სიახლეები

“თავისუფლება ხადიჯა ისმაილოვას“ – აქცია ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოსთან

10.12.2014 • 1380
“თავისუფლება ხადიჯა ისმაილოვას“ – აქცია ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოსთან

აქციას აზერბაიჯანის საკონსულოდან არავინ გამოხმაურებია, საკონსულომ ასევე არ ჩაიბარა ხელმოწერილი პეტიცია, რომლითაც აქციის წევრები ხადიჯა ისმალოვას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

„თავისუფლება ხადიჯა ისმალოვას”, „მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანელ კოლეგებს“  – ამ მოწოდებებით შეიკრიბნენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბათუმში, აზერბაიჯანის საკონსულოსთან, გამომძიებელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას მხარდამჭერ, სოლიდარობის აქციაზე. ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელმაც არაერთი საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, ელიტური კორუფციისა და პრეზიდენტ ალიევის ოჯახის წევრების ბიზნესზე, გასულ კვირას დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„არა აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტი დედამიწის რა წერტილში იქნება და სად შეეზღუდება მას მუშაობის უფლება, ამიტომ, სადაც არ უნდა მოხდეს ასეთი ფაქტი, ყველა ჟურნალისტმა უნდა გამოხატოს სოლიდარობა“ – აღნიშნა მერაბ წულუკიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა „ბათუმელებთან“.   

ჯაბა ანანიძე, ტვ 25-ის, სტუდია „რექ“-ის გამომძიებელი ჟურნალისტი ამბობს, რომ სოლიდარობას ყოველთვის აქვს შედეგი, შესაბამისად, მსგავს აქციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია:მიუღებელია, როცა ზეწოლას ახდენენ ჟურნალისტებზე და ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. სოლიდარობას აქვს ძალიან დიდი ძალა და ეს არის მნიშვნელოვანი აქცია.“

„ყველა ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ ჩვენი საქმიანობის გამო არ ვიქნებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ლოკალურად იმ ქვეყანაში, სადაც იცნობენ ამ ჟურნალისტს, არამედ ზოგადად, მსოფლიოში, ჟურნალისტებს ჰქონდეთ სოლიდარობა. კონკრეტულ ჩინოვნიკებს, რომლებსაც არასწორად ან კანონის მიღმა შეუძლიათ რაღაც მოაგვარონ, ეს სოლიდარობა უშლის ხელს და მე მგონი ეს ყველაზე კარგი აქტია, რაშიც შეიძლება მონაწილეობა მივიღოთ“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ჟურნალისტმა სოფო ჟღენტმა.

აქციის მონაწილეებმა განცხადებას მოაწერეს ხელი, რომლითაც აზერბაიჯანის მთავრობას „სინდისის პატიმრების“ გათავისუფლება სთხოვეს.

„დღეს, 10 დეკემბერს, როდესაც მსოფლიო ადამიანის უფლებათა დღეს აღნიშნავს, ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებსა და კოლეგებს და მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ცნობილი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, და მასთან ერთად, ლეილა და არიფ იუნუსები, რასულ ჯაფაროვი, ინტიგამ ალიევი, ანარ მამადლი და სხვა სინდისის პატიმრები“ – აღნიშნულია განცხადების ტექსტში, თუმცა აზერბაიჯანის საკონსულომ განცხადება არ ჩაიბარა.

„სამწუხაროდ აზერბაჯანში ხდება ადამიანის უფლებების ხელყოფა. აქ მხოლოდ ერთ ჟურნალისტზე არ არის ლაპარაკი, უამრავი ადამიანია საპყრობილეში და 21-ე საუკუნეში ცდილობენ მიიღონ კანონი, რომლის თანახმად, ორი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც გაამტყუნებს მედიასაშუალებას, შესაძლებელია მოჰყვეს მედიასაშუალების დახურვა და ეს იმ ფონზე, როცა სასამართლო მთლიანად აზერბაიჯანის ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. 21-ე საუკუნეში ეს არ უნდა ხდებოდეს. ამას არა მხოლოდ მოქალაქეები, არამედ ის სახელმწიფოებიც უნდა აპროტესტებდნენ, რომლებიც დემოკრატიისკენ მიისწრაფიან“ – განაცხადა ასლან ჭანიძემ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელმა.

 

გადაბეჭდვის წესი