Batumelebi | ბათუმის მერია 7973 ლარის ყავას, ჩაისა და შოკოლადს შეიძენს ბათუმის მერია 7973 ლარის ყავას, ჩაისა და შოკოლადს შეიძენს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის მერია 7973 ლარის ყავას, ჩაისა და შოკოლადს შეიძენს

 

ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს  ე.წ. „ნალექიანი ყავა“ უყვარს: „მე ამას ბათუმურ ყავას ვეძახი“.  სწორედ ამ სახეობის ყავას წელს მერია 400 კოლოფს, თითოეულს 90-გრამიანი შემცველობით და კიდევ რამდენიმე სახეობის ხსნად ყავას შეიძენს. საერთო ჯამში კი, 2015 წელს ბათუმის ბიჯეტიდან ყავისთვის, ჩაისთვის, შაქრისთვის, შოკოლადისა და წვენისთვის, რვა ათას ლარამდე დაიხარჯება. 

 

საქმიან შეხვედრებზე თანამშრომლებისა და  სტუმრების გასამასპინძლებლად მერიამ თადარიგი 2015 წლის იანვარშივე დაიჭირა. მერიის შესყიდვების სამსახურმა გამარტივებული შესყიდვის წესით უკვე გაუფორმა ხელშეკრულება შპს „აბსოლიტი-2010“-სა და „ენგარდს“ შესაბამისი პროდუქტების მიწოდებაზე.

 

ხელშეკრულების მიხედვით, 2015 წელს მერია 100 კგ შაქრის ფხვნილს, 400 კოლოფ მოხალულ ყავას, 25 კოლოფ (250გრ) ყავა „გოლდს“, 46 კოლოფ ყავა „კლასიკს“ (250 გრ) და 49 ერთეულ შოკოლადის ფილას შეიძენს.

 

გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 15 კოლოფი (100ც – ერთ შეკვრაში) და დამატებით 40 კოლოფი (25 ც ერთ შეკვრაში) ჩაის შეძენა.

 

მერიამ ხილის წვენით მომარაგებაზეც იზრუნა. მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია მერიას 2015 წლის განმავლობაში 111 პაკეტი ლიტრიანი და 100 პაკეტი 2-ლიტრიანი წვენი მიაწოდოს.

 

წელს მერია 4 975 ლარის ღირებულების  მინერალურ წყალს შეიძენს, მათ შორის 4 000 ბოთლი 0,5 ლ გაზიანი მინერალური წყალი, 600 ბოთლი ერთლიტრიანი გაზიანი მინერალური წყალი, 5100 ბოთლი – არაგაზიანი მინერალური წყალი იქნება.

 

ამ ყველაფრისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 7973 ლარი დაიხარჯება. ეს თანხა არ გამოაკლდება მერის წარმომადგენლობით ხარჯებს. წელს მერის წარმომადგენლობითი ხარჯისთვის ბათუმის ბიუჯეტში  60 000 ლარი გაითვალისწინეს.

 

„ეს არის შეხვედრებზე მითინგრუმში და ასე შემდეგ მოხმარებისთვის. სახლში არავის არ მიაქვს. ჩემი წარმომადგენლობითი ხარჯიდან არ იხარჯება, ცალკე თანხაა გამოყოფილი, ეს ყველგან ხდება, ყველა სახელმწიფოში. რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯს, ძირითადად, სტუმრების მიღებაზე, ოფიციალურ შეხვედრებზე და პროტოკოლით გაწეულ შეხვედრებზე, ღონისძიებებზე იხარჯება“, – განმარტა გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებთან“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე