სიახლეები

შს სამინისტროს აქცია შუახევში

02.12.2014
შს სამინისტროს აქცია შუახევში

 

ინსპექტორ-გამომძიებლებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს პოლიციის აკადემიაში სპეციალური ტრენინგ-კურსი აქვთ გავლილი. უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობა და პოლიციასთან თანამშრომლობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მოქალაქეებს გააცნეს, რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა, როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა განუმარტეს მოსახლეობას, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. მათ ინფორმაცია მიაწოდეს მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია განხორციელდა. ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კამპანიის საინფორმაციო ბუკლეტში ასევე მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი: “112”, რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმე მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. უწყების ცნობით,  კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში მომზადდა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: “112” ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.