სიახლეები

“მე ვიყავი სტუდენტი, რომელსაც ჰქონდა პრეტენზიები” – არჩილ ხაბაძის შეხვედრა სტუდენტებთან

03.12.2014 • 1689
“მე ვიყავი სტუდენტი, რომელსაც ჰქონდა პრეტენზიები” – არჩილ ხაბაძის შეხვედრა სტუდენტებთან

 

გაიზრდება თუ არა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან უნივერსიტეტის დაფინანსება? ამოქმედდება თუ არა სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა? იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტრო კვლავაც არ გასცემს სტიპენდიას უნივერსიტეტში, თუ გამოყოფს აჭარის ბიუჯეტი ამისთვის სახსრებს? – ეს შეკითხვები სტუდენტებმა არჩილ ხაბაძეს დაუსვეს. 

სტუდენტები შეკითხვები შეეხებოდა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც, ლიტერატურის ნაკლებობასა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას უნივერსიტეტში. 

მთავრობის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტის წინადადებები მიიღოს და ფინანსურად დაეხმაროს მას, იმის მიუხედავად, რომ მთავრობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე არაერთხელ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტს გააჩნია ავტონომია და ის თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, თუ რომელი მიმართულებით წარმართოს სახსრები.

„ბევრი საკითხი ისევ ისეთი აქტუალური და პრობლემურია, როგორც ჩემი სტუდენტობის დროს. ბევრი საკითხი, რაც სტუდენტებმა წამოჭრეს აქ, ჩავინიშნეთ, ბევრიც უკვე გაკეთდა. ვფიქრობ, ეს საკითხები უნდა მოგვარდეს სტუდენტებთან ერთად, შეიძლება ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მათთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ თურმე სტუდენტებს სხვა პრობლემებიც აქვთ, რაც მოსაგვარებელია. ჩავინიშნეთ, ვიმუშავებთ, მინდა შეხვედრები იყოს პერმანენტული, შემდეგში ანგარიშით მოვალ სტუდენტებთან, იმაზე, თუ რა მოვაგვარეთ. მე ვიყავი ის სტუდენტი, რომელიც ბევრს ითხოვდა, ყოველთვის მქონდა პრეტენზიები, ამიტომაც მესმის სტუდენტების. რაც მთავარია დიალოგი შედგა“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.  

 თავმჯდომარეს ასევე მიმართეს კითხვით, თუ რატომ შემცირდა რესპუბლიკის ბიუჯეტიდან უნივერსიტეტის დაფინანსება, რაზეც უნივერსიტეტის რექტორმა გააკეთა განმარტება: „ადრე გვაძლევდა აჭარის ბიუჯეტი ორ მილიონახევარ ლარს, ახლა გვაძლევს მილიონ 600 ათასს, ამის გარდა ახლა ფინანსდება მიზნობრივი პროგრამები, აჭარის ბიუჯეტიდან  ჩვენი უნივერსიტეტის დაფინანსება ეს არის კეთილი ნება“ – განაცხადა ალიოშა ბაკურიძე. 

ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის განცხადებით,  ის უნივერსიტეტისგან წინადადებებს სიამოვნებით მიიღებს და საჭიროების შემთხვევაში სახსრებს გამოყოფს.

 „ზოგად თემებზე იყო საუბარი. მე ვფიქრობ დრო არ იყო საკმარისი, ძალიან ბევრმა სტუდენტმა კითხვის დასმა ვერ მოახერხა, სულ ათამდე კითხვა დაისვა, კითხვები ძირითადად ეხებოდა საუნივერსიტეტო ცხოვრებას. ვფიქრობ, პასუხისას ის რაღაც საკითხებს თავს არიდებდა, ყველაფერზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ, ზოგადი პასუხებით შემოიფარგლებოდა, ეს იმ შეკითხვებს ეხება, რომლებიც ეხებოდა დარგობრივ განვითარებას და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას“ – ამბობს გიორგი ბაგრატიონი, მესამე კურსის სტუდენტი.

შეხვედრის ინიციატორი თავად არჩილ ხაბაძე იყო. მან, როგორც ამავე ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, სტუდენტებს თავის სტუდენტურ ცხოვრების შესახებაც უამბო.

 

გადაბეჭდვის წესი