ნეტგაზეთი • RU

ახალი წლის ღამის ფასი ბათუმის სასტუმროებსა და რესტორნებში

 

სად და რა ფასად შეგიძლიათ შეხვდეთ 31 დეკემბერს ახალ წელს, თუ კი ამ დღის სახლში ან ქუჩაში გატარება არ გსურთ? „ბათუმელები“ იმ სასტუმროებისა და რესტორნების ფასებსა და პირობებს გაგაცნობთ, სადაც 31 დეკემბერს საახალწლო წვეულებაა დაგეგმილი. 


სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ახალ წელს საბანკეტო დარბაზში შეგიძლიაღ შეხვდეთ. სასტუმრო სტუმრებს ქართულ სუფრას, ცოცხალი მუსიკას, ქართული ცეკვების წარმოდგენას, დიჯეისა და სიურპრიზებს ჰპირდება. ბილეთის ფასი ერთი ადამიანისთვის 85 ლარი. საღამო  22:00 საათზე დაიწყება.

 

სასტუმრო რადისონში ახალი წლის ღამეს ორი ღონისძიებაა დაგეგმილი: სასტუმროს შენობის მე-19 და პირველ სართულზე. ღონისძიება ორივე დარბაზში ერთდროულად, საღამოს 9 საათზე დაიწყება და ღამის 3 საათამდე გაგრძელდება.  იქნება ცოცხალი მუსიკა, გათამაშებები და კონკურსები. ღონისძიებაზე დასასწრებად ადგილების წინასწარ დაჯავშნა აუცილებელია. ბილეთის ფასი მე-19 სართულზე, ბარში 265 ლარია  ერთი პერსონისთვის. ფასში შედის სხვადასხვა კერძი, სასმელი და გართობა.  

 

სასტუმრო დივან ითი“ 31 დეკემბრის ღამეს სტუმრებს ქართული და ევროპული კერძების გაერთიანებულ მენიუს და ულიმიტო ადგილობრივ სასმელს სთავაზობს. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბენდი The Pickupers-ი, იქნება ასევე დიჯეი, აქ მისული სტუმრები ნახავენ  ჯგუფ „პლატინას“ ცეცხლოვან სანახაობებს. გათამაშდება საჩუქრები: ნომერი ორი ადამიანისთვის, ორი დღით, სასტუმრო „დივანში“და სხვა პრიზები. სასტუმრო დივანში“ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების ფასი 190 ლარია.

 

სასტუმრო პრეზიდენტ პლაზა სტუმრებს 31 დეკემბერს სთავაზობს შოუპროგრამას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკრაინული ჯგუფი, ასევე იქნება დიჯეი. აქ, დაახლოებით 200 კაცზე გათვლილ დარბაზში, ღონისძიებაზე ერთი პერსონის დასწრების ფასი 150 ლარია.  საღამო დაიწყება 22 საათზე. ადგილების დაჯავშნა ჯერ კიდევ შესაძლებელია.  

 

ორ რესტორანში – „თბილისსა“ და „ბაკურიანში“ აქვს საახალწლო ღონისძიება დაგეგმილი სასტუმრო ინტურისტს.  რესტორან „ბაკურიანში“ იქნება დისკოს ტიპის საღამო და დიჯეი, რესტორან „თბილისში“ კი დაუკრავს ბენდი. აქ მისულ სტუმრებს ჰპირდებიან სიურპრიზსა და საჩუქრებს. რესტორან თბილისში საახალწლო ღონისძიებაზე დასწრება 120 ლარი ღირს, ხოლო  ბაკურიანში 50 ლარი. ღონისძიება ორივე რესტორანში დაიწყება 23 საათზე. ადგილების დაჯავშნა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, ადგილები შეზღუდულია.  

 

გარდა სასტუმროებისა, 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილია რესტორნებსა და კაფე-ბარებშიც.  

 

სანრემო 120 ლარად გთავაზობთ ახალი წლის ღამის გატარებას. იქნება ქართული მენიუ, იმღერებს ბენდი. გათვალისწინებულია საჩუქრები.  ღონისძიება დაიწყება 22 საათზე და დილამდე გაგრძელდება.

 

 პიერბათუმში ახალი წლის ღამის გატარება 100 ლარი ღირს. არის როგორც ქართული კერძები, ასევე თევზის ასორტი. მენიუს მიხედვით ფასი განსხვავებულია.  იქნება ცოცხალი მუსიკა. „პიერ-ბათუმში“  ღონისძიება 22 საათზე დაიწყება.

 

 რესტორან კოშკში ახალი წლის ღამეს, 23:00 საათზე, ცოცხალი ბენდი დაუკრავს ქართულ და უცხოურ ჰიტებს. საფასური: 60 ლარი ერთ ადამიანზე.

 

 რესტორან მიუნჰენში ახალი წლის ღამეს იმღერებენ ახალგაზრდა ქართველი მომღერლები –  ანი ღონღაძე და ნიკო ბერიძე. იქნებიან მსახიობებიც. აქ სტუმრებს სთავაზობენ როგორ ქართულ, ასევე ევროპულ კერძებს. იქნება გათამაშება. „მიუნჰენში“  საახალწლო ღონისძიებას 130 ლარად შეგიძლიათ დაესწროთ.  აქ ღონისძიება ღამის 23.30-საათზე დაიწყება.

 

ახალ წელს “Old Boulevard”-ში ვაჟა ტუღუშთან, არჩილ ჩიქოვანთან და ირაკლი ჯანაშიასთან ერთად შეგიძლიათ შეხვდეთ. შოუს წამყვანი იქნება ზაალ გოგუაძე. დასაწყისი 23:00 საათზე. ერთი პერსონის ფასი 100 ლარია.

 

რესტორან „ბავარეში“ 31 დეკემბერს საახალწლო შოუ–პროგრამა 22 საათზე დაიწყება. DJ, ფეირვერკები, თოვლის ბაბუა, მომღერლები: ზაალ  და მამუკა დევაძეები, აკრობატები, ქართული და ლათინო ამერიკული ცეკვები, გათამაშებები და სიურპრიზები – აი რას გპირდებათ რესტორანი. მენიუს ფასი 60 ლარია ერთ ადამიანზე.  

 

კაფე “La Brioche“-ში 31 დეკემბერს საახალწლო წვეულება 22:00 საათზე დაიწყება.   DJ Goldman და მსოფლიო ჰიტები, გართობა, სიურპრიზებისა და დაუვიწყარი განწყობის ღამე. მენიუს ფასი:  ერთი პერსონა – 40 ლარი.

 

Caffe Monet-ში  31 დეკემბერს  ნიჭიერის ფინალისტი ბათუმელი ნინიკო კახაძე იმღერებს. სუფრა გაშლილი იქნება საახალწლო ტკბილეულით (არაყი და შამპანური), ასევე იქნება ამერიკული სტილით შემწვარი ინდაური, ქართული გოჭი და გემრიელი კერძები, ნამცხვრები, ხილი, თხილის, ჩირის, ყველისა და ძეხვის ასორტი, სალათების მრავალფეროვნება, ლობიანი, ხაჭაპური. ფასი: 1 პერსონა – 80 ლარი.

 

რესტორან „ყირამალაში“, 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი მოწვეული სტუმრებით და სახალისო კონკურსებით გაიმართება.  ფასი: 100 ლარი. საღამო 22 საათზე დაიწყება.

 

31 დეკემბერს საახალწლო შოუ–პროგრამა იქნება რესტორან „გრანდ გრილში“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ქართული ნაციონალური ცეკვები, პოპულარული ჯგუფი თურქეთიდან, მრავალფეროვანი მენიუ ხორცეულითა და თევზეულით, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები. საღამო 20 საათზე დაიწყება. ფასი: 140 ლარი.

 

31 დეკემბერს საახალწლო პროგრამაა რესტორან „მეგრულ–ლაზურში“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება ქართული ნაციონალური ცეკვები, ცეცხლოვანი შოუ და ფეიერვერკები. საღამო წარიმართება მეგრულ-ლაზურის სიმღერების ფონზე. ღირებულება: ერთი ადამიანი – 130 ლარი (დიდი ჯგუფის შემთხვევაში შესაძლებელია ფასდაკლებაც).

 

31 დეკემბერს რესტორან „Vox“-ში ბიძინა მახარაძე და ვახტანგ ტატიშვილი იქნებიან „იუმორინადან“. დასაწყისი: 22:00 ბილეთის ფასი: 130 ლარი (სრული მენიუ).

 

31 დეკემბერს რესტორან „ალექსანდრიაში“ საახალწლო შოუ-პროგრამას წარუძღვება იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე მეგობრებთან ერთად. დასაწყისი: 23:30. ბილეთის ღირებულება: 50-100 ლარი.  

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნაზი ზოსიძე