Batumelebi | წამებაში ბრალდებული დაზარალებულს: შენობით ნუ მელაპარაკები წამებაში ბრალდებული დაზარალებულს: შენობით ნუ მელაპარაკები – Batumelebi
RU | GE  

წამებაში ბრალდებული დაზარალებულს: შენობით ნუ მელაპარაკები

 

ბათუმის მესამე საპყრობილის ყოფილი დირექტორის – გიორგი ვეკუასა და მისი მოადგილის  – ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის საქმის განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილი აგრძელებს. გასულ კვირას სასამართლოში მოწმეები, ანუ ყოფილი პატიმრები დაკითხეს. წამების ამ საქმეში ეს იყო დაზარალებულების პირველი დაკითხვა. სასამართლოს ყველამ თავისი ისტორია მოუყვა.

დიალოგი გიორგი ვეკუასა და ყოფილ პატიმარს შორის სასამართლოში:

შენობით ნუ მელაპარაკებით, მე თქვენობით მოგმართავთ!
ციხის დერეფნებში რომ გვცემდი, მაშინ რატომ არ გველაპარაკებოდი თქვენობით?
რომ ამბობთ მცემდიო, თუ გყავართ ნანახი საერთოდ?
როგორ უნდა მენახე, თავი რომ ამეწია, ხომ მომკლავდი. თავდახრილებს გვცემდით!

ყოფილი პატიმრების ჩვენება სასამართლოს:

ყოფილი პატიმარი ლ. ქ: “2009 წლის ივლისში შემასახლეს მესამე დაწესებულებაში. ზაზა ჯიქიამ მიმიღო, უსასტიკესად და არაადამიანურად მეპყრობოდა. დღეში ოთხჯერ, ხუთჯერ გვცემდა, თან ამბობდა, რომ კარატისტი ვარო. ამის დამკვეთი გიორგი ვეკუა იყო. თავს გვახრევინებდნენ იატაკზე და გვირტყამდნენ წიხლებს, ხელკეტებს. გრძელი კორიდორი იყო, გვირტყამდნენ ყველგან, თავში, წელის არეში… ისეთი სიტყვებით მოგვმართავდნენ… (მოსამართლემ გააფთხილა არ გაემეორებინა უშვერი სიტყვები დაზარალებულს, თორემ დააჯარიმებდა -ავტ.). შიშით გვაცხოვრებდნენ.

წერილი დავწერე მაშინდელი კუდის უფროსის სახელზე, წერილში ვიწერებოდი, რომ დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებმა მცემეს. მეთვალყურეს ეს წერილი რომ გადავეცი, ცოტა ხანში მოვიდა ჯიქია და წერილი შემაჭამა. ექიმს ვერ დაუძახებდი, წამალს ვერ მოითხოვდი, იყენებდნენ ელექტროდენსაც.
მე სამი თვის განმავლობაში ტყვედ ვიყავი სოხუმში. ტყვედ ყოფნის დროს არ ვუწამებივარ ისე, როგორც აქ მაწამებდნენ… ხალხი დაავადდა, დაშავდა. როცა გვეძინა, ღამის სამ საათზე შემოვარდებოდნენ და გვცემდნენ, როცა ვბანაობდით, წყალს გვითიშავდნენ და გასაპნულებს გვტოვებდნენ…

მე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, თავის მოკვლა ვცადე რამდენჯერმე, სიკვდილი იქ ყოფნის დროს საუკეთესო გამოსავალი იყო.
ესენი მწამებლები არიან. ბატონო მოსამართლე, მე მაინტერესებს, რატომ არ არიან ესენი პატიმრობაში? გთხოვთ თქვენ დააკავოთ ესენი. მე ვითხოვ მათ უმკაცრესად დასჯას”.

ყოფილი პატიმარი ო.ო: “2009 წელს, როცა შეიცვალა ციხის ხელმძღვანელობა, დაიწყო ცემა, დილას-საღამოს. მამისა და ბაბუის ტოლა ხალხს არ ინდობდნენ. მე კარცერში გამომკეტეს, მთელი დღე კარს არავინ შემოგიღებდა… მე საკნიდან ამათ არ გამოვუყვანივარ და არ ვუცემივარ. როცა სასეირნოდ გავყავდით, მაშინ გვცემდნენ, ხან მოგიწევდა ხელკეტი, ხან არა… ესენი ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიდნენ… დაჩოქილებს გვცემდნენ… მე კარგი მცემ, იქნება ვარ საცემი, მაგრამ ბაბუას ტოლა კაცი, რომელიც შეშის ქურდობის გამო იხდის სასჯელს, ის რატომ უნდა სცემო, შეშის ქურდობაში ბრალდებული საკანში იყო გამოკეტილი და ესენი აწამებდნენ, ახლა კი ქუჩაში თავისუფლად დადიან…
საკანში სულ ცოტა 13 პატიმარი ვიყავით, ყველაზე მეტი 29-33 ვყოფილვართ ერთ საკანში… საწოლი სამი იყო. მეც და ყველა ვინც აწამეს, ვითხოვთ ამათ დასჯას, წავიდნენ საკანში და ნახონ, როგორია იქ ყოფნა”…

“ყოველდღიურად გვცემდნენ. 2010 წლის აღდგომის წინა დღეს იყო მასობრივი წამება, მთელი ციხე გააშიშვლეს, ისე გვირტყეს, სისხლი გვდიოდა… ამ პროცესში 70-80 თანამშრომელი იყო ჩართული”, – გააგრძელა დაზარალებულმა, რომელიც პროკურორმა მოწმის სტატუსით დაკითხა. მოწმე ლ.ქ-ს. განცხადებაზე გიორგი ვეკუამ გაიღიმა. “ეს დამამცირებელია, თავი შეიკავეთ, თორემ გაგაძევებთ დარბაზიდან”, – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.
ბრალდებულის ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ მოწმეებს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მაგალითად ასეთი შინაარსის: “რამდენჯერ ხართ ნასამართლევი”, “ხართ თუ არა ნარკოტიკის მომხმარებელი”, “რატომ უნდა დავუჯეროთ თქვენს მონაყოლს”, “რა დამოკიდებულება გაქვს ქურდულ სამყაროსთან”.

ადვოკატის კითხვების უმრავლესობა პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ გააპროტესტა. პროკურორმა განმარტა, რომ ადვოკატის კითხვები წამების საქმეს არ ეხებოდა. მოსამართლემ რამდენჯერმე დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და კითხვები მოწმეებს განარიდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა