სიახლეები

გიორგი კეკელიძე და ჯონ გრინი – პოპულარული წიგნები და ავტორები ბათუმში

25.12.2014 • 2553
გიორგი კეკელიძე და ჯონ გრინი – პოპულარული წიგნები და ავტორები ბათუმში

მაღაზია “წიგნები ბათუმში”-ს მენეჯერის, მარი კორინთელის თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა საბავშვო წიგნებზეა: “ძირითადად სასაჩუქრე გამოცემებია პოპულარული. მოთხოვნადია ძმები გრიმები, ქართული ხალხური ზღაპრები, გურამ პეტრიაშვილის “პატარა ქალაქის ზღაპრები”, ასტრიდ ლინდგრენის კალსონი და პეპი. მოთხოვნადი ქართველი ავტორები არიან: აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე. უცხოელი ავტორებიდან ფამუქი და დოსტოევსკი. წლის განმავლობაში პოპულარული წიგნები იყო მილან კუნდერას “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”,   დენიელ კიზის  “ყვავილები ელჯერნონისთვის“, ელიფ შაფაქის “სიყვარულის ორმოცი წესი”. ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია”, დაახლოებით ასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მარტო ჩვენთან.“ – ამბობს მარი კორინთელი.    

წიგნის მაღაზია “ლამპარში” ყველაზე მოთხოვნადი “ჯინსების თაობა” და გიორგი კეკელიძის “გურული დღიურებია”. როგორც მაღაზიათა ქსელის დირექტორი  დავით ბარამიძე ამბობს, ერთი დღის მანძილზე მაღაზიაში “გურული დღიურების” 30 ეგზემპლარი გაიყიდა: “ხალხი მოდის პირდაპირ მაგ წიგნისთვის მაღაზიაში. “დედა ენა” იყიდება კიდევ კარგად და მართვის მოწმობის თეორიული წიგნი. რემარკზე მუდმივად არის მოთხოვნა. მოთხოვნადია სერიული წიგნები, ადამიანები აგროვებენ და მუდმივი კლიენტები გვყავს შესაბამისად. ამაზე მახსენდება 70-იანი წლები, როცა წიგნების თაროებს ლამაზ-ლამაზი ყდების მქონე წიგნებით ავსებდნენ, მთლად ასე არ არის, მაგრამ ტომეულებს ხშირად ამ მიზნით ყიდულობენ.”  

 ბათუმში  ბიბლუსის სამი მაღაზიაა, მათი მონაცემებით ყველაზე მოთხოვნადი წიგნები წლის განმავლობაში იყო: მარგარიტ ეტვუდის “ბრმა მკვლელი”, მიშელ უელბეკის „ელემენტარული ნაწილაკები“ გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები“, დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა”, ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია“, ჯეინ ოსტინის “სიამაყე და მცდარი აზრი”. პოპულარული ავტორებია: სტივენ კინგი, დოსტოევსკი, რემარკი, მარკესი და გალაკტიონ ტაბიძე.  ყველაზე პოპულარულ საბავშვო ლიტერატურად კი „ბიბლუსში“ 3D ვეფხისტყაოსანსა და საბავშვო ბიბლიას ასახელებენ.

წიგნების მაღაზია „ინტელექტში“ ყველაზე მოთხოვნადი ავტორები არიან ორჰან ფამუქი, დათო ტურაშვილი, მარკესი, გიორგი კეკელიძე, გურამ დოჩანაშვილი, გოდერძი ჩოხელი და პაულო კოელიო: “ყველაზე გაყიდვადი სერიული წიგნებია, რადგან ამას მუდმივი მყიდველი ჰყავს. კარგად იყიდება კოდექსებიც და საბავშვო ლიტერატურა” – ამბობს მთვარისა ჯაყელი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: