სიახლეები

საშობაო ბაზრობა და ფასდაკლებები სასტუმროებში – როგორი იქნება ახალი წელი ბათუმში

03.12.2014 • 2164
საშობაო ბაზრობა და ფასდაკლებები სასტუმროებში – როგორი იქნება ახალი წელი ბათუმში

 

პიაცა, ბათუმი. დათო ტრაპაიძის ფოტო. mtvarisklubi.com
პიაცა, ბათუმი. დათო ტრაპაიძის ფოტო. mtvarisklubi.com

ბათუმის საახალწლოდ მორთვა დაიწყო. ქალაქის საახალწლო-საშობაოდ მორთვისათვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ბათუმის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აჭარგანათება“ შეასრულებს. „სახელშეკრულებო თანხა შეადგენს დაახლოებით 200 ათას ლარს. ამაში შედის ევროპის მოედანზე ნაძვის ხის მონტაჟი და მიმდებარე ტერიტორიების გაფორმება, წელს შესყიდული იქნება ორი ათასი ახალი ფერადი გირლიანდა და 1500 ცალი ნაძვის ხის გირჩა. გათვალისწინებულია აგრეთვე ქალაქის ცენტრალური ქუჩების გაფორმება: განათდება რუსთაველი, ხიმშიაშვილი, ბარათაშვილი, გოგებაშვილი, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების ნაწილი, დიმიტრი თავდადებულის და გორგილაძის ქუჩების ნაწილი, ასევე, შენობების ფასადები ქალაქის ცენტრში“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მალხაზ დარჩიამ, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა.

 

ვინ იმღერებს საახალწლო კონცერტზე? – ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციის, ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი საბაშვილი ამბობს, რომ  საახალწლო პროგრამა ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია და ამჟამად განიხილავენ, თუ ვინ უნდა იმღეროს 31 დეკემბერს, მთავარ საახალწლო კონცერტზე, რომელიც ტრადიციულად, ერას მოედანზე გაიმართება: „გრანდიოზული კონცერტი იქნება, მაგრამ ძირითადად ქართველი შემსრულებლები იქნებიან და იქნება ძალიან მაგარი კონცერტი“ – ამბობს ჯონი საბაშვილი. მისი თქმით, საახალწლო მზადება წელს დაგვიანდა, რაც ბათუმის მერიაში მიმდინარე კონკურსებს უკავშირდება.  

 

 

„ცოტა გვიან დაიწყო მზადება, გვიან დაინიშნა ხალხი, ახალმოსულები უნდა გაეცნონ სიტუაციას და ამიტომ ახლა ვმუშაობთ პროგრამაზე. 2 იანვრიდან 7 იანვრამდე იქნება აქტივობები ქალაქში, საზეიმო მსვლელობები, ბავშვთა კონცერტები, კულტურის ცენტრის კონცერტები, იქნება რამდენიმე ვარსკვლავი ქართული შიუ-ბიზნესიდან… პროგრამა ახლა მუშავდება“ – განმარტავს ჯონი საბაშვილი. მისი თქმით, საახალწლო ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული თანხა დაახლოებით ასი ათასი ლარია, „ასევე, არის დანაზოგები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, თუ არ დაგვჭირდება, რა თქმა უნდა არ გამოვიყენებთ“ – დასძენს ჯონი საბაშვილი.     

 

 

საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიც. დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწის, სოფო გუჯაბიძის თქმით, აჭარაში ზამთრის ტურიზმის სტიმულირებისათვის დეპარტამენტს მოლაპარაკებები აქვს კერძო სექტორთან, სასტუმროებთან: „25 დეკემბრიდან ვთავაზობთ  ფასდაკლებების სეზონს აჭარაში, როგორც უცხოელ, ისე ქართველ ტურისტებს. ეს იქნება 30-50-პროცენტიანი ფასდაკლება ქალაქის სასტუმროებში. დაახლოებით 30-მდე სასტუმროა ამ პროექტში ჩართული და რამდენიმე ტურისტული ობიექტი, მათ შორის ბათუმის დელფინარიუმი, მუზეუმები და ა.შ.

 

 

ასევე,  გვაქვს მოლაპარაკება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებთან“, რომ ორი სერიის რამდენიმე ეპიზოდი გადაიღონ ბათუმში. გვინდა ბათუმი ზამთარშიც ასოცირებული იყოს ტურიზმთან. ფასდაკლებების სეზონი არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც შიდა ტურიზმზეა გათვლილი, რომ ჩამოყალიბდეს ერთგვარი მოლოდინი, რომ ზამთარში აჭარაში არის ფასდაკლებების სეზონი“ – ამბობს სოფო გუჯაბიძე. მისი თქმით, დეპარტამენტი გეგმავს წლის ბოლოს მედიატურებს ქართველი ჟურნალისტებისთვის, ასევე რადიო და ინტერნეტრეკლამას. ამ ღონისძიებებისთვის დეპარტამენტს ბიუჯეტში დაახლოებით 59 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

 

 

სოფო გუჯაბიძე საახალწლო ღონისძიებების მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს საშობაო ბაზრობას, რომელიც ბათუმში მეორედ გაიმართება:

 

„საშობაო ბაზრობა შარშანაც იყო ბათუმში და წელს კიდევ უფრო დაიხვეწება. ეს არის საახალწლო ჯიხურები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ნაწარმი. ერას მოედანზე გაიმართება გამოფენა -გაყიდვა და იქვე აღმართულ სცენაზე იქნება უფასო კონცერტები. ეს იქნება როგორც დღის მანძილზე გათვილილი საბავშვო სეგმენტისთვის, ოჯახებისთვის, ასევე, უფასო კონცერტები იქნება საღამოობით, რომელშიც ჩართული იქნებიან ცნობილი ქართული ჯგუფები.“

 

სოფო გუჯაბიძის თქმით, დეპარტამენტის სურვილია, ბათუმში გამართული საშობაო ბაზრობა საუკეთესო იყოს საქართველოში და ერთგვარ ტურისტულ პროდუქტად იქცეს. „მაგალითად, საფრანგეთში, პარიზში იმართება საშობაო ბაზრობა, სხვა ქალაქებშიც, მაგრამ სტრასბურგია ამით გამორჩეული და იქნებ ჩვენც ვცადოთ ეს. შეიძლება ამას არ ჰქონდეს წელს დიდი შედეგი, მაგრამ თანდათან ამ კუთხით, უფრო და უფრო დავიხვეწებით და იქნებ დავიმკვიდროთ ადგილი“ – ამბობს სოფო გუჯაბიძე.    

 

გადაბეჭდვის წესი