სიახლეები

საჭესთან თვლემის საბედისწერო შედეგი

14.11.2014 • 1507
საჭესთან თვლემის საბედისწერო შედეგი

 

წელს მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს საქართველოში 3251 ადამიანი დაშავდა, 145 კი გარდაიცვალა. მათ შორის დაფიქსირდა ისეთი უბედური შემთხვევები, როდესაც ერთი ოჯახიდან 2-3 და მეტი წევრიც კი გარდაიცვალა.

 

ავარიის მიზეზებში გამოყოფილია სიჩქარის გადაჭარბება, მანქანის გაუმართაობა, ალკოჰოური სიმთვრალე, მაგრამ არა ძილიანობა. NHTSA -ს ინფორმაციით, მთვლემარე მძღოლის ფაქტორს ავტო-კატასტროფების შემთხვევებში სათანადოდ ვერ აფასებენ, რადგან ხშირად ამ ავარიებს ალკოჰოლურ სიმთვრალეს და სხვა მიზეზებს აწერენ. ავსტრალიის, ინგლისისა და ფინეთის მონაცემებით, რომლებიც სხვა ქვეყნებთან შედარებით ავარიების მიზეზების უფრო ზუსტ აღრიცხვას აწარმოებენ – საჭესთან ჩაძინების მიზეზი, ავარიების მიზეზების 30%-ს შეადგენს.

 

ფონდის – „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“პროექტების კოორდინატორი ლიკა მერაბიშვილი ამბობს, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, იგივე „მარშუტკების“ ავარიების მიზეზი ყველაზე ხშირად მძღოლის დაღლილობა და მანქანის გაუმართაობაა. „მარშუტკის მძღოლი ჩამოდის ერთი ქალაქიდან მეორეში და იგივე დღეს ბრუნდება უკან, ანუ აკეთებს ორ რეისს, რაც ძალიან დამღლელია გზაზე“, – ამბობს ის. მისივე თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები დიდ გზაზე ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდნენ, რადგან მათ გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ: „აუცილებლია შენაცვლება, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია, სადაც, მიუხედავად მოწესრიგებული გზებისა, ყოველ ოთხ საათში ერთ მძღოლს მეორე მძღოლი ხვდება და ენაცვლება საჭესთან“.

 

ტარიელ დიასამიძე 16 წელია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მძღოლად მუშაობს, მანქანის ტარება მე-7 კლასში ისწავლა. იგი ამბობს, რომ სრულფასოვანი ძილი უსაფრთხო მგზავრობის აუცილებელი წინაპირობაა და მძღოლმა მგზავრობამდე, ყველაზე კარგ შემთხვევაში 7-9 საათი უნდა იძინოს. მისივე თქმით, ხშირად, საჭესთან ჩაძინების მიზეზი ისიც არის, რომ ახალგაზრდა მძღოლებს შორი გზის გამოცდილება არ აქვთ.

 

ნაციონალური ძილის ფონდის პროექტის – „Drowsy Driving“-ის ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საჭესთან ძილით გამოწვეული ავარიების 55 პროცენტი 25 წელზე დაბალი ასაკის, შედარებით გამოუცდელ მძღოლებს მოსდით.

 

ტარიელ დიასამიძე ამბობს, რომ ასეთ დროს მძღოლმა სასწრაფოდ უნდა გადააყენოს მანქანა და ცოტა ხნით მაინც დაიძინოს: „რა თქმა უნდა უმჯობესია, უკვე გამოძინებული იყოს, მაგრამ როცა სხვა გზა არაა, უნდა შეისვენო. ეს არ არის სირცხვილი. პატიოსანი მძღოლს ყოველთვის ის ურჩევნია მას მოუვიდეს რამე, ვიდრე მგზავრებს“, – ამბობს ის. – „არ ღირს სიჩქარე, ისეთი რა უნდა იყოს, თავს რომ ძალით იკლავენ“.

 

ძილის ნაციონალური ფონდის რეკომენდაციით, შეჩერება მგზავრობისას აუცილებელია ყოველ 100 მილზე, ანუ ყოველ ორ საათში, ხოლო იმ მძღოლებმა, ვინც ხვდებიან, რომ ძილი ერევათ, მანქანა უნდა გადააყენონ და 15-20 წუთით დაიძინონ. გარდა ამისა, ჩაძინების თავიდან ასაცილებლად, მძღოლებს შეუძლიათ ორი ფინჯანი ყავის ექვივალენტი კოფეინი სხვადასხვა ფორმით მიიღონ, იქნება ეს ჩაი, ენერგეტიკული სასმელები, საღეჭი რეზინი და სხვა. „უკეთესი შედეგისთვის შეეცადეთ მიიღოთ მოკლეხნიანი გამოძინება და კოფეინიც“, – აღნიშნულია რეკომენდაციებში.

 

ტარიელ დიასამიძის თქმით, ყველაზე კარგი გამოსავალი მოლაპარაკე თანამეგზურია. „ღამით თუ გადაადგილდები, არც მუსიკა შველის და არც ღია ფანჯარა, ყველაზე კარგია გვერდში მოლაპარაკე გყავდეს“, – ამბობს ის. იგივე წერია ძილის ნაციონალური ფონდის რეკომენდაციაშიც – „შორ გზაზე მგზავრობისას, თანამეგზური ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ისიც ფხიზლად არის და მძღოლს ესაუბრება“.

 

საჭესთან ძილის ამოცნობისა და პრევენციისთვის, ძილის ნაციონალური ფონდი რამდენიმე რეკომენდაციას ავრცელებს:

 

ფოკუსირების გაძნელება, თვალების ხშირი დახამხამება ან ქუთუთოების დამძიმება; გიჭირთ განვლილი ბოლო რამდენიმე მილის გახსენება, ან არ გახსოვთ საგზაო ნიშნები;

მთქნარება, თვალების სრესა; თავის სიმძიმე – ამ სიმპტომების შემთხვევაში მანქანა უნდა შეაჩეროთ. 


გადაბეჭდვის წესი