სიახლეები

თეა წულუკიანმა მუხაესტატეში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

13.11.2014
თეა წულუკიანმა მუხაესტატეში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და ყველაზე მოთხოვნადი კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. დაბადების მოწმობის, პირადობის დამადასტურებელი საბუთის, ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივ მცხოვრებთ მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემთ. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში მუხაესტატეს მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები − თანასოფლელები, მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა.

 

საზოგადოებრივი ცენტრები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის. მათ საშუალება ექნებათ, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება. ცენტრში განთავსებულია გამგებლის წარმომადგენლის ოფისიც.

 

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა, რაც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას უნარ-ჩვევების განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

2013-2014 წლებში საზოგადოებრივ ცენტრებში 91 133 საჯარო სერვისი გაიცა. დღეისათვის სულ 13 ცენტრი ფუნქციონირებს. ელექტრონული მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია ყვარელწყალი/დუისის, შაშიანის, სართიჭალის, გომის, ჭალადიდის, რუისის, ხევის, კოდას, მანგლისის, ნიგოითის, ჯვრის, ფოკის და შორაპნის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) მოსახლეობას. დუისის საზოგადოებრივი ცენტრი 28 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნეს.

 

წლის ბოლომდე ცენტრები გეგუთში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), კაჭრეთსა (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) და მეჯვრისხევში (გორის მუნიციპალიტეტი) გაიხსნება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.