აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის, მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლობის მსურველთათვის მაღალმთიან აჭარაში, ქვეპროგრამის, „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ ფარგლებში.
ქვეპროგრამის მიზანია მაღალმთიანი აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში დეფიციტურ საგნებში (ინგლისური ენა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერება) ვაკანსიების შევსება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი, გარდა მოქმედი მასწავლებლებისა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბუთების მიღება.
კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან: წერითი და ვერბალური (ზეპირი) ნაწილისაგან. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აჭარის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.
ქვეპროგრამის თამახმად, აღნიშნული საქმიანობისათვის პედაგოგები მიიღებენ ანაზღაურებას 2005 წლის 21 ოქტომბრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” №576 ბრძანების შესაბამისად. ასევე, შერჩეული მასწავლებლები სრულ და არასრულ თვეზე დამატებით მიიღებენ შრომის ანაზღაურებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან ერთად, პროგრამაში მონაწილეობა მათ ჩაეთვლებათ პედაგოგიური საქმიანობის სტაჟად, რაც საშუალებას მისცემს სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული განვითარების კურსებით და გაიარონ მასწავლებელთა სერტიფიცირება.