დისკუსია შუახევი ჰესზე
„ვინ აგებს პასუხს ჩვენს უსაფრთხოებაზე“, – ეს კითხვა გასულ კვირას ჩანჩხალოელმა ბადრი დუმბაძემ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ილია ელოშვილს, აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პარმენ ჯალაღონიას და „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პროექტის დირექტორს, პოლ ბლანშარდს ერთობლივად დაუსვა.
„ბუნება“, – აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ამ პასუხს ჩანჩხალოელების აღშფოთება მოჰყვა. მათ დარბაზი დროებით დატოვეს. პარმენ ჯალაღონიამ განმარტა, რომ იხუმრა და მთავრობა შეეცდება ადეკვატური რეაგირების ზომებს მიმართოს.
ჩანჩხალოელებმა ვერც იმ გეოფიზიკური დასკვნის გაცნობა შეძლეს, რომელსაც ორი კვირა ელოდნენ და რომელიც 5 დეკემბერს უნდა ყოფილიყო დასრულებული.
ჩანჩხალო
„ვინ აგებს პასუხს სოფლის უსაფრთხოებაზე“, – ეს კითხვა მთელი შეხვედრის აქტუალური საკითხი იყო.
პროექტის განმახორციელებელი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლები მთელი შეხვედრის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ „შუახევი ჰესის“ მშენებლობის პროექტს რაიმე უარყოფითი ზეგავლენა მოსახლეობაზე არ აქვს.
„პროექტს არანაირი გავლენა არ აქვს სახლების დაზიანებასა და ნგრევაზე. ჩვენ პროექტის დაწყებამდე ჩავატარეთ მონიტორინგი. როგორც პროექტის დაწყებამდე, ასევე მშენებლობის პროცესში გრძელდება და კიდევ გაგრძელდება ეს პროცესი“, – განაცხადა „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პროექტის დირექტორმა პოლ ბლანშარდმა.
გეოფიზიკური დასკვნის გამოქვეყნება, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს გვირაბისთვის საჭირო აფეთქებები არის თუ არა ახალი მეწყრული კერების გაჩენას წყარო, კიდევ რამდენიმე დღით გადაიდო.
ჩანჩხალოელებმა შეხვედრაზე არაერთხელ წამოწიეს კომპენსაციის თემა, რასაც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილისგან მკვეთრი განცხადება მოჰყვა:
„სახელმწიფო და კონტრაქტორი არ არის მეწველი ძროხა. გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ ბოლომდე გავიგოთ რა ხდება. კვალიფიციური და სანდო ხალხის დასკვნას დაველოდოთ. არასოდეს ადგილობრივი ხელისუფლება არ ყოფილა ჩართული ჩანჩხალოელთა პრობლემებში ასე აქტიურად, როგორც დღეს. აუცილებლად იქნება მომდევნო კვირაში გეოფიზიკური დასკვნა. უნდა დასრულდეს ეს თემა“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
აქცია სოფელ ჩანჩხალოში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა, გია ქარცივაძემ კომპანიის წარმომადგენლებს შეახსენა, რომ კომპანიამ მშენებლობის ნებართვა ისე მიიღო, რომ საექსპერტო დასკვნები არ ჰქონდა, არც მშენებლობის არეალი იყო შესწავლილი.
„მე როგორც ვიცი, შემოსავალი, რომელსაც მივიღებთ, იქნება ქონების ღირებულების 1%. მინდა გკითხოთ, რა მოგებას მოუტანს საქართველოს აღნიშნული პროექტი?“ – ჰკითხა გია ქარცივაძემ კომპანიისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს.
„თქვენ თუ არ მოგწონთ ქვეყანაში საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც იბეგრება კომპანიები, კეთილი ინებებთ, მიმართეთ სახელმწიფოს, თქვენი დასკვნა წარმოადგინეთ და შეცვალეთ როგორც საიამ და როგორც იურისტმა. და არა ის, რომ თუ საკანონმდებლო ბაზა არ მოგწონთ, უარი თქვათ კომპანიებსა და ინვესტიციებზე. 4 მილიონს გადაიხდის ყოველწლიურად კომპანია ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება რეგიონს“, – საიას იურისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა.
„გაზაფხულზე, როდესაც თოვლი იწყებს დნობას, იმ შემთხვევაში თუ გაჩნდება მეწყრული კერები, როგორ დავადგენთ, ეს კონკრეტულად კომპანიის ბრალეულობის შედეგია თუ ჩვეულებრივი სტიქიაა, რომელთანაც კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს. თუკი იქნება პრობლემა, გვაინტერესებს, მივიღებთ თუ არა კითხვაზე პასუხს, ვისი ბრალეულობაა. და თუ მოსახლეობა დაზარალდება, როგორ გაასახლებენ მათ?“, – იკითხა შეხვედრაზე „დემოკრატიის ინტიტუტის“ ხელმძღვანელმა გენო გელაძემ.
აქცია სოფელ ჩანჩხალოში
„თუკი ზიანის გამომწვევი იქნება კომპანია, მოსახლეობას გავასახლებთ მსოფლიო ბანკის წესებით, რომელსაც ექვემდებარება კომპანია. თუ არ დადასტურდა კომპანიის ბრალეულობა, ამ შემთხვევაში მოხდება სახელმწიფოში არსებული პრინციპებით და კანონმდებლობით. შესაძლებელია თუ არა დადგინდეს ამ კონკრეტულ მეწყერზე კომპანიას აქვს თუ არა გავლენა? – ეს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. თუკი ეს დადასტურდა და საჭირო გახდა კომპენსაციების გადახდა, მაშინ ეს ვალდებულება კომპანიას დაეკისრება. შესაბამისად, სახელმწიფოსი პირდაპირი ვალდებულებაა მაქსიმალური გააკეთოს იმისთვის, რომ გაიგოს სიმართლე. დაუმტკიცოს ეს სიმართლე კომპანიას“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ასევე ჰკითხეს, თუ რამდენად სწორად ხორციელდება მონიტორინგი და სეისმური კონტროლი. ილია ელოშვილის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო მუშაობს ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე.
„ჯგუფში შევლენ ენერგეტიკის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, კონტრაქტორი და ინვესტორი. ორ კვირაში ერთხელ გადამოწმება სამუშაო პროცესი. იქ პატარა რამეც რომ მოხდეს, სერიოზული პრობლემები შეექმნება არამარტო კომპანიას, არამედ მთელს პროექტს. სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, სოფელი ჩანჩხალოს მსგავსი დაკვირვების ქვეშ არც ერთი სოფელი არ იქნება. ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
თავის მხრივ პირობა დადო აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პარმენ ჯალაღონიამ, რომელმაც თქვა: „ნებისმიერი ოჯახი, რომელიც ამ დასკვნების შესაბამისად დაექვემდებარება განსახლებას, უახლოესი პერიოდიდან მათი განსახლება განხორციელდება“.