დღეს, 14 ნოემბერს, 5 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერის კვლევების მაგისტრი, ეთუნა ნოღაიდელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „სექსიზმი ქართულ რეკლამებში“. ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
„ყოველდღიურად, თანამედროვე ადამიანი ასობით რეკლამას ხედავს თავისი სურვილის მიუხედავად, სარეკლამო ინდუსტრია კი უფრო მეტ რამეს ყიდის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით გვგონია: პროდუქტის გარდა რეკლამა ყიდის ღირებულებებსაც. ის გვკარნახობს, ვინ ვართ და ვინ უნდა ვიყოთ, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ და რას ვაკეთებდეთ. სწორედ ამიტომ, საინტერესოა განვიხილოთ – რას გვეუბნება თანამედროვე რეკლამა ქართველი ქალების შესახებ? რა გავლენას ახდენს პოპ-კულტურა პატრიარქალური ღირებულებების გამყარებაზე? ლექციის განმავლობაში ვნახავთ და ანალიზს გავუკეთებთ ბოლო წლებში გადაღებულ ქართულ ვიდეო-რგოლებს“ – აღნიშნულია ლექციის შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
ეთუნა ნოღაიდელი გენდერის კვლევების მაგისტრია. 2013 წლიდან კითხულობს სამაგისტრო კურსს ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერული კვლევების ფაკულტეტზე. მუშაობს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში, გენდერული პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე.
ლექცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის ფარგლებში, ლექციების ღია ციკლის – „ვის ეშინია ფემინიზმის?“- ფარგლებში ჩატარდება.
პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.