Batumelebi | შინაგან საქმეთა სამინისტრო სერიალს გადაიღებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სერიალს გადაიღებს – Batumelebi
RU | GE  

შინაგან საქმეთა სამინისტრო სერიალს გადაიღებს

 

„დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოების ინფორმირებისათვის განკუთვნილი 110-სერიანი დოკუმენტური, რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული სერიალის“ გადაღებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ სერიაში – 4 ათას, მთლიანობაში კი – 440 ათასამდე ლარს გადაიხდის. 

 

 

 

შინაგან საქმეთა სმინისტრომ შესაბამისი ელექტრონული ტენდერი გუშინ გამოაცხადა. წინადადების მიღება 28 იანვარს დაიწყება და 2 თებერვალს დასრულდება. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა ელექტრონული ვაჭრობის დასრულებისთანავე (იმავე დღეს) უნდა წარადგინოს ერთი სერიის (15-წუთიანი) სატელევიზიო საპილოტო ვერსია DVD ფორმატში 2 ეგზემპლარად.

 

სატენდერო პირობების თანახმად, სატელევიზიო საპილოტო ვერსია უნდა მოიცავდეს:

ორიგინალურ სათაურს, თემატიკას, ფორმატს, გადაღების პრინციპებს, მუსიკალურ გახმოვანებას, ორიგინალურ გრაფიკას, გადაცემის ქუდს, პრომოს, ტიხრებს, ტიტრებსა და შესაბამის ე.წ. “პლაშკებს”.

 

აღნიშნული ნიმუშის გადაღებისათვის შესაძლებელია რომ პრეტენდენტი დაუკავშირდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადების მიღების დაწყებამდე ნებისმიერ დროს და სამინისტრო უზრუნველყოფს გადამღები ჯგუფის დაშვებას საპატრულო ეკიპაჟთან 8-საათიანი სამუშაო გრაფიკის განმავლობაში. ამასთან, გადაღებული მასალა არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა მიზნებისათვის და უზრუნველყოფილი უნდა იქნას გადაღებული მასალის შენახვისა და დაცვის სათანადო პირობები.

 

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტური, რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული სერიალი უნდა შედგებოდეს 110 ეპიზოდისგან, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ყოველდღიური მუშაობის შესახებ როგორც კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან კონფრონტაციისას, ასევე მოქალაქეების ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტისას;

 

სამინისტროს მოთხოვნებშია ასევე, რომ ყოველი ეპიზოდი სამუშაო დღის შესახებ აღწერდეს როგორც ამ კონკრეტულ პერიოდში მომხდარ მნიშვნელოვან შემთხვევებს, ასევე იმ მოკლე მომენტებსაც, როდესაც ეკიპაჟის წევრები განიხილავენ გარემოებებს, გეგმავენ ჩარევას, ან საშუალება ეძლევათ დაისვენონ და ერთმანეთს გაესაუბრონ მომხდარის შესახებ;

 

ეპიზოდის სტრუქტურა, თანამიმდევრობა და თემატიკა წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული სამინისტროსთან;

 

ეპიზოდები გადაღებული უნდა იყოს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში (არაუმეტეს 5 ქალაქში შემსყიდველთან შეთანხმებით);

 

სერიალს თან უნდა ახლდეს ორიგინალური მუსიკა (სპეციალურად სერიალისთვის დაწერილი მუსიკა) და შეფუთული უნდა იყოს სპეციალურად დამზადებული კომპიუტერული გრაფიკით, ვიდეოსთვის ორიგინალური ფორმის/დინამიკის მისაცემად, ორიგინალური კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით, სპეციალურად გადაცემისთვის უნდა დამზადდეს გადაცემის ქუდი, პრომო, ტიხრები, ტიტრები, შესაბამისი “პლაშკები”;

 

სერიალისთვის შემსყიდველთან შეთანხმებით შერჩეული უნდა იქნას შესაბამისი სახელწოდება;

 

შემსყიდველთან შეთანხმებით, სერიალის ერთი ან რამდენიმე სერია უნდა იყოს წარდგენილი ეროვნულ ან საერთაშორისო კონკურსზე.

 

დამზადებული სერიალი შესაბამისობაში უნდა იყოს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის, „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის, ამ კანონის შესაბამისად მიღებულ ნორმატიულ აქტებსა და სხვა საკანონდებლო აქტების მოთხოვნებთან;

 

გადაღებული სერიალების შეუფერხებლად გამოყენებისა და ჩვენების მიზნით შსს-ს მიერ სერიალების მიღება ნიშნავს, რომ მას გადაეცა ყველა სახის განსაკუთრებული საავტორო და მომიჯნავე უფლებები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"