ადვოკატის, მარინა კაკაურიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიღო: „მისი წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეში დაიწყო 3 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ის ბათუმში №3 დაწესებულებაში გადაიყვანეს, განათავსეს სამარტოო საკანში, ხელებზე და ფეხებზე ერთდროულად ბორკილებს ადებდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ არაადამიანური პირობების გამო იძულებული გახდა თვითდაზიანება მიეყენებინა. ამბობს, რომ ამ ფორმით ციხის ადმინისტრაცია აიძულა მისთვის ყურადღება მიექციათ, ის გადაიყვანეს ჯერ საავადმყოფოში, სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ნაკერები აქვს, მათ შორის ყელის არეში.
გლდანის მეშვიდე დაწესებულებაში გუშინ მოვინახულე პატიმარი, მას აშინებდნენ ფსიქიატრიული საავადმყოფოში მოთავსებით, პატიმარი არის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ვაპირებთ, წერილობით მინისტრის მოადგილეს კახი კახიშვილს მივმართოთ. როცა ბექა ბათუმის ციხიდან საავადმყოფოში გადაჰყავდათ, მას პატიმრები საკნებიდან ეძახდნენ, რომ სილიდარობის ნიშნად ისინი შიმშილობას აპირებდნენ. მე მაინტერესებს, პატიმარმა, რომელიც გაჩხრიკეს, შიშველი შეიყვანეს საპყრობილეში, სამარტოო საკანში განათავსეს, სადაც ვიდეოთვალია დამონტაჟებული, როგორ იპოვა სამართებელი, სად იყო ამ დროს უსაფრთხოების სამსახური, როგორ მიიღო ასეთი მძიმე დაზიანებები…“ -ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი მარინა კაკაურიძე.
ადვოკატის ინფორმაციით, ბექა ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, ვინც მას არაადამიანურად ექცევა.
პატიმარი [ბექა] დედამ ბათუმის საპყრობილეში სამშაბათს, 18 ნოემბერს მოინახულა: „ჩვენს საუბარს ზედამხედველები ისმენდნენ. გამაფრთხილა, იცოდე ჩემს თავს არაფერს დავუშავებ სიკვდილს არ ვაპირებო. ზეწოლის ქვეშ ვარო. ეს იყო სამშაბათი დღე და ხუთშაბათს გავიგე, რომ თვითდაზიანებები მიიღო. წერილი მივწერე სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებების დაცვა ვისაც კი ოდნავ ეხება, ყველას მივმართე, ქალბატონ ეკა ბესელიას, ყველას ვთხოვ დახმარებას, ჩემს შვილს აწამებენ, ის თბილისის მერვე დაწესებულებიდან როცა გადმოჰყავდათ ბათუმში, ბადრაგებმა ტანსაცემლი გახადეს და შიშველი ამგზავრეს. გზაში არც მოშარდვის უფლება მისცეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლის, თაია მახარაშვილის განმარტებით: „ნებისმიერი პატიმრის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არის პერსონალური ინფორმაცია, ჩვენ მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას თქვენ ვერ მოგაწვდით, მისმა მშობელმა კი უნდა მოგვმართონ წერილობით“.
რა მდგომარეობაშია დღეს პატიმარი და როგორ მიიღო მან თვითდაზიანება? – ამ კითხვებს სამინისტროში არ პასუხობენ.