სიახლეები

ფსიქიატრიული დაწესებულებიდან პატიმარი საპყრობილეში დააბრუნეს სად-ი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება

25.12.2014 • 1954
ფსიქიატრიული დაწესებულებიდან პატიმარი საპყრობილეში დააბრუნეს სად-ი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება

 

გუშინ, 24 დეკემბერს  პროკურორმა სასამართლოს მიმართა, საპყრობილეში აკრძალული ნივთის შენახვის გამო პატიმარისთვის ბრალის წარდგენის შუამდგომლობით. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

 

ოფიციალური ინფორმაციით, პატიმარმა თავი ბათუმის მესამე საპყრობილეში ყოფნის დროს დაიზიანა. მისი ადვოკატი, მარინა კაკაურიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ოთხმოცზე მეტი ნაკერი ადევს. ჭრილობები ახლა მოშუშების ეტაპზე აქვს.

 

თვითდაზიანების შემდეგ პატიმარი ბათუმის მესამე საპყრობილიდან თბილისის მეშვიდე დაწესებულებაში  გადაიყვანეს. აკრძალული ნივთის, სამართებლის  ნატეხის შენახვის გამო კი პროკურორმა მისთვის ბრალის წარდგენის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

 

ადვოკატის ინფორმაციით, 25 წლის პატიმარს ხელებზე დიდი ფრჩხილები აქვს,  მარცხენა ხელის გულის მტევანი სავარაუდოდ სწორედ ამ ფრჩხილით დაიზიანა[მეშვიდე დაწესებულებაში ყოფნისას].

 

ამის პარალელურად სასჯელაღსრულების  დეპარტამენტმა  პატიმრის ფსიქიატრიულ დეპარტამენტში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ექსპერტიზის დასკვნა ბ-ს ჯანმრთელობის  მდგომარეობის  შესახებ სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს იქნება, მანამდე კი არსებობს ფსიქიატრის შუალედური რეკომენდაცია [დასკვნა] იმის შესახებ,  რომ პატიმარი საჭიროებს  ფსიქიატრის მუდმივ მეთვალყურეობას.

 

ადვოკატი მარინა კაკაურიძე ამბობს, რომ გუშინ, 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა  პროკურორის შუამდგომლობა, ადვოკატის არგუმენტების მოსმენის შემდეგ დაცვის მხარეს პროკურორიც დაეთანხმა: „იმის გამო, რომ ბრალდებული პატიმრობაში იმყოფება, მას არ აქვს შესაძლებლობა ხელი შეუშალოს გამოძიებას, ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე ან მიემალოს გამოძიებას. მისთვის  აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის გადადება ვითხოვე, რადგან ჯერ არ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა. დამეთანხმა პროკურორი და მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა“.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს განმარტებით, უწყება დღესვე  გამოითხოვს ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ   და დეპარტამენტი გაითვალისწინებს სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტების რეკომენდაციას. 

გადაბეჭდვის წესი