სიახლეები

ჯანდაცვის სამინისტროს 2015 წლისთვის დაგეგმილი სიახლეები

27.10.2014 • 1361
ჯანდაცვის სამინისტროს 2015 წლისთვის დაგეგმილი სიახლეები

მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში

განხორციელდება ონკოლოგიურ პაციენტთა ტარგენტული, იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებისა და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსება სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი 10 000 ლარი.

სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული   დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის საფუძველზე პაციენტი დაფინანსდება სრულად, არაუმეტეს 10 000 ლარისა.

პროგრამის ფარგლებში (შესაბამისი პროპორციების დაცვით) დაფინანსდება სამედიცინო რეაბილიტაციის (პაციენტის ფუნქციონალური, ფსიქოლოგიური შესაძლებლობებისა და კომპენსატორული მექანიზმების განვითარება) ხარჯები.

 

დაფინანსება გაიზრდება გულის ქირურგიის პროგრამის ფარგლებშიც

გაიზრდება პროგრამით დასაფინანსებელი ნოზოლოგიების რაოდენობა. დაემატება ძვირადღირებული კარდიოვერტებდეფიბრილატორის იმპლანტაციის ოპერაცია, კორონალური ანგიოპლასტიკა სამი სტენდით და ბალონური ანგიოპლასტიკა.

შეიცვალება დაფინანსების მეთოდოლოგია, კერძოდ: იმ შემთხვევაში, როცა მიმწოდებლის ტარიფი აღემატება ქვეპროგრამით გათვალსწინებულ ღირებულებას, მაგრამ პაციენტი მოითხოვს სამედიცინო მომსახურების ჩატარებას ამ მიმწოდებელთან, მაშინ მომსახურება დაფინანსდება ქვეპროგრამის ტარიფით დადგენილი დაფინანსების პროპორციებით. განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის ფარავს პაციენტი. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო მომსახურების ღირებულება ნაკლებია პროგრამით გათვალისწინებულ ტარიფზე ზემოაღნიშნული პროპორციებით განსაზღვრული მაჩვენებლები გაითვლება სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ღირებულებიდან.

გაიზრდება პროგრამით დასაფინანსებელი ნოზოლოგიების ტარიფი (სამკურნალო დაწესებულებებიდან მოწოდებული ტარიფების საფუძველზე განსაზღვრული საშუალო ფასი, მიახლოებული მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ლიმიტთან).

შეიცვლება (მოიმატებს) პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების პროპორციები კერძოდ, 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსდებათ დამტკიცებული  ტარიფის – 90 %–ით.

ყველა სხვა კატეგორიის პაციენტს, პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსდებათ დამტკიცებული  ტარიფის – 80 %–ით. (წინა  წლეების პროგრამით უფინანსდებოდათ –70%).

ვეტერანებს პროგრამით  გათვალისწინებული  მომსახურეობა დაუფინანსდებათ სრულად პროგრამით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში. (წინა წლეების პროგრამით აღნიშნული გათვალისწინებული არ ყოფილა).

სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამის ფარგლებში

შეიცვალება დაფინანსების მეთოდოლოგია, კერძოდ: პროგრამის ფარგლებში  მკურნალობა დაფინანსდება: 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის ფაქტიური ხარჯის 90 %-ით.

სხვა ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000–დან  200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილეები; ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი  ოჯახის წევრები) დაფინანსდებიან  ფაქტიური ხარჯის 80%-ით.

სხვა დანარჩენი მოქალაქე დაფინანსდება  70%–ით  (სხვა დანარჩენი მოქალაქის დაფინანსება 2014  წლის პროგრამით გათვალისწინებული არ ყოფილა).

პროგრამით დაფინანსების ზღვრული თანხა შეადგენს 4 000 ლარს. მკურნალობის ღირებულების დარჩენილი ნაწილი დაიფარება პაციენტის მიერ.

 

მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამის ფარგლებში:           

მოიმატებს პროგრამით გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების რაოდენობა (მცირე მენჯის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით და კონტრასტის გარეშე, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები ანესთეზიით).

შეიცვლება პროგრამით გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების ტარიფები.

გადაბეჭდვის წესი