ნაძვის მოჭრა კანონით დასჯადია და პირს, რომელიც ნაძვს უკანონოდ მოჭრის,  ჯარიმა დაეკისრება. კერძოდ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. თუ ნაძვს დაცულ ტერიტორიებზე მოჭრით, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იქნება, ასევე კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე.

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ნაძვის ხეების რეალიზაცია ერთადერთ შემთხვევაშია დასაშვები – თუ იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში – ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები პრევენციულ ღონისძიებებს ე.წ. ცხელ წერტილებში – სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელებთან და დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე განახორციელებენ.

 სამმართველომ სპაციალურად წინასაახალწლო დღეებში საზოგადოებაში  გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ვიდეო რგოლი მოამზადა. 

 

 

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version