სიახლეები

აგვისტოს ომის მონაწილეები ვეტერანის მოწმობის ძიებაში

29.01.2015 • 3705
აგვისტოს ომის მონაწილეები ვეტერანის მოწმობის ძიებაში

 

გია ციმნარიძე
გია ციმნარიძე

გია ციმნარიძე 8 აგვისტოს ჭურვის აფეთქების შედეგად სოფელ ზემო ნიქოზში დაიჭრა. ის, უგონო მდგომარეობაში მყოფი, ალადაშვილის კლინიკაში ისე გადაიყვანეს, რომ არაფერი ახსოვს.

 

გია ციმნარიძე ჯარისკაცი აღარ არის. ის ბათუმში, სხვის ბინაში ცხოვრობს და შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუძლეველ პრობლემად ექცა. ბოლო ერთი წელია კი ცდილობს მიიღოს „ვეტერანის მოწმობა“, რათა ისარგებლოს მათთვის კომუნალურ გადასახადებში დაწესებული შეღავათებით.

 

ერთი წლის წინ გია ციმნარიძე დოკუმენტების შესაგროვებლად ჯერ ბათუმიდან სენაკში გაუშვეს (სენაკის 21-ე ბატალიონში მსახურობდა), იქედან კი თბილისში, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში. თბილისში გია ციმნარიძეს უთხრეს, რომ ერთ თვეში გამზადებული მოწმობა ბათუმში, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში მოეკითხა. „ბევრჯერ ვიყავი. ბოლოს კი ტაბიძის 2-ში მითხრეს, რომ დოკუმენტები დაიკარგა და ისევ უნდა მიმეტანა. ეს თანხასთან არის დაკავშირებული, სენაკში ვეღარ წავედი“.

 

გია ამბობს, რომ მისთვის დამამცირებელი იყო ის მოპყრობა, როგორც მას „ტაბიძის 2-ში“ მოექცნენ.

 

გია ერთადერთი ვეტერანი არ არის, ვინც ბიუროკრატიის გამო დღემდე მოწმობის გარეშეა. ქობულეთში, ქვედა კვირიკეში მცხოვრები მინდია კახაძე 2013 წლის შემოდგომიდან ცდილობს კუთვნილი მოწმობის მიღებას. ისიც აგვისტოს ომის მონაწილეა. მინდიამაც შეაგროვა დოკუმენტები და წარუდგინა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურს. მას დოკუმენტი ერთ თვეში გამოუგზავნეს, მაგრამ გვარი შეცდომით ჩაწერეს –  კახაძის ნაცვლად კახიძე.

 

მინდია კახაძე
მინდია კახაძე

შეცდომით გაცემული მოწმობა მინდიამ ისევ თბილისში ჩაიტანა, სადაც დააწერინეს განცხადება და დაჰპირდნენ, რომ ბათუმში გამოუგზავნიდნენ გასწორებულ ვერსიას. რამდენიმე თვის შემდეგ კი აუხსნეს, რომ დოკუმენტები გაიბნა, ამიტომ მიმართოს ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას ვეტერანის მოწმობის დაკარგვის თაობაზე, რის საფუძველზე გასცემენ ხელახალ მოწმობას.

 

მინდია ამბობს, რომ მას არაფერი დაუკარგავს, ამიტომ მოწმობის გარეშეც რომ დატოვონ, მაინც არ დაწერს პოლიციაში განცხადებას.

 

„ბათუმელები“ არკვევდა, რატომ სჭირდებათ ყოფილ ჯარისკაცებს ერთი წელი და მეტი დრო იმისთვის, რომ „ვეტერანის მოწმობა“ მიიღონ ან რატომ არ შეიძლება მათ მიერ ომში მონაწილეობა სახელმწიფომ გაადამოწმოს ბიუროკრატიის გარეშე, ვთქვათ, ელექტრონულად? ამის პასუხად საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში გვითხრეს, რომ მინდია კახაძის მოწმობა შემდეგ კვირაში იქნება ბათუმში.

 

ამ სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელის, თემურ ზაქარაძის თქმით კი, თუ კახაძეს არ სურს მიმართოს პოლიციას, ეს მისი უფლებაა. რაც შეეხება გია ციმნარიძეს – „თუ ჩვენთან მოვა, დავეხმარებით შესაბამისი განცხადების, ანკეტის შევსებასა და გაგზავნაში. შემდეგ კი მიღებული დოკუმენტების საფუძველზე გასცემენ ვეტერანის მოწმობას“.

 

კითხვაზე, თუ ეს შესაძლებელი იყო, რატომ აქამდე არ დაეხმარეთ ვეტერანს, თემურ ზაქარაძე ამბობს, რომ აგვისტოს ომის მონაწილე ბევრი ჯარისკაცი ცხოვრობს ბათუმში და ყველა არ ახსოვს. თუმცა, გია ციმნარიძე აქამდეც არაერთხელ შეხვდა უშუალოდ თემურ ზაქარაძეს და ამის დადასტურება იმ ხელნაწერითაც შეიძლება, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, მას სამმართველოს ხელმძღვანელმა მისცა. ფურცელზე წერია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც „ბათუმელებთანაც“ გაიმეორა თემურ ზაქარაძემ: „საბრძოლო მოქმედების ზონაში მივლინებისა და მივლინებიდან დაბრუნების შესახებ ბრძანებები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური დოკუმენტების განხილვის შემდგომ ანიჭებენ სტატუსს, გამზადებული მოწმობა ჩამოდის ჩვენთან – რეგიონულ სამმართველოში“.

გადაბეჭდვის წესი