სიახლეები

ვინ ჩაანაცვლებს მედეა ვასაძეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში

07.02.2015 • 1402
ვინ ჩაანაცვლებს მედეა ვასაძეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში


ჯემალ ფუტკარაძე
ჯემალ ფუტკარაძე

ბატონო ჯემალ, საუბარია, რომ ქართული ოცნების კიდევ რამდენიმე წევრი დატოვებს ფრაქციას. არის თუ არა ეს ასე?

 ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ საუბარი, რომ იყო დაძაბული სიტუაცია აჭარის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. მაშინ ამას მხარს უჭერდა უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყველა წევრი. ვიყავით ერთიანები ჩვენს პრინციპებში, შესაბამისად გაკეთდა ბრიფინგები. ეს დაიწო ბატონმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა, შემდეგ მედეა ვასაძემ და გახსოვთ, ალბათ, ფრაქციის თავმჯდომარის კაკო ძნელაძის ბრიფინგი – როდესაც ის დაბრუნდა მივლინებიდან თქვა, რომ ჩვენ ვიწყებდით პროცესს პროცედურის დაწყებამდე და იგულისხმებოდა, რომ უნდა შეგროვებულიყო ხელმოწერები, რაც მთავრობის იმპიჩმენტის გამოცხადების შედეგით დასრულებოდა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ მოხდა გათითოკაცება. ჯერ გამოაკლდა ერთი და როგორც თქვენ მეუბნებით, საზოგადოება ამბობს, რომ მედეა ვასაძის შემდეგ კიდევ ვიღაც გავა პარტიიდან. ასევე გვეუბნებოდნენ ჩვენ მაშინ, ცნობილი დაპირისპირების შემდეგ. მე, პირადად, მეუბნებოდნენ, იცოდეთ ექვსნი არ ხართო, ერთ პოზიციაზე არ ხართო. ვეუბნებოდი, როგორ არა ვართ- მეთქი, ამის შემდეგ ხუთნი არა ხართო.

 

ის პრინციპულობა, რითაც დავიწყეთ პარტიის წევრებმა, თანდათან  შეარბილეს. დაეცა ტემპი. სხვათა შორის,  მედეა ვასაძე იყო ერთ-ერთი, რომელსაც არ შეურბილებია არც ტონი, არც ფორმა.

 

როდესაც პოლიტსაბჭომ განიხილა ჩვენი საკითხი, მივიღეთ საყვედურები, რატომ ხმამაღლა თქვითო. ჩვენ პარტიის წევრები ვართ და ამის შემდეგ  ცენტრალურ პოლიტიკურ კურსს დავექვემდებარეთ, რომ მათთან შეთანხმებით გვემსჯელა უფრო მწვავე საკითხებზე.

 

პარტიიდან  გავიდა მედეა ვასაძე, სხვებმა შეარბილეს  დამოკიდებულება. ალექსანდრე ჩიტიშვილი უკვე კმაყოფილია აჭარის მთავრობის მუშაობით ისე, რომ მე, ვფიქრობ, ასეთი კმაყოფილების გრძნობა მას არასოდეს ჰქონია. ალბათ ეს კმაყოფილება მან მიიღო რაღაცით, მაგრამ  მე, მაგალითად, მაქვს ისეთივე განცდა, რომ არაფერი შეცვლილა, სამწუხაროდ.  

 

ვინ იქნება შემდეგი, ამას მე დღეს ვერ გეტყვით, შეიძლება შემდეგი იყოს ალექსანდრე ჩიტიშვილი, რომელმაც პირველმა დაიწყო, შეიძლება გამოფხიზლდეს ბატონი ალეკო.  ან შემდეგი იყოს ბატონი აკაკი ძნელაძე ან მე, ჯემალ ფუტკარაძე, მაგრამ, ჯერჯერობით, მინდა დაგიდასტუროთ, რომ ვარ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი. ველოდები, ის რებრენდინგის პროცესი, რაც ცენტრში დაიწყო პარტიამ, რეგიონშიც  იქნება და შეიცვლება ბევრი რამ.

 

ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია როგორია, მისი დამოკიდებულებაც შერბილებულია?

მე ვფიქრობ, ფრაქციის თავმჯდომარეს  პოლიტიკა არასოდეს გაუტარებია, ასეთ დროს ფრაქციამ ბრიფინგები უნდა ჩაატაროს მოსახლეობისათვის. მოგეხსენებათ, ფრაქციას დიდი დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით მმართველი პარტიის ფრაქციას აჭარის უმაღლეს საბჭოში და  რატომღაც ბატონი აკაკი… არ ვიცი, ის რაღაცისთვის ემზადება. წინათგრძნობა მაქვს, რომ ბატონი კაკო რაღაცისთვის ემზადება. ისეა გაჩუმებული… არც ერთ მხარეს აკეთებს მწვავე განცხადებას,  ან ხომ შეიძლება ვინმეს შემოუძახოს, ან მიუთითოს, ან მკაცრად დასვას საკითხი. არ ვიცი, ეს ალბათ მისი პოლიტიკაა.

 

ბოლოს როცა გვქონდა ფრაქციის შეხვედრა, სხდომას ესწრებოდა ბატონი ანზორ თხილაიშვილი, ის კოალიციიდან გასულია, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრიც აღარ არის. ამავე დროს, ის არ არის არც ერთ კოალიციაში გაერთიანებული პარტიის წევრი. ვიკითხე, რატომ იყო ანზორ თხილაიშვილი ფრაქციის სხდომაზე. სამწუხაროდ, ისე ვითარდება მოვლენები, რომ ჩვენ ვერ შევძელით დავმსხდარიყავით და შეგვეფასებინა მედეა ვასაძის გასვლა პარტიიდან, ასევე ფრაქციიდან.

 

ანუ მედეა ვასაძის გასვლის შემდეგ ფრაქცია არ შეკრებილა და ამ საკითხზე არ გისაუბრიათ?

რა თქმა უნდა შეხვედრები გვაქვს, მაგრამ შეხვედრა საგანგებოდ ამ საკითხების დასმის მიზნით არ გვქონია. მოგეხსენებათ მედიცინის მუშაკი ვარ და როდესაც დაავადებასთან ან ავადმყოფთან გვაქვს საქმე, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ავადაა, დიაგნოზია დასასმელი. დიაგნოზის დასმას სჭირდება სპეციალისტები, რომ  შემდეგ ამ ავადმყოფობას ებრძოლო. ჩვენს ფრაქციას ასეთი მსჯელობა არ ჰქონია.

 

ბატონო ჯემალ, თქვენი ნაამბობიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ანზორ თხილაიშვილი აპირებს პარტიაში და ფრაქციაშიც შემოსვლას. ასეა?

დიახ, ასეა.  როდესაც მან დატოვა „თავისუფალი დემოკრატები“,  დააფიქსირა, რომ მას აქვს სურვილი შემოვიდეს „ქართულ ოცნებაში“.  მას თანვე უნდოდა „ქართული ოცნების“ ფრაქციაში შემოსვლა. მის ფრაქციაში გაწევრიანებაზე მე და ქალბატონმა მედეამ გამოვთქვით ჩვენი დამოკიდელბულება, რომ ის არ არის პარტიის წევრი და როგორ შეიძლება მისი ფრაქციაში გაწევრიანება. ჯერჯერობით ის პარტიის წევრი არ არის, თუმცა ვიცი, რომ მას ჰქონდა შეხვედრები თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში და აპირებს გაწევრიანდეს „ქართულ ოცნებაში“ და შემდეგ უკვე ფრაქციაში.

 

თუ ეს ასე მოხდება, „ქართული ოცნება“  უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებს?

შეიძლება რაღაც ეტაპზე შენარჩუნდეს, თუ კიდევ სხვები არ წავლენ. იმაზეა საუბარი რა იქნება. შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი დადგეს ჩემი პარტიისათვის. მე ძალიან გული შემტკივა ამ პარტიის გამო, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ძალიან ცუდი რეალობა და ჩვენ არ გვეძლევა ამის გამოხატვის საშუალება. გამოვხატავთ, მაგრამ არ გვისმენენ და ვერ აფასებენ ჩვენს დამოკიდებულებას. ასე გაგრძელებას მომავალი არ აქვს. ამას საზოგადოებაც არ გვაპატიებს.

 

როგორც ჩანს, თქვენც პარტიიდან წასვლა-არ წასვლის გადაწყვეტილების რეჟიმში ხართ…

მე ამ განწყობით ვარ და ვაკვირდები პროცესს იმ პერიოდიდან, როდესაც ჩვენ  მურმან დუმბაძის გარიცხვის მოწმე გაგვხადეს. მაშინ ის აქლემი „ქართული ოცნების“ კართანაც ჩაიჩოქებს და შემდეგ უკვე ძალიან ძნელი იქნება მისი მობრუნება.

 

დღევანდელი რეალობით, ხმათა გადანაწილებისას რა შეიძლება მოხდეს?

არითმეტიკულად შეიძლება ნებისმიერი შედეგი დადგეს, საკითხის გადაწყვეტის დროს ვის როგორი ხედვა ექნება. ასეთი სიტუაცია პარლამენტში ხშირად ყოფილა. მე არ მაინტერესებს სხვების დამოკიდებულება, მე მაინტერესებს ის, რომ ჩვენ რაც 2012 წელს შევპირდით მოსახლეობას, შევასრულოთ, მოსახლეობამ ჩვენ მხარი დაგვიჭირა. სამწუხაროდ, დღეს ძალიან მწვავედ დგას საკითხი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ უსრულებს ხალხს იმ ოცნებას, რასაც შევპირდით.

 

უკვე ითქვა, რომ ამჟამინდელი მოცემულობით შესაძლებელი გახდება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენება.

წარმოიდგინეთ, შეიძლება დადგეს რეალობა, როცა უმაღლეს საბჭოს შეიძლება ჰყავდეს თავმჯდომარედ არა ოცნების წევრი, ეს უკვე ძალიან ცუდის მანიშნებელი იქნება. შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს უმაღლესი საბჭო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატის გარეშე დარჩეს.

 

გამორიცხავთ, რომ დემოკრატიის პირობებში ეს ნორმალური პროცესია?

მე გიდასტურებთ, რომ დემოკრატიაა, მაგრამ იმ სოციალური სიდუხჭირის მქონე ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, დემოკრატიისა და სხვა მაღალ ფასეულობებზე საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ევროპისაკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ, მაინც არ გვაქვს და ვერ ვახორციელებთ.  ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ როდესაც ქართული ოცნების წევრებმა გავაკეთეთ განცხადება მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებაზე და გვქონდა ჩვენი დამოკიდებულება, ამის გამო გაგვკიცხეს. მაშინ არავის უთქვამს, რომ ეს არის დემოკრატია.

 

გადაბეჭდვის წესი