სიახლეები

ყოფილი გამგებელი რუსეთის დროშით და ლენინის ბიუსტით

28.01.2015
ყოფილი გამგებელი რუსეთის დროშით და ლენინის ბიუსტით

 

ამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო ჯუმბერ ჯიხაძე, რომელიც  „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სოფლის გამგებელი იყო.

 

ჯუმებერ ჯიხაძემ „ბათუმელებთან“ დაადასტურა, რომ ვიდეოზე თვითონაც არის ასახული, თუმცა იგი ამბობს, რომ ეს აქცია არ ყოფილა. „აქცია არ ყოფილა, უბრალოდ, ხუმრობდნენ საახალწლოდ.“ კითხვაზე, საიდან გაჩნდა ამ „ხუმრობის“ დროს რუსეთის დროშა და ლენინის ბიუსტი, ჯუმბერ ჯიხაძე ამბობს, რომ არ იცის: „მე შემთხვევით გავიარე, ვერ გეტყვით, ვის ჰქონდა, რა ჰქონდა, არ ვიცი.“ 

 

კითხვაზე, მას, როგორც ყოფილი ხელისუფლების წევრს, რომელიც პუტინის კრიტიკით გამოირჩეოდა, უქმნის თუ არა უხერხულობას მსგავს „ხუმრობაში“ მონაწილეობა, ჯუმბერ ჯიხაძემ ასე უპასუხა: „თქვენ რა გნებავთ, მორალს მიკითხავთ? არ მინდა მე თქვენი მორალის კითხვა!“

 

ჯუმბერ ჯიხაძე და ვიდეოზე ასახული სხვა კირნათელები გასული წლის ივნისში, კირნათში გამართულ აქციაშიც მონაწილეობდნენ, სადაც კირნათის მოსახლეობის ნაწილი თურქი მესაზღვრეების მიერ საზღვრის დარღვევას აპროტესტებდნენ. ტელეკომპანია “ობიექტივში” სწორედ ჯუმბერ ჯიხაძემ დარეკა. შესაბამისად, თურქი მესაზღვრეების მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისა და მოქალაქეებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციაც, ძირითადად, მასზე დაყრდნობით ვრცელდებოდა. იმ პერიოდშივე გამოფინა ჯუმბერ ჯიხაძემ პლაკატი: „россия иди помоги, турция земли отбирает.“

 

მაშინ საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა, აქცია კირნათში მაინც გაიმართა და აქციაზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელები – ირმა ინაშვილი და დავით თარნახ-მოურავიც ჩავიდნენ.   

 

ვიდეომასალაში ასახული რამდენიმე კირნათელი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ 2014 წლის 14 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზეც იმყოფებოდა.

 

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ ჯუმბერ ჯიხაძე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი არ არის და არ იცნობს: „არავითარი ვიდეო არ მინახავს, წარმოდგენა არ მაქვს. არც ჯუმბერ ჯიხაძეს ვიცნობ და საერთოდ არ ვიცი ვინ არის. კირნათში აქციაზე გამოდიოდა ადგილობრივი მოსახლეობა. „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით გამოვდივარ მე ან გენერალური მდივანი“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა „ბათუმელებთან“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.