პირველად ქართველმა ექიმებმა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩაატარეს, რომელსაც ინდოეთის წამყვანი ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი ხელმძღვანელობდა.
ოპერაცია 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 27 წლის ძმამ საკუთარი ღვიძლის ერთი ნაწილი ციროზით დაავადებულ 32 წლის დას მისცა. დაავადებული ქალის გადარჩენის ერთადერთი გზა, ღვიძლის გადანერგვა იყო. ექიმების შეფასებით, მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ტრანსპლანტაციის გარეშე, მხოლოდ სამიდან ექვს თვეს გასტანდა.
ამ დროისთვის როგორც დონორის, ისე რეციპიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განხორციელებული რთული ოპერაციის შესაბამისია. პაციენტები უკვე მოხსნილნი არიან ხელოვნური სუნთქვის აპარატებიდან და მათ ერთმანეთთან პირველი გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ. და-ძმის პოსტოპერაციული მართვა სამედიცინო პროტოკოლებითა და საერთაშორისო გაიდლაინების სრული დაცვით მიმდინარეობს.
ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის მზადება სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ წელიწადნახევრის წინ დაიწყო, ამ დროის განმავლობაში ქართველი ექიმები მსოფლიოს იმ ქვეყნებში გადამზადდნენ, სადაც ღვიძლის ცოცხალი დონორიდან ტრანსპლანტაციები ყველაზე ხშირად კეთდება. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი აღიჭურვა ყველა იმ საჭირო სამედიცინო ინვენტარით, რაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციისთვის არის საჭირო.
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი აღიჭურვა ყველა იმ სამედიცინო ინვენტარით, რომელიც ღვიძლის გადანერგვისთვის არის საჭირო. წარმატებით განხორციელებული გადანერგვა, ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას მკვეთრად ამცირებს.