სიახლეები

“ხარვეზები არის“ – ინტერვიუ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერთან

07.11.2014 •
“ხარვეზები არის“ – ინტერვიუ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერთან

 

დავით ბაციკაძე
დავით ბაციკაძე

ბატონო დავით,  ვიცესპიკერის როლში რა გააკეთეთ მნიშვნელოვანი ამომრჩევლისთვის?

 

ბევრჯერ უკითხვათ ჟურნალისტებს იმაზე, თუ როგორ აისახა ჩვენ მიერ მიღებული კანონი და გადაწყვეტილებები რეგიონის მოსახლეობაზე. ჩვენდა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების მემკვიდრეობის ქვეშ ვართ. ვიდრე კონსტიტუციაში ცვლილება არ შევა სტატუსის შესახებ და რეალური უფლებები არ ექნება აჭარის რეგიონს, მანამდე ხელფეხშეკრული ვართ. ახლა ჩვენზე ვრცელდება იგივე კანონი, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამიტომ განსხვავებულს ვერაფერს ვაკეთებთ. თავმჯდომარე არის საკონსტიტუციო კომისიის წევრი და აქტიურად მუშაობს, რომ რეგიონს მეტი უფლება ჰქონდეს დელეგირებული. შეგვეძლოს თუნდაც ცალკე განათლების შესახებ კანონის ან ჩვენი დამატების მიღება. გვაქვს განათლების სამინისტრო, რომელსაც, სამწუხაროდ, სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებაში თითქმის არ აქვს ფუნქცია ზედამხედველობის მხრივ. ეს პრობლემაა.

 

 გულისხმობთ, უმაღლესმა საბჭომ მიანიჭოს გარკვეული უფლებამოსილება სამინისტროს?

 

 არა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს უფლება ამაზე ვიმუშაოთ _ იდეა, რომ ჩვენ ვწერდეთ ამ კანონებს და შემდეგ საქართველოს პარლამენტი ამტკიცებდეს მათ. საუბარია კანონზე, რომლითაც შეგვიძლია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მივიღოთ ცვლილება.

ევროპაში, სადაც ამ ტიპის მოწყობები აქვთ, კანონს თვითონ წერს რეგიონი და უგზავნის პარლამენტს –  პარლამენტი ან უკან უგზავნის, ან ამტკიცებს.

 

რამდენად ქმედუნარიანია ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო?

 

პარლამენტი, უმაღლესი საბჭო, ასეთი ტიპის დაწესებულებები ყოველთვის ნაკლებრეიტინგულია. ჩვენი საქმიანობა კანონშემოქმედებითია… მოქალაქეებს ვიღებთ, რაც არ ჩანს საერთოდ. 2014 წელს სექტემბრის ჩათვლით 6659 მოქალაქე მიიღეს უმაღლეს საბჭოში, აქედან სამასამდე მოქალაქე მე მივიღე. ამ პერიოდის განმავლობაში მიღებულია 114 ნორმატიული აქტი, აქედან 74 რეგლამენტში შევიტანეთ 15 ცვლილება და მივიღეთ 20 კანონი. ჩემი იდეა იყო, რომ რეგლამენტში ამდენი ცვლილების შეტანას ჯობდა ახალი რეგლამენტი მიგვეღო. რეგლამენტში ცვლილებების ბოლო ეტაპზე ვართ და აღარ იქნება გაურკვევლობები.

 

მაგალითად?

 

როცა უნდოდათ შემოჰქონდათ და მეორე დღეს შეეძლოთ მიეღოთ ბიუჯეტი, ვფიქრობ, ეს ხარვეზია. როდესაც მთავრობა და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთ ქნარზე უკრავდა, მაშინ არ იყო პრობლემა, ახლა ფორსმაჟორის გათვალისწინებით არ შეიძლება ბიუჯეტის მიღება. შემოტანილი ბიუჯეტის კორექტირება ერთ კვირაზე ადრე ვერ მოხერხდება… საშემოდგომო სესიაზე მივიღებთ საბოლოო ცვლილებებს. ბევრი უფლება, რაც თავმჯდომარეს ჰქონდა, ჩამოვართვით.

 

მოქლაქეები ძირითადად რა საკითხებზე მოგმართავენ?

 

ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხზე; გამოწვევად რჩება ჩვენს ხელისუფლებაში და ჩვენ შემდეგი ხელისუფლებისთვისაც დასაქმების საკითხი. რატომღაც ყველა ითხოვს დასაქმებას საჯარო სამსახურში. ზოგი აცხადებს კონკრეტულ თანამდებობას, სადაც შეუძლია იმუშაოს და აბსურდული მოთხოვნით მოდის. საგრძნობლად იკლო ჯანდაცვის პრობლემებზე მომართვებმა და რაც არის ამ მხვრივ ეხება მხოლოდ ძვირადღირებული ოპერაციების დაფინანსებას. ჯანდაცვის პრობლემები საყოველთაო დაზღვევამ მოხსნა.

 

კონკრეტული მაგალითებით მითხარით, რაში გამოიხატა თქვენ მიერ მთავრობის კონტროლი?

 

ბოლო ბიუჯეტის კორექტირებაზე უამრავი შენიშვნა გამოვთქვით, ოპოზიციასაც ჰქონდა ჩვენი გუნდის წევრების მიმართ შენიშვნები და ვფიქრობ, გაითვალისწინებენ. იგივე ცხრა თვის შესრულებაზე გვესმოდა, რომ ობიექტური მიზეზები ჰქონდა. მთავრობამ ვერ შეასრულა ბიუჯეტის ხარჯი, მაგრამ არჩევნების პერიოდი დაემთხვა, რის გამოც სხვადასხვა რეგულაცია მოქმედებდა… ამ მხრვ იდეალური სიტუაცია გვაქვს-მეთქი რომ ვთქვა, იქნება ტყუილი. კარგი იდეა ჰქონდა მთავრობის თავმჯდომარეს, რომ ჰყოლოდა უმაღლეს საბჭოში წარმომადგენელი, უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტი შეიქმნა.

 

ოპოზიციონერის პოზიციიდან შეაფასეთ რას უწუნებთ ამ უმაღლეს საბჭოს?

 

უმაღლეს საბჭოსთან მე მქონდა პრობლემები, ჩემი კოლეგები ვერ დავარწმუნე რაღაც-რაღაცებში. საბოლოოდ, რასაც ვამბობდი სწორი აღმოჩნდა. შეიძლებოდა ბიუჯეტი ყოფილიყო უფრო სოციალური, თუმცა სოციალურ პროგრამებში უფრო მეტს ვხარჯავთ. ახლა მოდის ციტრუსის სეზონი – კარგი იდეა იყო სუბსიდირება, მაგრამ ეს კარგი იდეა დროებითია და შემდეგ უნდა დავანებოთ თავი – ბიზნესი უნდა იყოს ბიზნესი. მოხდა ის, რომ შესრულების მხრივ რაღაც ვერ გავითვალისწინეთ და ადამიანებმა ფული ვერ მიიღეს. ვფიქრობ, გადაწყდება ეს საკითხი და ხალხი მიიღებს ამ თანხას. მოვიდა სეზონი და რაღაც პრობლემები ისევ გვაქვს.

 

ანუ ამ საკითხზე მთავრობამ კარგად ვერ იმუშავა?

 

იმუშავა, მაგრამ უფრო მარტივი ფორმის გაკეთება შეიძლებოდა, ფერმერსაც ნაკლები პრობლემა შეექმნებოდა. ეს ჩვენი ბრალიც არაა იმდენად, რამდენიც ცენტრალური ხელისუფლების. ვფიქრობ, ასეთი ხარვეზების გამოსწორება შეიძლება.

 

 თქვენ საუბრობთ მთავრობაზე, მე მაინტერესებს რას უწუნებთ უმაღლეს საბჭოს?

 

ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა რთული პერიოდები არაერთგზის და ისევ უდგას რთული პერიოდი. ვფიქრობ, ეს კანონშემოქმედებით საქმიანობას ხელს არ უშლის, მაგრამ რაღაც რყევები შეიძლება გამოიწვიოს. ძალიან ცუდი მომენტები იყო უსკოს კანონთან, ასევე გენო გელაძესთან (საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატი, რომელიც საბოლოოდ უმაღლესმა საბჭომ ჩააგდო _ ავტ.), ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტთან მიმართებაში.

 

უმაღლესი საბჭო უფრო კრიტიკული ხომ არ გახდა მას შემდეგ, რაც დეპუტატებს ზოგიერთი თანამდებობის პირის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მოეწონათ?

 

ბიუჯეტთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე შენიშვნები გვქონია შარშანაც. პასუხი მოგვითხოვია შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. ბიუჯეტის შესრულებაზე როცა არის პრობლემა, ჩვენც განვიცდით. მითუმეტეს, როცა მატებაა ბიუჯეტში. ვფიქრობთ საკითხების მოგვარების ეფექტურ გზებზე. მე არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც მიიჩნევს, რომ უნდა ვაპიაროთ გაკეთებული საქმეები, ამაზე მსჯელობს დეპუტატების ნაწილი. ეს საუბარი საზოგადოებას მობეზრებული აქვს. ვფიქრობ, არჩევნების წინ დავანახებთ ხალხს რა არის განსხვავება წინა ხელისუფლებას და ჩვენ შორის.

 

დააკონკრეტეთ, გახდა თუ არა უმაღლესი საბჭო მთავრობის მიმართ კრიტიკული მურმან დუმბაძის გუნდის წევრების გათავისუფლების შემდეგ?

 

 

მთავრობის წარმომადგენლების კორუფციაში დადანაშაულებამდე მივიდა საქმე. მე არ მახსენდება ამ ადამიანების [დეპუტატების] განცხადება ერთი თვით ადრე, ვიდრე ისინი [დუმბაძის გუნდის წევრები] გაათავისუფლეს. არ მახსენდება პრეტენზიები ამ ადამიანების მიმართ. კრიტიკულები გახდნენ, მაგრამ ამ კრიტიკას საფუძველი არ აქვს _ თავიანთი პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ, რაც ბოლოს გაცხადდება.

 

რას ნიშნავს თქვენთვის, როცა უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, რომ სეიფში უდევს მთავრობის თავმჯდომარის მამხილებელი დოკუმენტები?

 

ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, შესაბამისმა ორგანოებმა მასალები უნდა გამოითხოვონ. ეჭვი მეპარება რაიმე ჰქონდეს მას [დეპუტატ მედეა ვასაძეს], ეს იყო განცხადება განცხადებისთვის განაწყენებული ადამიანისგან, რომელსაც ახლობლები გაუთავისუფლეს. ამის შემდეგ იყო ბრიფინგების სერია და ვერ მოვისმინე კონკრეტული ბრალდება, რომელიც კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. სამწუხაროდ, მოვისმინე ცუდი მეთოდებით გაკეთებული ჩანაწერები, რაც წინა ხელისუფლების ქცევას ჰგავს. ეს არ მომეწონა. პრინციპში არც არაფერი იყო იქ, ფორმაა ცუდი, როცა ადამიანთან ზიხარ და მას ჩუმად იწერ.

 

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება, რაღაც დოკუმენტი მართლა არსებობს?

 

არა, რადგან კარგად ვიცნობ მთავრობის მუშაობას. ვიცი, რომ ეს ხელისუფლება ხელფასზე დამოკიდებული ხელისუფლებაა.

 

უმაღლესი საბჭოს მიერ გაწეული ხარჯები განსჯის საგანი არაერთხელ გახდა

ხარჯვით ნაწილში თანხა არ გაგვიზრდია. რაღაც ხარჯები იქნებოდა საჭირო აუცილებლად -უამრავი სტუმარი მოდის. ახალი ავეჯის შესახებ არ ვიცი, თქვენგან მესმის. თუ არის ძალიან ძვირადღირებული, სიგიჟეა, მაგრამ, ვფიქრობ, იაფიანი არ უნდა ვიყიდოთ, რაც მალე გამოვა მწყობრიდან. უნდა ვიყიდოთ ძვირადღირებული არა ფუფუნებისთვის, არამედ იმიტომ, რომ უამრავი სტუმარი მოდის.

 

მედეა ვასაძის გადაყენების საკითხს აყენებდით

 

ეს საკითხი „ნაცმოძრაობამ“ დააყენა დღის წესრიგში, თუმცა იცოდნენ, რომ  ჩავარდებოდა. ეს შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში მისი გადაყენების საკითხის დღის წესრიგში დადგომას გამორიცხავდა. სესიაზე მხოლოდ ორნი ვიყავით მომხრე `ნაცმოძრაობის~ გარდა, მათ შორის ერთი არ მოვიდა სხდომაზე. მე და გია მასალკინი ვიყავით მხოლოდ მომხრე, სულხან ღლონტი არ ესწრებოდა იმ სესიას.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ნუგზარ კეკელიძე უნდა დაგესაქმებინათ თუ არა უმაღლეს საბჭოში?

 

ვფიქრობ, არ უნდა დასაქმდეს უმაღლეს საბჭოში კეკელიძე. ის ადამიანები, ვინც ჩვენთან მუშაობდნენ, არ უნდა გაეშვათ იმის გამო, რომ კეკელიძისთვის გამოეთავისუფლებინათ ადგილი.

 

ანუ ადასტურებთ ამ ფაქტს?

 

თავენს გაზეთში წავიკითხე, რომ გათავისუფლებულები ასე მიიჩნევენ.

 

უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერის ხელფასი რამდენია?

 

4100 ლარი დარიცხვით.

გადაბეჭდვის წესი