სიახლეები

ბარათაშვილის ქუჩაზე სახლს ძეგლის სტატუსი არ მიანიჭეს – ნიკოლოზ ანთიძის განმარტება

28.01.2015
ბარათაშვილის ქუჩაზე სახლს ძეგლის სტატუსი არ მიანიჭეს – ნიკოლოზ ანთიძის განმარტება

ნიკოლოზ ანთიძე
ნიკოლოზ ანთიძე

ბატონო ნიკოლოზ, ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში მდებარე სახლზე თქვენმა საკონსულტაციო  საბჭომ ერთხელ თქვა, რომ ამ მისამართზე არსებულ შენობას  ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს. დღეს გახდა ცნობილი, რომ გადაწყვეტილება რადიკალურად შეიცვალა და შენობას ძეგლის სტატუსი აღარ მიენიჭება. რის საფუძველზე შეცვალეს გადაწყვეტილება?


თავდაპირველად საკითხი პირველადი მონაცემების საფუძველზე განიხილეს, მას მერე კიდევ შემოვიდა დამატებითი დოკუმენტაცია, ანუ კვლევა, რაც საბჭომ ხელახლა განიხილა. პირველად ინფორმაციაში მარტო ფოტოსურათები იყო ისეთი, რომლითაც აღქმა გაუჭირდებოდა ადამიანს თუ რა შენობაზე იყო საუბარი. ახლა არის კვლევა,  რომელშიც წერია, რომ ამ ნაგებობას არ გააჩნია ის ღირებულებები, რა ღირებულებებისთვისაც შენობას ძეგლის სტატუსი ენიჭება.

ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილი, რომელმაც დაწერა მეორე განხილვისთვის დასკვნა, რა ნიშნით იქნა შერჩეული, ბათუმში მდებარე კულტურუმი მემკვიდრეობის ძეგლებზე აქვს ნამუშავარი?


ეს დოკუმენტი ჩვენი დაკვეთით არ არის შექმნილი, არ ვიცი საიდან იყო დაკვეთა. თუ ქალბატონ ლალი ანდრონიკაშვილის კვლევაა, ის მაღალი კვალიფიკაციის ხელოვნებათმცოდნეა, ჩუბინაშვილის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელია, შესაბამისად, ეჭვის შეტანა მის კვალიფიკაციაში არ შემიძლია და ვერც ვერავინ შეიტანს, ვინც ამ დარგში მოღვაწეობს. ზოგადად კი, ბათუმში, იმდენად მნიშვნელოვანი ძეგლებია, რომ ურბანული განხრით ყველა ხელოვნებათმცოდნეს აქვს ნამუშევარი.

კომისიის წევრები, რომლებიც პირველად დათანხმდნენ ბარათაშვილის 24-ში არსებული შენობის გაძეგლებაზე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ასევე კვალიფიციური სპეციალისტები არიან. ასე არ არის? 


მაგრამ ამ ხუთმა ადამიანმა რა დოკუმენტაცია განიხილა, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. ზოგადად, სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობისას ჩვენი სპეციალისტები ყოველთვის ამბობენ, რომ მიენიჭოს, მაგრამ როდესაც დეტალურად წარმოადგენენ დოკუმენტაციას და განიხილავენ… ძალიან ბევრ არამემკვიდრეობით ძეგლს აქვს თავის დროზე სტატუსები ზერელედ მინიჭებული.  

ახალი კანონმდებლობით, ძეგლის მიმართ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს, მფლობელს, ამიტომ გადაწყდა წარმოდგენილიყო დამატებით კვლევა – იმსახურებდა თუ არა ეს შენობა რეალურად ძეგლის სტატუსს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემიძლია ფოტო გადავუღო რაღაც შენობას და დაახლოებით ვთქვა თარიღი, მაგრამ ამითი არ შეიძლება გაკეთდეს შეფასება.

ეს პრობლემას ქმნის როგორც მოსახლეობისთვის, ისე სახელმწიფოსთვის – ძეგლთა დაცვა არ არის ის, რომ ხელი შევუშალოთ მოსახლეობას – ძეგლის მოვლა-პატრონობასა და მოსახლეობას შორის უნდა იყოს სინთეზი. მე ვფიქრობ სწორია, რომ ძეგლის სტატუსის მინიჭების დროს, შეფასება მუდმივად იყოს კვალიფიციური, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ადგილებში ადამიანები ცხოვრობენ… ამიტომ ჩატარდა ზუსტად ეს კვლევა. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: