Batumelebi | წერილები ბათუმის ციხიდან წერილები ბათუმის ციხიდან – Batumelebi
RU | GE  

წერილები ბათუმის ციხიდან

 

დაახლოებით ერთი თვეა ბათუმის მე-3 საპყრობილეს ახალი დირექტორი კახაბერ გველესიანი მართავს. გასულ კვირას „ბათუმელების“ რედაქციამ ციხიდან სამი წერილი მიიღო. პატიმრები, რომლებიც სხვადასხვა საკანში იხდიან სასჯელს, ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა ციხის ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. ვინ არის ბათუმის ციხის ახალი შეფი, რა ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ პატიმრები, რას სწერენ სახალხო დამცველს ისინი და რას პასუხობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმრების ბრალდებებს?


ბათუმის საპყრობილე

პატიმარი რამაზ პატარაია: „სად-ის №3 დაწესებულებაში შემომასახლეს 2014 წლის 18 დეკემბერს №2 დაწესებულებიდან. 22 დეკემბერს შემასახლეს №111 საკანში, სადაც ვიყავი 27 დეკემბრამდე. ამ საკანში ჩემი ყოფნის დროს დაირღვა პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილი [ბრალდებულის საცხოვრებელი ფართობის ნორმა დაწესებულებაში არ უნდა იყოს 3 კვ. მეტრზე ნაკლები-ავტ], რაზეც არაერთხელ მივმართე ადმინისტრაციას, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ: ტრავმის გამო მესაჭიროებოდა ნევროპათოლოგის კონსულტაცია და მაგიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება.

გამომდინარე იქიდან, რომ რეაგირეა არ მოჰყვა ჩემს კანონიერ მოთხოვნებს, 2014 წლის 27 დეკემბრიდან მივმართე პროტესტის უკიდურეს ზომას –  შიმშილობას, ამიტომ №118 მოშიმშილეთა საკანში გადამიყვანეს.

6 იანვარს დაახლოებით პირველ საათზე მოშიმშილეთა საკანში შემოვიდა დაწესებულების დირექტორი კახაბერ გველესიანი, რომელსაც საკნის გარეთ ელოდნენ ამავე დაწესებულების თანამშრომლები… გველესიანმა მკრა ხელი და ინერციით გამაგდო საკნის გარეთ, იქ მყოფ თანამშრომლებს უთხრა „დროზე გადაათრიეთ ფუქსშიო“. ციხის თანამშრომლებმა მ.მ. და ადმინისტრაციის კიდევ სამმა თანამშრომელმა გადამიგრიხეს ხელები და გამათრიეს ე.წ. ფუქსის მიმართულებით… აღსანიშნავია ის, რომ თვითდაზიანების შედეგად მიყენებული მრავლობითი ჭრილობით [მარცხენა ქვედა კიდურზე მიყენებული მაქვს მრავლობითი ჭრილობა], თან შიმშილობის მე-11 დღეს რომც მქონოდა სურვილი, ფიზიკურად ვერ გავუწევდი წინააღმდეგობას. მე მათ არაერთხელ მივმართე, რომ ძალის გამოყენება არ იყო საჭირო და ჩემი ნებით გავყვებოდი, მაგრამ მათ ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ. გზადაგზა გველესიანი მათ უმეორებდა – „გადაათრიეთ ერთი, გადაათრიეთო“.

ფუქსში მოთავსების შემდეგ მოვითხოვე ექიმი, რომელიც დამპირდა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა ადმინისტრაციას, მაგრამ ჩემს ჯანმრთელობაზე ვერ აიღებდა პასუხისმგებლობას… 20 წუთში გადამიყვანეს კარცერში, დაახლოებით 20 საათამდე. მოშიმშილის კარცერში მოთავსება კანონით აკრძალულია.

კარცერიდან გადამიყვანეს სამედიცინო ნაწილში თვითდაზიანებული კიდურის გადასახვევად, სადაც ციხის მთავარი ექიმის, ზურაბ ორაგველიძის კაბინეტში დამხვდნენ უსაფრთხოებისა და რეჟიმების უფროსები… ექიმმა შემომთავაზა, რომ თუკი შევწყვეტდი შიმშილობას, 8 იანვარს სამოქალაქო საავადმყოფოში ჩემ გადაყვანას მოახერხებდა. მე დავთანხმდი.

ექიმი გაუშვეს ოთახიდან და მე შემომთავაზეს, რომ თუკი არ გავახმაურებდი ჩემ წინააღმდეგ პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევის ფაქტს, ასევე ე.წ. „ფუქსში“ და „კარცერში“ მოთავსების ფაქტებს, გამოიჩენდნენ კეთილ ნებას და პირად საქმეში არ ჩამიწერდნენ დარღვევას. მე ამაზეც დავთანხმდი. რის შემდეგაც დამაბრუნეს ჯერ კარცერში, შემდეგ დაახლოებით 20 საათისთვის შემასახლეს №211 საკანში“.

ამონარიდი კიდევ ერთი პატიმრის, ნუგზარ თაბაგარის წერილიდან:

„2014 წლის 29 დეკემბრიდან სად-ის მე-3 დაწესებულებაში შეიცვალა დირექტორი და ყველა მოადგილე. ახალმა დირექტორმა კახა გველესიანმა დაიწყო ჩემი წამება. განვმარტავ, რა ფორმით _ ჩემი ოჯახის წევრებს არ შემოაგზავნინა ამანათი: პური და სხვა საკვები. ამიკრძალა ამანათის მიღება, სატელეფონო კავშირი და მოკლევადიანი პაემნით სარგებლობა. გამაყუჩებლის მიღების უფლებას მხოლოდ დილით და საღამოს 10 საათზე მაძლევს დირექტორი. მე ტკივილისგან ფეხზე ვერ ვდგები. საკანში ისევ მარტო ვარ, სადაც ვიდეოთვალია დამონტაჟებული, ძალიან ცუდ პირობებში ვარ.
სამედიცინო დახმარება მჭირდება. 88 კილო ვიყავი ოთხი თვის წინ, ახლა კი 72 კილო ვარ… 2012 წელს მე სასჯელს ქუთაისის მორე დაწესებულებაში ვიხდიდი, იქაც დირექტორის მოადგილე კახა გველესიანი იყო. მან მე მაშინ მცემა…“

კიდევ ერთი პატიმრის, ედნარ ძნელაძის წერილიდან: „ახლა შექმნილი სიტუაციის გამო მინდა იცოდეთ – თუ რაიმე მომივიდა, თითქოსდა გაურკვეველ ვითარებაში, ეს იქნება ამ პიროვნებების ბრალი…“ პატიმარი კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ასახელებს.

ვინ არის კახაბერ გველესიანი?

ერთი თვის წინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებსა და მე-3 საპყრობილის თანამშრომლებს ახალი დირექტორი პირადად წარუდგინა. მაშინ „ბათუმელების“ კითხვაზე – რა გამოცდილება აქვს გველესიანს და რა კრიტერიუმით შეარჩიეს ის ამ თანამდებობაზე, მინისტრმა თქვა: „ეს პირის პირადი ინფორმაციაა“. თუმცა, მინისტრმა დაადასტურა, რომ გველესიანს ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

2013 წელს ომბუდსმენის მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში ვკითხულობთ: „პატიმრები ითხოვენ დაწესებულების დირექტორის კახა გველესიანის გათავისუფლებას და აცხადებენ, რომ თუ ზემოაღნიშნული პრობლემები არ მოგვარდა უმოკლეს დროში, ისინი უარს იტყვიან ანტიტუბერკულოზურ მკურნალობაზე და მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ზომას – შიმშილობას“.


კახაბერ გველესიანი

სახალხო დამცველის ამ რეკომენდაციიდან რამდენიმე დღეში მე-19 დაწესებულების დირექტორი კახაბერ გველესიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს მაშინდელი პრესსპიკერის, ირაკლი კორძაიას განცხადებით, გველესიანის დირექტორიბიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება სამინისტროს ხელმძღვანელობამ ერთობლივად მიიღო. მაშინ სამინისტროში თქვეს, რომ გველესიანის კადრების დაქვემდებარებაში გადაყვანა ომბუდსმენის განცხადებას არ უკავშირდებოდა.

სახალხო დამცველის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ მე-3 დაწესებულების პატიმრების ახსნა-განმარტებებს ახლა სწავლობენ და დასკვნას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ. პატიმრებს უკვე შეხვდა გიორგი ჩარკვიანი – სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ არ უპასუხა პატიმრების პრეტენზიებსა და ბრალდებებს, რომ ციხის დირექტორი პატიმრების უფლებებს არღვევს. კითხვაზე, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ციხის ახალი დირექტორი, სამინისტრომ წერილობით გვიპასუხა:

„კახაბერ გველესიანმა 2013 წელს, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდგომ, სასჯელაღსრულების #19 დაწესებულების დირექტორის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და კადრების განკარგულებაში გადავიდა. ეს ნაბიჯი ემსახურებოდა სასჯელაღსრულების აღნიშნულ დაწესებულებაში რეალური ვითარების გამოკვლევისთვის ხელშეწყობას და შესაბამისი შემოწმების შედეგად ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. დადგინდა, რომ რეკომენდაციაში აღნუსხული რიგი მსჯავრდებულების მიერ მოყოლილი ფაქტები არ დადასტურდა. რის შემდეგაც კახაბერ გველესიანი #2 დაწესებულების დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ამ პოზიციაზე მუშაობის დროს მან თავი გამოავლინა, როგორც კარგმა პროფესიონალმა და კეთილსინდისიერმა ხელმძღვანელმა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს პენიტენციურ სისტემას და გამოირჩევა როგორც კვალიფიციური მენეჯერი. სწორედ მისი პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით 2014 წელს კახაბერ გველესიანი სასჯელაღსრულების #3 დაწესებულების დირექტორად დაინიშნა და დღესაც ინტენსიურად მუშაობს დაწესებულებაში არსებული პირობების გაუმჯობესებისთვის და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის… სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოველთვის იქნებიან პატიმრები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ იმ წესებთან დაკავშირებით, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებათა რეჟიმის კანონიერი და განუყოფელი ნაწილია“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა