სიახლეები

სახალხო დამცველი:ბათუმის ციხეში პატიმრებმა გამოაცხადეს შიმშილობა

23.11.2014
სახალხო დამცველი:ბათუმის ციხეში პატიმრებმა გამოაცხადეს შიმშილობა

 

მოპოვებული ინფორმაციით, პატიმრების მხრიდან პროტესტი უკავშირდება №3 დაწესებულებაში არსებულ პირობებს. ამასთან, ამ დროისთვის შიმშილობას აგრძელებს 16 პატიმარი, რამოდენიმე პატიმარს მიყენებული აქვს თვითდაზიანება, სამი პატიმარი ეტაპირებულია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები. ეტაპირებულ ორ მსჯავრდებულს გ.ვ-ს და ბ.ო-ს სასჯელაღსრულების  №3 დაწესებულებაში არსებული პირობების გამო მიღებული აქვთ მრავლობითი თვითდაზიანება, ხოლო მსჯავრდებული გ.კ-ს მიმართ რამოდენიმე თვის წინ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროულ გამოძიებას ითხოვს. ამ დროისთვის მსჯავრდებულებს ადგილზე უტარდებათ საჭირო სამედიცინო პროცედურები.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს მსჯავრდებულთა მდგომარეობის მონიტორინგს და მისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაში არსებულ პირობებს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაში არსებობს ვენტილაციის, წყლის მომარაგების პრობლემა, არ მოქმედებს არცერთი სარეაბილიტაციო პროგრამა და არ გამართულა არცერთი კულტურული და სპორტული ღონისძიება. აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოყვანილ პატიმრებს ექმნებათ  ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შენარჩუნების პრობლემა. სამარტოო საკნებში არ არის ადამიანის ღირსებასთან თავსებადი პირობები. მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ დაწესებულებაში არის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები. 

 

ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ამდენად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უნდა მიიღოს ყველა ზომა ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.