Batumelebi | ახალგაზრდააა მასწავლებლები სკოლაში ახალგაზრდააა მასწავლებლები სკოლაში – Batumelebi
RU | GE  

ახალგაზრდააა მასწავლებლები სკოლაში

 

სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებელთა დეფიციტია. ახალგაზრდები შტატების არრსებობის გამო ან სამსახურს ვერ პოულობენ, ან საერთოდ არ მიდიან სკოლაში სამუშაოდ დაბალი ანაზღაურების გამო. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული „მასწავლებელთა არსებულ და საჭირო რაოდენობებს შორის ბალანსის“ კვლევის მიხედვით, ორი წლის წინ მასწავლებელთა საშუალო ასაკი სკოლებში 47 წელი იყო. ყველაზე „ახალგაზრდულები“ იყვნენ სამცხე-ჯავახეთის მასწავლებლები, რომელთა საშუალო ასაკი 44 წელს აღწევდა. რატომ არ/ვერ მიდიან ახალგაზრდები სკოლებში მასწავლებლად, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული კვალიფიციური კადრის მომზადება-დასაქმება?  „ბათუმელები“ ამ თემით დაინტერესდა. 

 

ცირა ბოლქვაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. დაწყებითი განათლების პედაგოგის სპეციალობას ეუფლება და უკვე იცის, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შუახევში დაიწყებს მასწავლებლად მუშაობას.

 

„ოთხი წლის წინ, როცა ვაბარებდი, დაწყებითები მქონდა მითითებული და მაშინვე ვიცოდი, რომ მასწავლებელი ვიქნებოდი. ახლაც მაქვს სამსახურის შემოთავაზება, მაგრამ უნივერსიტეტის პარალელურად ვერ შევძლებდი მუშაობას. როდესაც დავამთავრებ, შუახევში წავალ და იქ ვასწავლი“, – ამბობს ცირა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ფაკულტეტის დეკანი მადონა მიქელაძე ამბობს, რომ განათლების ფაკულტეტი გამონაკლისია საგანმანათლებლო სივრცეში – აქ მისულ სტუდენტებს გააზრებული აქვთ, რომ ისინი პედაგოგები გახდებიან.

 

„ჩვენ ვამზადებთ დაწყებითი კლასების ქართულის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს. კმაყოფილები ვართ სტუდენტებისა, რომლებიც მოტივირებულნი არიან და სწავლობენ, მუშაობენ საკუთარ თავზე. სწავლის ინდიკატორი არის დასაქმება“, – ამბობს მადონა მიქელაძე. – „პრობლემა იქმნება შემდგომ საფეხურებზე, საბაზო და საშუალო სკოლის პედაგოგთა მომზადების პროცესში“.

 

 

როგორც სპეციალისტი ამბობს, ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტს: დიდი ხანია მასწავლებლის საბაკალავრო პროგრამები არ ფუნქციონირებს უნივერსიტეტებში. ჩვენ გვაქვს უფლება მხოლოდ მაინორ პროგრამის ფარგლებში მოვამზადოთ მასწავლებლები – სულ 60 კრედიტია. მიგვაჩნია, რომ 60 კრედიტი არ არის საკმარისი საბაზო და საშუალო სკოლის მასწავლებლის მომზადებისთვის. განათლების სამინისტროში უკვე მუშაობენ განათლების სტანდარტზე, უნივერსიტეტებს 240-კრედიტიანი მასწავლებლის საბაკალავრო პროგრამების განხორციელების უფლება მოგვეცემა. იმედია, ეს მალე მოხდება. შემდგომში უფრო მაღალკვალიფიცირებულ პედაგოგებს გამოვუშვებთ“.

 

ელისო ბოლქვაძე ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის სტუდენტია. ის მომავალი დაწყებითი განათლების პედაგოგია და მიაჩნია, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა მისცემს საშუალებას, სკოლაში კარგი პედაგოგი იყოს.

 

„თეორიული ცოდნის პარალელურად მთელი წელი გავდივართ პრაქტიკებს, რომელიც ნამდვილად სრულყოფილ პედაგოგებად გვაყალიბებს.  მაქვს იმის უნარი, რომ გავხდე პედაგოგი და სიახლე შევიტანო სკოლაში“, –  ამბობს ელისო.

 

ელისოს თქმით, მას ესმის, რატომ შეიძლება არ მოუნდეთ სტუდენტებსა და ახალკურსდამთავრებულებს საბაზო და საშუალო სკოლის პედაგოგობა:

 

„ასეა თუ ისეა, მაინც ყველაფერი მიბმულია ანაზღაურებაზე. მაგალითად, ფიზიკა-ქიმიის საათები სკოლაში ცოტაა, შესაბამისად, მოთხოვნაც ცოტაა და ანაზღაურებაც. სტუდენტი ცდილობს, რომ სადაც ანაზღაურება მეტია, იმ სფეროში დასაქმდეს. როდესაც სათანადოდ იქნება შრომა შეფასებული, არამგონია სხვაგან წავიდეს. როდესაც ოთხ წელს ახარჯავ ამ სფეროს, უზარმაზარ შრომას დებ, მერე სხვაგან არ წახვალ, თუკი ადეკვატური ანაზღაურება იქნება“.

 

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანი მადონა მიქელაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა დააფინანსოს განათლების მიმართულება: „სანამ საბაკალავრო პროგრამა არ გაკეთდება მასწავლებლის მიმართულებით და სანამ ჩვენ სახელმწიფო არ მოგვცემს მასწავლებლის გაზრდის უფლებას, სკოლებში სულ პრობლემა იქნება. თუ დააკვირდებით, ყველაზე დიდი პრობლემა მაღალ კლასებშია. დაწყებითებში ნაკლებად. მაგალითად, მათემატიკოსმა, მათემატიკის სპეციალობით მიიღო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. მას არ გაუვლია პედაგოგიკა, მეთოდიკა და შედის სკოლაში. ბრწყინვალედ იცის მათემატიკა, მაგრამ არ იცის პედაგოგიკა, მეთოდოლოგია და ფსიქოლოგია“.

 

მისივე თქმით, სტუდენტებს აქვთ ძალა შეცვალონ ამინდი სკოლაში, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით არიან ისინი წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროცესში:

 

„ჩვენ დავინახეთ რამდენმა პედაგოგმა ვერ ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა. ამის მიუხედავად, ჩვენი სტუდენტები საჯარო სკოლებში ვერ პოულობენ სამსახურს. უნდა იყოს სისტემა, სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს, რომ კურსდამთავრებულმა შეძლოს სკოლაში ინტეგრირება. მენტორისა და სტაჟიორის პროგრამები ამართლებს ნაწილობრივ. კურსდამთავრებული როდესაც ერთი წლით მიდის სკოლაში მენტორთან ერთად, მას სახელმწიფო არაფერს უნაზღაურებს. გზის, გადაადგილების ხარჯი მაინც ხომ უნდა მისცეს სახელმწიფომ? ამიტომ არ მიდიან სტუდენტები სტაჟიორებად. კერძო სკოლებში უფრო საქმდებიან.

 

თუკი მივცემთ კურსდამთავრებულებს გასაქანს, რომ სკოლაში შევიდნენ, მეტ სიახლეს შეიტანენ. მე არ ვაყენებ შეურაცხყოფას არც ერთ მოქმედ პედაგოგს, დიდ პატივს ვცემ თითოეულ მათგანს და ეჭვი არ მეპარება მათ პროფესიონალიზმში, მაგრამ როგორც მე მჭირდება ახალი თაობა გვერდით რომ მედგეს და მათგან ბევრი რამ ვისწავლო, ასე სჭირდებათ ჩემს კოლეგებს სკოლებში. სხვადასხვა თაობა უნდა იყოს სკოლაში წარმოდგენილი, ბალანსი უნდა არსებობდეს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიშვილი