სიახლეები

„არა პანორამას“ – აქცია ბათუმშიც გაიმართა

31.01.2015 • 1433
„არა პანორამას“ – აქცია ბათუმშიც გაიმართა

აქცია – არა პანორამას

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ქალაქებში სივრცეების დაგეგმარება  მოსახლეობის, საზოგადოების აზრის გათვალისწინებით უნდა მიმდინარეობდეს და მათი თანამონაწილეობით უნდა იყოს გადაწყვეტილებები მიღებული:

„ჩვენ ვუჭერთ მხარს თბილისში მიმდინარე აქციას, რადგან „არა პანორამა“ ეკუთვნის არა მარტო თბილისს, არამედ მთელი საქართველოს ქალაქებს, რადგან ვხედავთ, თუ როგორ ქაოტურად მიმდინარეობს ქალაქებში სივრცეების დაგეგმარება და აუცილებელია, ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა „პანორამა“ თბილისში და, ზოგადად, დიდი საინვესტიციო პოლიტიკა, საზოგადოების აზრის გათვალისწინებით მიმდინარეობდეს“,- აცხადებს საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ რვაფეხა“-ს წარმომადგენელი  ნათია აფხაზავა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს წევრის, ნინო ინაიშვილის განცხადებით, მთავრობის პოლიტიკა აჩვენებს იმას, რომ ქვეყანაში ძეგლთა დაცვის სისტემა არ მუშაობს:

„ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ „პანორამას“ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მისი აშენება, რადგან ეს იქნება დამღუპველი ძველი თბილისისთვის. „პანორამა“ გაანადგურებს მის ღირებულებას. უნდა გავაგებინოთ მთავრობას, რომ კულტურული მემკვიდრეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, ჩვენი იდენტობის გამომხატველია და ძალიან ფასეული“.

ნინო ინაიშვილის აზრით, არასწორი კულტურული პოლიტიკა ტარდება ბათუმში არსებულ კულტურული მნიშვნელობის ძეგლებთან დაკავშირებითაც:

„რვაფეხა“-სთან დაკავშირებითაც  არ მიიღეს დროულად გადაწყვეტილება, არც ბარათაშვილის 24-ში მდებარე სახლს მიანიჭეს ძეგლის სტატუსი, ბათუმის შუქურას კი უკანონოდ მიაშენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ძეგლთა დაცვის სისტემა არ მუშაობს. ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო არ ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას და პასუხისმგებლობას, რომელიც აქვს ნაკისრი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წინაშე. რადგან ინსტიტუცია არ მუშაობს, ჩვენ, საზოგადოებამ უნდა დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა“.

ნინო ინაიშვილის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს: „მათი პარტიული კუთვნილებისა თუ სხვა ინტერესების მიუხედავად. მათ შორის, უნდა გამოვიდნენ მწერლები და პოეტები, სწორედ მათ უნდა ჰქონდეთ ყველაზე მეტი მგრძნობელობა ეროვნული ფასეულობების მიმართ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: