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას ხელშეშლის მცდელობები და სხვა სერიოზული წინააღმდეგობები

 

– ავტონომიურ რესპუბლიკაში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი გამოუძიებელი საქმეები და ამ ფონზე მოქალაქეებისაგან, დაზარალებულებისაგან და ადვოკატებისაგან იზოლირებული რესპუბლიკის პროკურორი და შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელობა

– რეგიონში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენების გააქტიურება, ამის შედეგად ჩადენილი არაერთი დანაშაული და ამ საკითხებზე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებისაგან დისტანცირებული სამართალდამცავი სტრუქტრურები

 

– კორუფციის ნიშნები აღმასრულებელ ხელისუფლებაში (საეჭვო შინაარსის ტენდერები და აუქციონები, ბიზნესსფეროში თანამდებობის პირთა „გააქტიურებული ახლობლები“ და სხვა)

 

– სრულიად უმოქმედო, უუნარო და ინტრიგებით დაკავებული მთავრობის თავმჯდომარე და შესაბამისი შედეგი – რეგიონში განვითარების სტრატეგიული მიზნებისა და გეგმების არარსებობა, შეჩერებული ინვესტიციები და პროექტები. სანაცვლოდ, „მუყაოს ქალაქი“ – უმძიმესი პრობლემებით, თამარის (ე.წ.ბენზეს) დასახლებაში, სანაპიროზე, მცირე ნავსადგურის მშენებლობით 14 ათასი ადგილობრივის იგნორირებული ინტერესი, მძიმე პრობლემები ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, პრობლემები მიწაზე საკუთრების უფლების მინიჭებისა და აღდგენის საკითხებში, ეკომიგრანტების გადაუწყვეტელი პრობლემები, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მოსახლეობასთან გაკეთებული არასწორი განცხადებების გამო, უკმაყოფილების გამოხატვაში, გააქტიურებული ზემომთიანი აჭარა

 

– ნეპოტიზმი, ე.წ. „გოროდოკელების“ (ანუ მეზობლების), საბანკო სექტორში დასაქმებული პირების და ნათესაური კლანების შესამჩნევი უპირატესობა მთავრობის თავმჯდომარის მიერ განხორციელებულ საკადრო გადაწყვეტილებებში

 

– მთელი 2 წლის მანძილზე, „შემოტევების მოგერიების“ რეჟიმში მყოფი უმაღლესი საბჭო და მის საქმიანობაზე ასახული ამით გამოწვეული პრობლემები

 

– რეგიონში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბირთვის (2012 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებში ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძალის) დისკრედიტაცია სხვადასხვა ბრალდებით და ამ მიზნით სპეცსამსახურების მიერ გარკვეული პროვოკაციული ძალების ორგანიზება, კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის ჩართულობა და იმ ჯგუფების კოორდინაცია, რომლებიც სოციალურ ქსელებზე იყვნენ მიმაგრებულნი

 

– პარტიიდან გარიცხული მურმან დუმბაძე და მთავრობის აპარატიდან, სამინისტროებიდან და საქვეუწყებო დაწესებულებებიდან დათხოვნილი ან დაბალ თანამდებობებზე გადაყვანილი (გამარჯვების მომტანი) ქართული ოცნების აქტივისტები

 

– სერიოზული მოსაზრებებითა და კონკრეტულ ფაქტებზე მინიშნებით არაერთგზის უშედეგო შეხვედრა ქვეყნის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, არაერთგზის შეპირება და მაინც „ნულოვანი ტოლერანტობა“ ჩვენს მიერ დასმული საკითხებისადმი

 

– ადგილობრივ არჩევნებში – სიებიდან ამოღებული ქართული ოცნების აქტივისტები, ამ საკითხებზე კოორდინაციისათვის ცენტრიდან მოვლინებული „კურატორი“ და რეალიზებული მისი პირადი ინტერესები

 

– პატივმოყვარეობით, სტუმართმოყვარეობით, ღირსებითა და სიყვარულით გაჯერებული აჭარის და კონკრეტულად ბათუმის ნირწამხდარი და ხელჩაქნეული საზოგადოება

– დიახ, წინამდებარე ჩემი განცხადება ჩემი ქვეყნის სამსახურში დარჩენის კიდევ ერთი თავგანწირული მცდელობა …!

კვლავ გიდასტურებთ პატივისცემას და გამოვხატავ მზადყოფნას ჩემს მიერ მოწოდებული ამ საკითხების ირგვლივ კონკრეტულ და არგუმენტირებულ პასუხებზე,” – წერს მედეა ვასაძე. 

 

გადაბეჭდვის წესი