Batumelebi | ჩერნოვეცკი ქობულეთში გენერალ მაზნიაშვილის უფასო ბავშვთა პანსიონს ხსნის ჩერნოვეცკი ქობულეთში გენერალ მაზნიაშვილის უფასო ბავშვთა პანსიონს ხსნის – Batumelebi
RU | GE  

ჩერნოვეცკი ქობულეთში გენერალ მაზნიაშვილის უფასო ბავშვთა პანსიონს ხსნის

 

ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი ავრცელებს და ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ , რომ 2014 წლის 23 ნოემბერს ქობულეთში ბავშვთა პანსიონს ხსნის, ამაზე კომენტარი ფონდის პრესსამსახურთან პირადად ლეონიდ ჩერნოვეცკიმ გააკეთა:

 

“23 ნოემბერს ჩემთვის, ჩემი ქართული ფონდისთვის და ქობულეთისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.ჩემი ფონდი ქობულეთში ხსნის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონს, სადაც ადგილობრივი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები სრულიად უფასოდ იცხოვრებენ და მიიღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას. 

 

უმაღლესი სტანდარტების მქონე სახლში 50 ბავშვი იცხოვრებს, მათზე იზრუნებენ კვალიფიციური აღმზრდელები , რომლებიც 24 საათის განმავლობაში გააკეთებენ ყველაფერს, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ოჯახური გარემო და ყველა პირობა მათი ზრდა-განვითარებისთვის.

 

ბავშვებისთვის შევიძენთ ყველაფერს: სათამაშოებს, ტანსაცმელს, საოჯახო ტექნიკას, ყველაფერს რაც მათ დასჭირდებათ, რომ ბედნიერი და უზრუნველი ბავშვობა ჰქონდეთ.

 

ბავშვებს ექნებათ გაძლიერებული სასწავლო კურსები ინგლისურის , მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით და სპორტის დამატებითი მიმართულებები.

 

პანსიონში დასაქმებულები იქნებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, 17 ადგილობრივი მოსახლე სრულ განაკვეთზე იმუშავებს.

 

სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს , რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს სახლის ინფრასტრუქტურის მოწყობა. გვაქვს დიდი სურვილი, რომ სახლის გახსნა 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს დავამთხვიოთ და მსურს გავამხნევო ყველა ის ადამიანი ვინც ამზადებს პანსიონს ბავშვების მისაღებად, რომ ისინი უდიდეს საქმეს აკეთებენ და ამას მომავალი თაობები დაუფასებენ.

 

ჩვენ გვაქვს სანიმუშო მცირე საოჯახო ტიპის სახლი თბილისში, რომელიც არაერთგზის დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე სანიმუშო პროექტად, სადაც ბავშვთა ზრდა-განვითარებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი და მინდა რომ ასეთივე წარმატებით იმუშაოს ქობულეთის გენერალ მაზნიაშვილის სახელობის სახლმაც.

 

ვარ ბედნიერი, რომ ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ მოხერხდა მსგავსი პროექტის განხორციელება და მოუთმენლად ველოდები ამ დღეს. ჩემი ფონდი გააგრძელებს უფრო აქტიურ მუშაობას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად და ჩვენ კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ უახლოესი თვეების განმავლობაში.’’ 

 

ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი 2 წელზე მეტია აქტიურად არის დაკავებული საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობით.ფონდი ანხორციელებს პროექტ შინმოვლას, სადაც ყოველდღიურად ზრუნავენ 300 სოციალურად დაუცველ საწოლს მიჯაჭვულ მარტოხელა მოხუცებულზე, აწვდიან მათ უფასო ექთნის მომსახურებას, მედიკამენტებს და ჰიგიენურ საშუალებებს.

 

ფონდი ფლობს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს თბილისში, სადაც ბავშვებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი.

 

ფონდი ანხორციელებს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამას, სადაც 7 და მეტ შვილიან ოჯახებს უწევს ფინანსურ დახმარებას, თვეში თითოეული ბავშვისთვის 100 დოლარის ოდენობით. 

 

ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონს ქობულეთში 23 ნოემბერს გახსნის.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანონსი , " ბათუმელები"