სიახლეები

დავით ბაციკაძის კომენტარი თამაზ ბაკურიძის ბრიფინგთან დაკავშირებით

24.12.2014
დავით ბაციკაძის კომენტარი თამაზ ბაკურიძის ბრიფინგთან დაკავშირებით

 

თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია თვითნებურად შესახლებული ოჯახების შესასწავლად შექმნილი კომისიის მუშაობის ფორმატი, ამიტომაც ამბობს უარს კომისიის წევრობაზე. მისი თქმით, კომისიის წევრობაზე შეთავაზება უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერ დავით ბაციკაძისგან მიიღო.

„კომისიის მუშაობაში მე მონაწილეობას არ მივიღებ, იმიტომ, რომ მათი მუშაობის ფორმა ჩემთვის არის მიუღებელი.  მე ვიქნები მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით. ამ ფორმით მათი მუშაობა [კომისიის] ხალხთან დაპირისპირებას მოიტანს და მეტს ვერაფერს,“- ამბობს თამაზ ბაკურიძე.

 

თამაზ ბაკურიძემ მთავრობას და კომისიის წევრებს ციფრებით მანიპულირებაშიც დასდო ბრალი:

„მე მოვითხოვ სათითაოდ მოხდეს თითოეული ოჯახის აღწერა და მათი პრობლემების შესწავლა. იქ არის ისეთი ოჯახები, ვისაც დახმარება არ სჭირდება და სხვისი გაჭირვებით სარგებლობენ, ამიტომ ციფრებით თამაშს ჯობია სათითაოდ შეისწავლონ ყველა ოჯახის პრობლემა და შესაბამისად დაეხმარონ მათ,“ – თქვა მან.

 

დავით ბაციკაძე ამბობს, რომ მას თამაზ ბაკურიძისთვის კომისიის წევრობა არ შეუთავაზებია: „არავითარი კომისიის წევრობა არ შემითავაზებია. უბრალოდ ხვალ უნდა შევხვედროდით და უნდა დავლაპარაკებოდით. მე მას შევთავაზე იმ კომისიის მონიტორინგი, რომელმაც ვერა და ვერ დაამთავრა ამ ხალხის აღრიცხვა და მათი საქმეების შესწავლა. როგორც ვხვდები თამაზ ბაკურიძეს არ აწყობს ამ პრობლემის მოგვარება.“ 

 

სამთავრობო კომისიამ ოჯახების ინდივიდუალურად შესწავლა გუშინ, 23 დეკემბერს დაიწყო. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.